დაიჭერენ თუ არა კახა ბენდუქიძეს და კობა ნაყოფიას
ქართველ მაღალჩინოსანთაგან წარსულში ჩადენილი უკანონობის გამო არაერთს მოეთხოვება პასუხი. შესაძლოა მათ შორის კახა ბენდუქიძე და კობა ნაყოფიაც აღმოჩნდნენ. მათი სახელი არაერთ უკანონობას უკავშირდება. მათ შორის საქართველოში ოქროს წარმოების ხელში ჩაგდებას. "ივერიონი" გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, თუ როგორ მოახერხა ბენდუქიძე-ნაყოფიას ჯგუფმა ოქროს წარმოების სრული ციკლის დაპატრონება.
ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, მულტიმილიონერი კობა ნაყოფია საქართველოში 2005 წელს გამოჩნდა. ის რუსეთში კახა ბენდუქიძის მეგობრად და ბიზნეს-პარტნიორად ითვლებოდა. ბენდუქიძემ ნაყოფია საქართველოში მაშინ ჩამოიყვანა, როცა იგი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.
ნაყოფია-ბენდუქიძემ დიდი მარიფათი გამოიჩინეს - მათ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ნაწილი ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში. ნაყოფია სახელმწიფო აუქციონებსა და ტენდერებში მონაწილეობდა, კახა ბენდუქიძე და რუსი ბიზნესმენი გენერალოვი კი ჩრდილში რჩებოდნენ, თუმცა შეძენილ ქონებასაც და მოგებასაც თანაბრად ინაწილებდნენ. ერთ დროს ხელისუფლების ფავორიტმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ, ს/ს "მადნეულის" 97 პროცენტი 40 მილიონად იყიდა. ამ კომპანიის ყიდვა, თურმე, ბადრი პატარკაციშვილსაც უნდოდა და ეკონომიკის სამინისტროში მისმა კომპანიამ "ენერგოინდუსტრია-კომპლექტმაც" მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ამ დროს ბენდუქიძე სახელმწიფო მინისტრი იყო, ეკონომიკის მინისტრი კი-ნაყოფიას კლასელი ირაკლი ჩოგოვაძე. აღნიშნული კომპანიის შეძენაში ბადრი პატარკაციშვილი 36 მილიონ დოლარს იხდიდა, ხოლო ნაყოფიას კომპანია "პრომინვესტორი" - 35 მილიონს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩოგოვაძემ ფარულად გახსნა "ინდუსტრია-კომპლექტის" პაკეტი, ნახა პატარკაციშვილის სატენდერო პირობები და ბენდუქიძე-ნაყოფიას აცნობა. იმავე დღეს "პრომინვესტორმა" ახალი პაკეტი შეიტანა სამინისტროში. როცა ტენდერი ჩატარდა, "პრომინვესტორმ"" გაიმარჯვა - ის 4 მილიონით მეტს იხდიდა "მადნეულის" 97 პროცენტში. აი, ასე გააცურეს პატარკაციშვილი.
საინტერესოა, რომ ნაყოფიას ამ 40 მილიონში "კვარციტის" აქციათა 50 პროცენტიც ერგო - "მადნეული" სწორედ "კვარციტის" წილის ნახევარს ფლობდა. არადა, "მადნეულის" შეძენა, თანაც გაცილებით უკეთესი პირობებით, უკრაინულ, ამერიკულ, გერმანულ, იტალიურ და სამ ბრიტანულ კომპანიას სურდათ. თუმცა "ბენდუქიძემ და კომპანიამ" რეალურ ინვესტორებსა და იმჟამად ხელისუფლების არც თუ მორჩილ პატარკაციშვილს უსიტყვოდ მორჩილი ნაყოფია არჩია.
ამის შემდეგ კობა ნაყოფიამ უკვე "ეროვნული ზარაფხანა" ჩაიგდო ხელში. ესეც ჩოგოვაძისა და ბენდუქიძის მინისტრობისას მოხდა. რადგან "ეროვნული ზარაფხანა" სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტი იყო, მისი გაყიდვა ბენდუქიძეს არ შეეძლო, ამიტომ "საიუველირო ნაწარმის ქარხანა" დაარქვა - "ეროვნული ზარაფხანა" ამოვარდა სახელწოდებიდან და ობიექტს სტატუსიც მოეხსნა.
2006 წლის მაისში გაიმართა "ზარაფხანის" აუქციონი, რომელშიც ისევ ნაყოფია და პატარკაციშვილი დაეჯახნენ ერთმანეთს. ნაყოფიამ ტენდერამდე ერთი კვირით ადრე დააფუძნა კომპანია "გოლდ ინვესტი", სასწრაფოდ 2 მილიონი დოლარი აიღო სესხად "საქართველოს ბანკიდან" და ასე მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ცხადია, "გაიმარჯვა"და "ზარაფხანა" 2 მილიონ 40 ათას დოლარად ჩაიგდო ხელში. არადა, ეკონომიკის სამინისტრომ წინა წელს "ეროვნულ ზარაფხანაში" აუდიტი ჩაატარა და მისი ქონება 40 მილიონ დოლარად შეფასდა. ნიშანდობლივია, რომ ტენდერის ჩატარების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროდანაც იმჟამინდელი პრემიერის - ზურაბ ნოღაიდელის ოფისიდანაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური სამსახურიდანაც აუდიტის დასკვნა გაქრა. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბენდუქიძის ნამოქმედარიაო.
ორიოდე სიტყვით იმ ქონებაზეც მოგახსენებთ, 2 მილიონ 40 ათას დოლარად რომ მოიხელთეს ნაყოფიამ და მისმა მაფიოზმა ოლიგარქებმა. "ზარაფხანა" დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს: 4-სართულიანი შენობა, დამხმარე სათავსო-ნაგებობები, ასამდე უნიკალური, ძვირადღირებული დაზგა-მაგიდა, 8 მილიონი დოლარის ოქროსა და ძვირფასი თვლების მარაგი, რომელიც "მხედრიონის" პირობებშიც კი ხელუხლებლად დარჩა "ზარაფხანაში", და კიდევ "ზარაფხანის" კუთვნილი 30 ათასი კვ.მ მიწა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე; მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წელს 1 კვ.მ მიწის მინიმალური ფასი 230 დოლარი იყო. თუ 30 ათას კვ.მ-ს 230 დოლარზე გავამრავლებთ აღმოჩნდება, რომ მარტო მიწა 6 მილიონ 900 ათასი დოლარი ღირდა. აი, ამხელა ქონება ჩაიგდო ხელში მართლაცდა ჩალის ფასად კობა ნაყოფიამ, თუმცა ეს არ არის ყველაფერი.
ტენდერის პირობების თანახმად, "გოლდ-ინვესტს" უნდა დაეფარა "ზარაფხანის" ვალი - 6 მილიონი ლარი, რომელიც საწარმოს სახელმწიფოსი დაუგროვდა.სახელმწიფოსთვის ნაყოფიას ერთი თეთრიც არ გადაუხდია. არადა, ვალის გადახდის გრაფიკიც გაწერილი იყო. ნაყოფიამ ცალკე თანაკლასელ ირაკლი ჩოგოვაძეს მისწერა, ცალკე - ზურაბ ნოღაიდელს, ქართული ოქროს წარმოება უნდა ავაღორძინოთო. მათაც ერთობლივად გადაწყვიტეს: ოღონდ ეგ საშვილიშვილო საქმე გააკეთე, 6 მილიონი რა სალაპარაკოაო, და ჩამოაწერეს სახელმწიფო ვალი.კობა ნაყოფია რა ბექა ოპიზარიც გამოდგა, ყველას კარგად მოგვეხსენება - ქართულ მედიაში არა ერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, რითაც, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ ნაყოფია და მისი ჯგუფი ინდოეთიდან და არაბეთიდან ეზიდებიან იაფფასიანი ოქროს ნაკეთობებს და მერე "ზარაფხანის" დამღით ყიდიან ვითომ ქართულ ნაწარმს. წალეკა ქართული ოქროს ბაზარი უხარისხო ოქრომ. "მადნეულში" მოპოვებულ, "კვარციტში" გადამუშავებულ ოქროს კი ნაყოფია უცხოეთში ეზიდება, რადგან მაღალი ხარისხისაა და ევროპაში კარგად იყიდება.
კობა ნაყოფიას არაოფიციალურ მილიარდერად მოიხსენიებენ და ეს არ არის გადაჭარბებული. ეს კაცი სოლიდურ წილებს ფლობს იმ კომპანიებში, რომელთაც ქართული ოქროს მოპოვება-გადამუშავება-დამზადება, ანუ სრული ციკლი ("მადნეული"-"კვარციტი"- "ზარაფხანა") ჩაიგდეს ხელთ. უცნობია, ამ სამ კომპანიაში ვის რამდენი წილი აქვს, არც ერთი არ აქვეყნებს დამფუძნებელთა თუ აქციონერთა სიას. "გოლდ ინვესტი" კი, რომელსაც "ზარაფხანა" აჩუქეს, 2007 წელს ოფშორულ ზონაში გადარეგისტრირდა და სახელიც შეიცვალა, ახლა "კუენტრო პორტფელიო" ჰქვია. დიახ, როცა ოქროს მომპოვებელ ქვეყანაში ერთადერთი მონოპოლისტი ხარ, 50 პროცენტს ფლობ ოქროს გადამუშავების კომპანიაში და ოქროს ნაკეთობათა ბაზარზეც დომინირებ "ზარაფხანის" სახით, სრული მონოპოლისტი ხარ, მაშინ ძალიან რეალურია ასეთი კაცის მილიარდებზე ლაპარაკი. დიახ, ოქროზეა ლაპარაკი და არა - ბადრიჯანზე!
ეს არის მცირე ბეგრაუნდი ნაყოფიას ბიზნეს-საქმიანობისა საქართველოში, მაგრამ მას სხვა უამრავი ბიზნესი და კერძო ქონებაც აქვს და ამაზე სხვა დროს მოგითხრობთ. მოდით, ბიზნესმენ ნაყოფიაზე ლაპარაკი აქ დავასრულოთ და უკვე გაპოლიტიკოსებულ, წმინდა წყლის ოლიგარქ კობა ნაყოფიაზე გადავიდეთ.
ნაყოფია სისტემატურად, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე აფინანსებდა "ნაციონალური მოძრაობის" ყველა დონის არჩევნებს. ამბობენ, რომ მან კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშის მეშვეობით რუსეთში ცხოვრებისას მილიონი დოლარი ჯერ კიდევ 2003 წელს "ვარდების რევოლუციას" შესწირა.
თავიდან ის ჟვანია-ბენდუქიძის ფავორიტი იყო, მაგრამ ჟვანიას სიკვდილის მერე, უკვე უშუალოდ სააკაშვილის თოჯინად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კობა ნაყოფიას უკავშირდება 2007 წლის 30 ოქტომბერს სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტი. გეხსომებათ, აფაზეთში განლაგებული დსთ-ს მანდატის მქონე რუსეთის სამშვიდობო ძალების რამდენიმე მებრძოლმა სამი ჯავშანტრანსპორტიორით განმუხურის პატრიოტთა ბანაკს ალყა შემოარტყა, როცა იქ ახალგაზრდები ისვენებდნენ. მათ აფხაზეთში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი ჩაბანი მეთაურობდა. რუსმა ჯარისკაცებმა სასტიკად სცემეს ზუგდიდის პოლიციის ხუთი თანამშრომელი, რომლებიც ბანაკის დაცვაში მსახურობდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ეს რომ გაიგო, სასწრაფოდ ჩაფრინდა განმუხურში, ლამის შეტაკება მოხდა სააკაშვილის დაცვას, ადგილობრივ მოსახლეობასა და რუს ჯარისკაცებს შორის. სააკაშვილმა ჩაბანი გამოლანძღა და პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა: ხვალვე წაეთრიე აფხაზეთიდან - საქართველოს ტერიტორიიდანო. რუსი სამხედროები ნაცემი ძაღლებივით იდგნენ "საქართველოს მთავარსარდლის" წინაშე.
ქართველმა პოლიციელებმა რუსი სამხედროები რომ განაიარაღეს, ამას მიშა უშიშრად უყურებდა. ჰოდა, მაშინ სააკაშვილის რეიტინგი, რომელიც კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ იყო, უცებ ავარდა.
ეს ამბავი ხდება 2007 წლის 27 ოქტომბერს, ზუსტად 6 დღის შემდეგ გაოპოზიციონერებული ირაკლი ოქრუაშვილი გამოვა "ტელეიმედით" ინგა გრიგოლიას გადაცემაში და სააკაშვილს პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთასა და სხვა დანაშაულში ამხელს. აი, რატომ სჭირდებოდა მიშას სასწრაფოდ რეიტინგის აწევა და თან იმგვარად, რომ გმირად გამოჩენილიყო. მან უკვე იცოდა, რომ მალე ლამის ჰეროიკულ გმირებს გატოლებულ, რეიტინგულ ოქრუაშვილს უნდა შეტოქებოდა და არა სოზარ სუბარის ან დავით უსუფაშვილის მსგავს "თეთრხელთათმანიან" პოლიტიკოსებს.
მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ განმუხურის ინციდენტი დადგმული სპექტაკლი იყო. "ივერიონს" ეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა წყარომ, რომელიც ადრე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მსახურობდა. მისი თქმით, გენერალ სერგეი ჩაბანს სააკაშვილის გარემოცვიდან მილიონი დოლარი გადაუხადეს, განმუხურში ეს სპექტაკლი რომ გაეთამაშებინა, ეს თანხა კი კობა ნაყოფიამ გაიღო. მან ნაღდი ფული შავნაბადას რეზიდენციაში მიუტანა სააკაშვილს, რომელმაც თანხა გივი თარგამაძეს გადასცა. სცენარის ავტორიც და თანხის გადამცემიც თარგამაძე ყოფილა, ოღონდ მან გალელი ქართველი შუამავლის ხელით ჩაბანს გაუგზავნა ფული ორ ნაწილად: 200 ათასი - წინასწარ და 800 ათასი - ოპერაციის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ- 29 ოქტომბერს.
ამის მერე სააკაშვილმა ნაყოფია პოლიტიკაში მოიყვანა. ბოლნისის მაჟორიტარობა 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა კობას. 1 მილიონი "ნაციონალებს" მისცა, ნახევარი - საარჩევნო კამპანიას დაახარჯა.
ნაყოფიას დიდი ფული აშოვნინა ხელისუფლებამ და მეწველ ფურადაც აქცია. ამბობენ, ბოლო სახელისუფლო პროექტი, ჰოლივუდური ბლოგბასტერი 2008 წლის ომის შესახებ - "აგვისტოს 5 დღე" - ნაყოფიას შერონ სტოუნის ვიზიტიანად 20 მილიონი დაუჯდაო. ნაყოფია აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილის უამრავ ახირებასა და ხუშტურს. ნაყოფია, პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის "საკრედიტო ბარათი" იყო, ბანკომატი - ნაყოფიას საბანკო ანგარიშები, თანაც როგორი ბარათი "გოლდენ ქარდი!" ნაყოფია ყველა სურვილს უსრულებდა სააკაშვილს, თავისი ფულით დამატებითი კომფორტით უზრუნველყო პრეზიდენტის ისედაც სუპერკომფორტული "ბოინგი", რომლის ინტერიერის შეცვლა არც ერთ სხვა პრეზიდენტს აზრად არ მოსვლია. ნაყოფიამ გადაუხადა ქორწილი სააკაშვილის ბიძაშვილს - ნიკა ალასანიას.
შორს წაგვიყვანს იმ ოქროს და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ნივთების ჩამოთვლა, რომელთაც სააკაშვილი სხვადასხვა სტუმრებს თუ უბრალოდ, ფავორიტ ქალბატონებს უძღვნის. ყველაფერ ამას ნაყოფია კისრულობს. წყარო ამტკიცებს, რომ ყველა იმ ქართველ თუ უცხოელ ქალბატონს, რომელთაც მიშასთან ერთი ღამე მაინც გაუტარებია, შინ "ზარაფხანის" დამღიანი ერთი ძვირფასი ნივთი ან სამკაული მაინც აქვს. მოკლედ, მიშა გრიალებს, ნაყოფია - იხდის.
თუმცა, დიდი ხანი არ არის, რაც კობა ნაყოფია ამ ხელისუფლებამ მოიძულა. მას ჩამოართვეს "მადნეულისა" და "კვარციტის" ლიცენზიები და გაუყიდეს. ამბობენ, რომ ძველი ხელისუფლება კობა ნაყოფიას დაჭერასაც აპირებდა, მაგრამ კახა ბენდუქიძემ მიხეილ სააკაშვილი და ნაყოფია შეარიგა.
სანდო წყაროს ინფორმაციით "კვარციტის", "მადნეულისა" და "ზარაფხანასთან" დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო მოკვლევა და არ არის გამორიცხული კახა ბენდუქიძე, კობა ნაყოფია, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ჩოგოვაძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ციხეში ვიხილოთ.