სალომე კაპანაძე:-"დავით დარახველიძე სერიოზული საკადრო შეცდომა იყო"
მინისტრთა კაბინეტში განხორციებულ ცვლილებებს ორგანიზაცია "აფხაზეთი ჩემი სახლია"-ს დამფუძნებელი სალომე კაპანაძე ეხმაურება და "ივერიონთან" საუბარში ამბობს:
-"ამ საკადრო ცვლილებებმა დამარწმუნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისათვის საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანი ყოფილა. ასეთი მიდგომა მას შეაძლებინებს მმართველ გუნდს ხალხის მსახურის თვითშეგნება ჩამოუყალიბოს. მე თითქმის 2 წელი ვცდილობდი მიმენიშნებინა წინა და ახლანდელი პრემიერებისთვის, რომ დავით დარახველიძე სერიოზული საკადრო შეცდომა იყო. მინისტრი, რომელიც მოსვლისთანავე 14 დევნილს გააძევებს სამინისტროდან, მათ შორის ომის ვეტერანებს, გულმოწყალებისა და ჰუმანურობის პრობლემა აქვს. ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე უფრო ჭირდება ამ სამინისტროს ხელმძღვანელს. სოზარ სუბარს სწორედ ამ თვისებების გააქტიურებას ვუსურვებ. იმედს ვიტოვებ, რომ საკმარისი პატიოსნება და მართვის გამოცდილება აქვს, რათა დარახველიძის შეცდომები არ გაიმეოროს. მე კი იმის უფლებას ყოველთვის დავიტოვებ, შევახსენო, რომ საქმე საკუთარი წარსულიდან გამოძევებულ ადამიანებთან აქვს, რომელთაც ყველაზე მეტი გაიღეს ქვეყნისთვის და განსახლებისა და ჩასახლების გარდა მათ ღირსებას მოთმინებით უნდა გაუფრთხილდეს".