გიგი უგულავა:-"ივანიშვილმა ყველა დასაშვები წითელი ხაზი გადაკვეთა"
მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას გიგი უგულავა ეხმიანება და ამბობს:
"პროკურატურის განცხადება რომ პოლიტიკური მანიფესტია, ეს სკოლის მოსწავლეებსაც ესმით. როგორც ჩანს პროკურატურა აცნობიერებს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება ტელეიმედისა და რიყის ეპიზოდში სრული ფიასკოთი დამთავრდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამჯერად პროკურატურის სამიზნე არც მე, არც კეზერაშვილი, არც მერაბიშვილი და არც ადეიშვილი არ არის. ფაქტია, რომ ივანიშვილის დაუოკებელ სურვილ წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისათვის ნებისმიერ ფასად ბრალის წაყენება და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოპოვება, ხოლო ამის შემდეგ მისი წითელ ცირკულარზე დასმა, რომ მას შეეზღუდოს საერთაშორისო აქტივობა.
ცხადია, რომ ივანიშვილის გარდა ეს ყველაზე მეტად მის დაუძინებელ მტერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუხარდება. შუა საუკუნებრივ სტილში ივანიშვილმა თავის იმპერატორს ძღვენი მიართვა. ბრალდება იმდენად ზერელე და აბსურდია, მისი განხილვა საზოგადოების მოცდენა იქნება. უფრო მნიშვნელოვანია ის გეოპოლიტიკური თამაშები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებს და განკარგავს ქვეყნის ბედს. ივანიშვილმა ხალხისგან ფარულად მიიღო გადაწყვეტილება რომ პუტინსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გავლებულ ხაზზე, პუტინის მხარე დაიჭიროს, მაშინ როცა ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. მან ყველა დასაშვები წითელი ხაზი გადაკვეთა, დაუწყო ბრძოლა საკუთარ ხალხს და ქვეყნის ისტორიას. ეს ბრძოლა ძირშივე განწირულია მარცხისათვის, ხოლო ჩვენი ყველა პატრიოტული ძალის მიზანია ეს ყველაფერი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავატანინოთ ქვეყანას".