კაცობრიობა ნეოკოლონიალიზმის ყულფში
თანამედროვე რეალობაში, ანუ ჩვენს აწმყოში, ვითარება საკმაოდ დაძაბულია და გლობალური ესკალაციის ტემპერატურა ძლიერ მატულობს. როგორც ვხედავთ მიმდინარეობს გავლენის სფეროებისა და ძალთა გადანაწილების აგრესიული პროცესი (ერთი შეხედვით ასე სჩანს, თუმცა შესაძლოა ყველაფერი დაწერილი და ურთიერთ–შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობდეს) რომლის მეშვეობითაც საცდელი ლაბორატორიის პირუტყვებად სურთ ადამიანთა გამოყენება.
სადღეისოდ, ჩვენს პლანეტაზე ორი ჰეგემონისტი კოლონიზატორი ბობოქრობს: ა.შ.შ. და რუსეთი; ორივე მონსტრს იმპერიალისტური და დამპყრობლური ზრახვები ამოძრავებს, განსხვავება მხოლოდ ძალმომრეობის ფორმებსა და ხასიათებშია, თორემ მიზანი და მოტივაცია აბსოლუტურად ერთი და იგივეა! რუსეთი ეთნიკური ნიშნით მოქმედებს, ვითომ და საკუთარ ნაციას მზრუნველობით იცავს ნეო–ფაშისტური მახვილისგან და სწორედ ამ კუთხით ეწევა საკუთარი პოლიტიკის დეკლარირებას, ხოლო ა.შ.შ. დაჩაგრულ ერებზე "სწუხს" და მათი ეკონომიკური და სოციალური "განვითარება" სურს ვითომ და დემოკრატიზაციითა და ლიბერალური ფასეულობების დანერგვით, რომელსაც თურმე ყველაზე უფრო ტერორიზმი აფერხებს (ხელოვნურად შექმნილი მტრის ხატი, იმისათვის რათა საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაცია გაამყარო) მაშინ როცა მხოლოდ ენერგო მატარებლებისა და რესურსების მონოპოლიზაცია ანაღვლებს. ამ ალიაქოთსა და მსოფლიო ქაოსში კი იჭყლიტებიან მცირე ერები, რომელთაც მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და მსხვილი კრედიტორი დონორები აფინანსებენ, მეგობრობის ეგიდით, ტექნიკურად ადებენ საშვილთაშვილო ვალს და მძევლად აქცევენ თითეულ სუბიექტს. ამ ბინძურ ორომტრიალსა და პოლიტიკურ რბოლაში კი არ არსებობენ ნამდვილი გულშემატკივარები, არამედ მუდმივი სახელმწიფო და პირადი ინტერესები. თითქმის ყველა თავისი სტომაქისა და პატივმოყვარული ამბიციებისათვის იბრძვის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებში, აბსურდის თეატრსა და ტოტალური სიცრუის ბალ–მასკარადში. აპოკალიპტური ისტერიისაგან შორს ვარ, არც მოვლენათა დრამატიზირებას ვახდენ და არც ანარქისტული იდეები არ მასულდგმულებს, უბრალოდ ვციდლობ, რომ რეალობა ობიექტურად დავინახო, რა თქმა უნდა ჩემი დიაპაზონის პრიზმაში და სწორედ ამიტომაც ამ "ანალიზს" არავის არ ვახვევ თავს.
რაც შეეხება მუდმივად აღშფოთებულ ბებერ კონტინენტსა და გაზსადენზე გაწოლილ ევროპულ ცივილიზაციას, ვფიქრობ, რომ მან უკვე დიდი ხანია რაც საკუთარ ფესვებსა თუ დიად გენეტიკას (ბერძნულ ფილოსოფიას, რომაულ სამართალსა და ქრისტიანობას) უღალატა და დაკარგა ქმედითი ავტორიტეტი. პირველ რიგში მორალური და კულტურული თვალსაზრისით, რაც ბუნებრივად აისახა კიდეც მის დღევანდელობაზე. ის უკვე აღარ არის დომინანტი და წონადი, მისი ცივილიზაცია მსახურის როლში ჩადგა თეთრი სახლის "მისტერებთან". ეს არის ევროკავშირის ამჟამინდელი "მისტერ-იაც" – იყოს მორჩილი ლაქია, მკვირცხლი მზარეული ბატონის კარზე და იქადოდეს მხოლოდ წინაპართა მემკვიდრეობით.
მარაზმია გაეროც, ნატოც, ევროკავშირიც, ეუთოც და სხვა დანარჩენიც. შესაძლოა ცოტა ნიჰილისტურად ვმჯელობდე, მაგრამ ჩემი გულგატეხილობის მიზეზს დასავლური სირაქლემას პოზა და ქვიშაში სტაბილურობის ძებნა მაიძულებს. ამგვარი ფარისევლობა, პოლიტ–პროსტიტუცია და ორმაგი სტანდარტები მათაც კრიზისს უქადის და ჩვენნაირ მცირე ერს კი სრულ ლიკვიდაციას (ღმერთმა დაგვიფაროს).
შეშლილ დრამატურგ–რეჟისორთა თეატრი ჩვენს ცხოვრებას სპექტაკლად გვიქცევს, ხოლო სიცოცხლეს კი მაცხოვრის კვნესად.
არაფერია ცისქვეშეთში ახალი და გაუგონარი. სამყაროში ოდითგანვე მოქმედებს ორი კანონი: ძალა და უსამართლობა, რომლის ფონზეც კაენი ყოველთვის დასდევს აბელს მოსაკლავად. "ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (I ინ. 5,19). ყველაფერი კანონზომიერია, ამიტომაც თავისუფლება, მხოლოდ ღმერთშია, რადგან ის მისი შექმნილია და მისგან მომდინარე საბოძვარია და არა ადამიანური შემოქმედების ნაყოფი. სამწუხაროდ, უფალსაც ვერ ვესავთ სათანადოდ და აქა–იქ, ისიც თითქმის და ნომინალურ ქრისტიანებად დავრჩით.
ქართულ სივრცეში კი ამ ყველაფერთან ერთად ფიქსირდება მეტად უცნაური და პარადოქსული ტენდენციაც: – თუ ხარ კონსერვატიული შეხედულებების, ცხოვრობ ეკლესიურად, იცავ ქრისტიანულ ღირებულებებს, პატივსცემ ოჯახის ტრადიციულ ფასეულობებს, ე.ი. ბნელი, "არაადეკვატური, არარელევანტური და რეტროგრადული" წარმონაქმნი ხარ. ხოლო, სამაგიეროდ თუ გარყვნილებას ნორმად მიიჩნევ, მაშინ პროგრესისაკენ მიემართები და თანაც მოაზროვნე ერუდიტად ითვლები. ამასთან, თუ დასავლურ სამყაროში (დადებითთან ერთად) არსებულ გარკვეულ უკეთურებას ხედავ, უბრალოდ თუკი მარტოოდენ ფაქტის კონსტატირებას ახდენ, მაშინვე "რუსეთუმეობას" დაგწამებენ, ხოლო თუ ქრისტეს პიროვნებას მოსიყვარულედ და არა ჯალათად წარმოაჩენ, ამ შემთხვევაში "ურწმუნო ლიბერალის" იარლიყი გაქვს შუბლზე. საოცარი საზოგადოება ვართ! ვაშა! ცინიზმის აპოთეოზი!
ამჟამად, მატერიალისტურ და გაციებულ სამყაროში, ადამიანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია. ასეთი ადამიანები კი ამას იმიტომ ამბობენ, რომ სინამდვილეში თავად არიან ყველაფერზე წამსვლელნი ფულის გულისათვის. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა ამიტომაც გვჭირს ის, რაც გვჭირს.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ ცხოვრების მანძილზე, ადამიანის პიროვნებად ფორმირებასა და ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს ოჯახი და შესაბამისად მისი გენეტიკური ბაზისი. შვილი მშობელთა ღირებულებებისა და ზნე-ხასიათის ანარეკლია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა ღვთის მადლით ხდება ხოლმე მანკიერებათა წარხოცვა და მემკვიდრეობით მიღებული მავნე ჩვეულებების ანულირება, თორემ, ზოგადად, როგორც დიდი შოთა რუსთაველი ხატოვნად ამბობს: "კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდებისო" - ეს ეჭვგარეშეა. მართალია ცოდვა არ გადადის შთამომავლობით, მაგრამ ცოდვისმიერი მიდრეკილებები, ფსიქო-სომატურ და ბიოლოგიურ ასპექტში ნამდვილად გადაეცემა მომდევნო თაობებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თითოეულ ჩვენგანს უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავლის კაცობრიობისა და ზოგადად უფლისა და მოყვასის წინაშე. ოჯახის სიწმინდის დაცვით კი გარკვეულწილად მაინც შევძლებთ და შევაფერხებთ ზემოთ ნახსენებ პრობლემათა მთელ წყებას. ასე, რომ ვერიდოთ პირუტყვიზმსა და მგრძნობელობითი თუ ქვედამზიდველი ინსტენქტებით ცხოვრებას და ვიყოთ ზნესრულნი ქრისტეში მადლის მიერ.
კიდევ ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ აღარ შეგაწყენთ, რადგან გალაქტიონისა არ იყოს "ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!"
P.S. გამოსაფხიზლბლად და სანუგეშოდ იმას ვიტყოდი, რომ ჩვენი მარადიული სამშობლო ზეცაშია და მას უნდა ვესწრაფოდეთ წმინდა გულითა და წრფელი სულით, რადგან დედამიწა ისეთივე დროებითი და ამავე დროს საგამოცდოთ მოსამზადებელი, აბიტურიენტის სარბიელია, რომ მეცადინეობის გარეშე უმაღლესში ვერ მოვხვდებით. მეცადინეობა და სწავლა კი მხოლოდ სულიერ უნივერსიტეტში, ანუ ეკლესიაშია შესაძლებელი, მის მიღმა ვინც დარჩენილა, სისტემური ცოდნა და დიპლომი არავის აქვს, ამიტომ შევეყუჟოთ დედა ეკლესიას ისევე როგორც ბარტყი თავისი მშობლის ფრთებს.
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი,
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.