ვალერი კვარაცხელია:-"საარჩევნო ნიჰილიზმიდან პოლიტიკური ორგანიზებულობისკენ!"

ვალერი კვარაცხელია:-"საარჩევნო ნიჰილიზმიდან პოლიტიკური ორგანიზებულობისკენ!"

   ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ "საქართველოში საარჩევნო ნიჰილიზმია" და ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირებულია. ის ამ თემას ფეისბუქ-სტატუსით ეხმიანება, რომელიც იმდენად აქტუალურია, რომ "ივერიონი" სრულად სთავაზობს თავის მკითხველს.

საარჩევნო ნიჰილიზმიდან პოლიტიკური ორგანიზებულობისკენ!

 

საქართველოში საარჩევნო ნიჰილიზმია. ამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვენებელი 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შემაშფოთებლად დაეცა. უმიზეზოდ არაფერი ხდება...

 

ამომრჩეველი აქტიურდება მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგად მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდება, პასიურობს მაშინ, როდესაც დარწმუნებულია, რომ არჩევნები არაფერს შეცვლის...1992 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასწრება იმიტომ იყო მაღალი, რომ "ქართული ოცნება" ხალხს პრინციპულ ცვლილებებს ჰპირდებოდა. 1993 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც ხალხმა მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნია, ვინაიდან ჯერ კიდევ არსებობდა "ნაციონალური" რევანშის საშიშროება. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩევნებს ზურგი აქცია. ეს ტენდენცია შენარჩუნდა არჩევნების მეორე ტურშიც. "ნაციონალური" რევანშის თეორიული საშიშროება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც არსებობდა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა (უკვე, უმრავლესობამ) ამას გულგრილად შეხედა...

 

საქმე ისაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" წელიწადნახევარში მოახერხა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია, რის გამოც ამომრჩეველთა ანგარიშგასაწევი რაოდენობისთვის სულერთი გახდა ვის აირჩევდა თუნდაც თბილისის მერად, - "ნაციონალების" წარმომადგენელს თუ "ქართული ოცნების წარმომადგენელს. ეს საშიში ტენდენციაა, მაგრამ ეს, ამავე დროს, რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით...

 

ზოგიერთები კვლავ ალაპარაკდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ერთის მხრივ, მესმის მათი, ვინც ასეთი ინიციატივით გამოდის, ვინაიდან საქვეყნო საქმე ყოველდღიურად უკან-უკან მიდის, მაგრამ მეორეს მხრივ, არც მესმის მათი, ვინაიდან რა შედეგს უნდა ელოდე არჩევნებისგან, თუკი არჩევანი ისევ მათ შორის უნდა გააკეთო, ვინც უკვე არჩეული გყავს?! სად არის ახალი და განსხვავებული პოლიტიკური ძალა?! მოდით, შევქმნათ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც პრინციპულად და თვისებრივად განსხვავებული მსოფლმხედველობა, ორიენტაცია და მიზნები ექნება და, რომელიც უელსიდან "მაპის" ჩამოტანის იმედით ან ევროპასთან ასოცირების აბსურდით კი არ გააბრუებს მოსახლეობას, არამედ იმავე მოსახლეობასთან ერთად შეეცდება მსოფლიოში არსებული რეალობის გაცნობიერებას და ამ რეალობის შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ყველა სხვა შემთხვევაში, ერთიხელ კი არა, ათასჯერაც რომ ჩავატაროთ არჩევნები, შედეგით მუდმივად უკმაყოფილო დავრჩებით, ვინაიდან არავითარი მნიშვნელობა არ ექნება თუ რა სახელისა და გვარის ადამიანები გვამყოფებენ დასავლური პოლიტიკური სიცრუისა და თაღლითობის ტყვეობაში, შეუსრულებელ დაპირებათა ძილ-ბურანში და დემოკრატიული სამოთხის მირაჟში... იმ არჩევნებით, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობდნენ და გვთავაზობენ მხოლოდ გვარების შეცვლა მოხერხდება, მაგრამ სიტუაციისა - ვერავითარ შემთხვევაში!

 

ქართველი ხალხი არც ნიჰილიზმში უნდა ჩავარდეს და არც ქრონიკული არჩევნების ხიბლში. ის ჯერ შინაგანად უნდა ჩამოყალიბდეს თუ რა უნდა და რა მიზანს ისახავს, შემდეგ კი უნდა გამოკვეთოს ლიდერი და დასახოს ამ გზასთან მისასვლელი ორგანიზაციული გზები. ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველოში არ გამოილევა ათასი ჯურის "მესია" და "მამა-მარჩენალი," რომელიც ხალხის გაბრიყვების გზით ხალხის ცხოვრებას მუდმივად გააუარესებს და საკუთარ ცხოვრებას მუდმივად გააუმჯობესებს..."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: