გამოცხადდება თუ არა სააკაშვილზე ძებნა?!.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის თქმით კი "სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა არარეალისტურია, ამ მხრივ საქართველოს საგამოძიებო სამსახურებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ".
-"ეს რაღაც გადმოცემა არარეალისტურია. ეს ნამდვილად ასეა, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია, გავეცნოთ ქრონიკას 2012 წლის მიწურულიდან მოყოლებული, თუ რა განცხადებებს აკეთებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ცივილიზებული სამყარო როგორ აფასებს ამ კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს. არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ საქართველოს საგამოძიებო სამსახურებს არ აქვთ. შეგვიძლია დავით კეზერაშვილის საქმე გავიხსენოთ, როცა საფრანგეთის სასამართლომ ერთხელ უკვე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა და პროკურატურა ცდილობდა მოწმეების მანიპულირებით საქმის შეთითხვნას", - განაცხადა კახიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე კი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილზე არანაირი ძებნა არ გამოცხადდება და ამბობს:
-"მიხეილ სააკაშვილს ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად არაფერი დაუშავდება, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ის შეძლებს უპრობლემოდ გადაადგილებას საზღვარგარეთ".