ორხელისუფლებიანობა საქართველოში და "ხანგრძლივი" და დამუხტული ერთი წელიწადი

ორხელისუფლებიანობა საქართველოში და "ხანგრძლივი" და დამუხტული ერთი წელიწადი

"ნაციონალური მოძრაობა" უტიფრად აცხადებს, რომ მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისა, ისევ მკვდრეთით აღდგება და ხელისუფლებას დაიბრუნებს.
ცხადია, საპარლამენტო ოპოზიციას აქვს უფლება იბრძოლოს სახელისუფლებო ბარკეტების ხელში ჩასაგდებად, მაგრამ რამდენად აქვს ამის უფლება "ნაცმოძრაობას" სხვა საკითხია.


დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობის პირობებში ცხოვრობს, რომ სააკაშვილის გუნდისგან რევანში გამორიცხული არ არის, რომ ისინი ამისთვის საგანგებოდ ემზადებიან და საჭირო დროს ეძებენ, პრეზიდენტს აქვს ყოველგვარი ბერკეტები იმისათვის, რომ ჩიხში შეიყვანოს ახალი ხელისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს და ა.შ. და ა.შ.


ბუნებრივია, ამ ვერსიებს აქვთ არსებობის უფლება, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა კონსტიტუციური უფლებამოსილებით "კბილებამდე შეიარაღებული" პრეზიდენტი ერთ მხარესაა თავისი დამარცხებული, მაგრამ რევანშისთვის გამზადებული გუნდით, ხოლო მეორე მხარესაა გამარჯვებული კოალიცია, რომელსაც ჯერჯერობით ხელისუფლება ბოლომდე არც გადაუბარებია.


ბევრს საეჭვოდ ეჩვენება დემოკრატიის მანტიაში გახვეული სააკაშვილის განცხადებები, რომ იგი მზად არის ყოველგვარი რყევების გარეშე გადააბაროს სახელისუფლო ბერკეტები "ქართულ ცონებას, რომ ისინი ადვილად შეეგუენ დამარცხებას და მზად არიან მხოლოდ არჩევნების გზით იბრძოლონ ხელისუფლებაში მომსასვლელად.


საქმე იმაშია, რომ, როგორც არ არსებობს ნახევრად ორსული ქალი, ისე არ არსებობს ნახევარი ხელისუფლება. არადა, საქართველო დღეს სწორედ ამ რეალობაში იმყოფება. წესით და კანონით, ყველაფერი დამოკიდებულია პრეზიდენტის კეთილ ნებაზე _ კონსტრუქციულად ითანამშრომლოს საპარლამენტო უმრავლესობასთან და ხელი შეუწყოს ახალ მთავრობას ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება, ან...


მართალია, სააკაშვილი სიტყვით კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე საუბრობს, მაგრამ საქმით საპირისპიროს აკეთებს. ამის დასტურია პრეზიდენტის რწმუნებულების სახელდახელოდ დანიშვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო რეგიონული პრინციპითაა დაყოფილი, პრეზიდენტის გუნდის დომინირება არანაირად არ აძლევს ხელს ახალ მთავრობას ადგილებზე განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება. მით უმეტეს, მერებისა და გამგებლების დანიშვნის პრეროგატივა ისევ პრეზიდენტის განკარგულებაში რჩება.


მიუხედავად იმისა, რომ ხალხი რადიკალური ცვლილებების მოლოდინშია, ვეჭვობ, ახალმა მთავრობამ არსებითი ნაბიჯების გადადგმა შეძლოს, ამას არც პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი გუბერნატორები (თავიანთ მერებიან-გამგებლებიანად) შეუწყობენ ხელს. ისინი ყოველთვის ეცდებიან თავიანთი მზაკვრული გეგმების ნაწილი ახალი ხელისუფლების უუნარობას გადააბრალონ და ხელი "ქართული ოცნებისკენ" გაიშვირონ.


ერთი სიტყვით, ქვეყანაში სერიოზულად დგას ერთი კაცის _ პრეზიდნეტ სააკაშვილის პრობლემა. როგორც ვთქვით, ყველაფერი მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული _ ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს თუ მზად არის სიტუაციის ასარევად.


საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, საქართველომ ფრიადზე ჩააბარა დემოკრატიის გამოცდა, რამაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების თეორიული შანსი გააჩინა. თუმცა აქსიომაა, რომ მოპოვებულს შენარჩუნება სჭირდება. ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა იგივე საერთაშორისო თანამეგობრობა (უპირველესად, აშშ) ორხელისუფლებიანობის არსებობის პირობებში კონსტრუქციული თანამშრომლობის გარანტი პრეზიდენტსა და ახალ უმრავლესობას შორის.


სასურველია, სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადა მშვიდობიანად დაასრულოს და ქვეყანაში დასაბამი მიეცეს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პრაქტიკას, მაგრამ არსებული კითხვის ნიშნები რომ გაქრეს გარკვეულ კომპრომისზე წასვლა აუცილებელია. უპირველესად სააკაშვილმა უარი უნდა თქვას (ყოველ შემთხვევაში ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რაღაც ფორმით მაინც უნდა შეჩერდეს) პრეზიდენტის რწმუნებულის (გუბერნატორის) ინსტიტუტზე და მერებისა და გამგებლების დანიშვნის ფუნქცია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში უნდა გადავიდეს _ ისინი ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ პრემიერის და არა პრეზიდენტის წინაშე. ამით სამართლიანობაც აღდგება და პრემიერს ხელ-ფეხი გაეხსნება ეფექტურად განსაზღვროს ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და სრული პასუხისმგებლობა აიღოს სამეურნეო შედეგებზეც. ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტის ქოლგას ამოფარებული ე.წ. გუბერნატორები და მერ-გამგებლები.


ასევე, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სასურველი იქნება პრემიერ-მინისტრს რეგიონებში ჰყავდეს საკუთარი რწმუნებულები, რომლებიც ადგილზე გააკონტროლებენ არსებულ ვითარებას და გუბერნატორებისგან განსხვავებით, უფრო მაკოორდინირებლის ფუნქციას იკისრებენ.


მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ისედაც მიტაცებული აქვს აბსოლუტური უფლებები და ქვეყნის ნორმალურად ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე, ცოტა რომ "ჩამოვაჭრათ" ვენები არ უნდა გადაიჭრას! ოღონდ, ეს კონფრონტაციის მიზეზად არ უნდა ვაქციოთ. რაც შეეხება საზოგადოებაში მოარულ ხმებს, რომ "ნაციონალების" ნაწილი (უპირველესად მაჟორიტარული პრინციპით არჩეულ დეპუტატებზეა საუბარი) ივანიშვილის "ნავში" გადასხდომას აპირებს და "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობაც ეყოლება, ჯერ მხოლოდ სურვილის დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა ასეც რომ მოხდეს, საკმაოდ ფაქიზი და დაბალანსებული პოლიტიკის გატარებაა საჭირო, სიტუაცია ჩიხში რომ არ შევიდეს.


ორხელისუფლებიანობა ცუდია, მაგრამ რეალობაა. მთავარია, შეცდომები არ დავუშვათ და არჩევნების მონაპოვარი ღირსეულად დავიცვათ. ამას ქვეყნის ინტერესებზე ფიქრი გვავალდებულებს. ასე რომ, წინ ერთი "ხანგრძლივი" და დამუხტული წელი გველოდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: