გაიღება თუ არა ყველა ციხის კარი?!

გაიღება თუ არა ყველა ციხის კარი?!

საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება თავის მოღვაწეობას სამართლიანობის აღდგენით დაიწყებს და უკანონოდ იზოლირებული პატიმრები ციხეებიდან უმოკლეს დროში განთავისუფლდებიან.


ცხადია, ასეთი მოლოდინი გადაჭარბებულია და იგი უფრო სურვილის სფეროს განეკუთვნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ნაცხელისუფლებამ" საქართველო საპატიმროებად აქცია, ბუნებრივია, ბევრი უკანონო პატიმარი კანონიერ  თავისუფლებას ელოდება, მაგრამ ახალ ხელისუფლებას, რაც უნდა დიდი სურვილიც ჰქონდეს, ამას ერთი ხელის მოსმით ვერ გააკეთებს. რაც შეეხება ე.წ. სააკაშვილის "პირად პატიმრებს", რომლებიც თავიანთი ქონების მსხვერპლნი გახდნენ და თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით არიან თავისუფლებაღკვეთილნი, მათი რეაბილიტაცია ალბათ, უფრო გაადვილდება. იგივე ითქმის პოლიტიკურ პატიმრებზეც.


როგორც ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ქ-ნმა ეკა ბესელიამ  ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "საქართველოს ციხეებში ფართო ამნისტია დაიწყება და ეს უპირველესად არასრულწლოვნებს, პატიმარ ქალებს და ნარკოტიკის მომხმარებლებს შეეხებათ."


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს საპატიმროებში ათასობით უკანონო პატიმარი იხდის სასჯელს, მათი საქმეების გადახედვა უმოკლეს დროში პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, იმის ილუზია, რომ ყველა ციხის კარი გაიღება და პატიმრებს განურჩევლად იმისა, ვინ რა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, გარეთ გამოყრიან, არ უნდა გვქონდეს!


გარდა კეთილი ნებისა, ახალ ხელისუფლებას პრიორიტებების შერჩევაც მოუწევს _ მხედველობაში გვაქვს ის, თუ რა პრინციპით უნდა დაჩქარდეს ამა თუ იმ კატეგორიის პატიმართა საქმეების გადახედვა და მათი დროულად რეაბილიტაცია.


თუმცა, ფართო ამნისტია არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ  კრიმინალები და უდანაშაულონი თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ და ყველანი გარეთ გამოვუშვათ. ამ შემთხვევაში როგორც აჩქარება, ისე აბსოლუტური ტოლერანტობაც არ ივარგებს. ეს ისევ და ისევ ბუმერანგივით დაუბრუნდება ხელისუფლებას!


 საპნის ბუშტივით ქრება "ნაციონალების" დაანონსებული მუქარაც, რომ "ქართული ოცნება" კრიმინალური ავტორიტეტების, ე.წ. "კანონიერი ქურდების" შემოყვანას შეუწყობს ხელს და ამით აპირებს ქვეყანაში "წესრიგის" დამყარებას.


წესრიგი არა კრიმინალებმა და ქურდებმა, არამედ სამართლიანმა სასამართლო სისტემამ უნდა დაამყაროს, რომლის უზრუნველყოფას ახალი ხელისუფლება გვპირდება.
ასე, რომ, ლოზუნგი _ "თავისუფლება უკანონო პატიმრებს!" დღესაც აქტუალურია.  ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დროულად და სამართლიანად მოახერხებს ამას "ნაცების" მემკვიდრე _ "ქართული ოცნება".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: