"მე იმ ქართული კინოს მხარეზე ვარ, რომელიც მოდის"

"მე იმ ქართული კინოს მხარეზე ვარ, რომელიც მოდის"

   რუბრიკით "რეტრო" გთავაზობთ ინტერვიუს კინორეჟისორ გიორგი ბერიძესთან, რომელიც 2005 წელს არის ჩაწერილი, მაგრამ წლებმა კითხვა-პასუხს ვერაფერი დააკლეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ვფიქრობთ სასიამოვნო იქნება არც თუ ისე შორეულ წარსულში მოგზაურობა და იმ პერიოდის კულტურის სიახლეების გახსენება. მკითხველი ბევრ რამეს შეიტყობს ინტერვიუდან და პარალელებს აღმოაჩენს თანამედროვეობასთან.

 

შორენა როსტომაშვილი

 

   გიორგი ბერიძე _ პროფესიით მათემატიკოსი, რეჟისორი და ოპერატორი. 1984 წლიდან კინოოპერატორად მუშაობს. ცნობილ რეჟისორებთან ერთად გადაღებული აქვს ფილმები "დახატული წრე" (დიტო ცინცაძე), "ანემია" (ტატო კოტეტიშვილი), "ვალსი პეჩორაზე" (ლანა ღოღობერიძე), "იავნანა" (ნანა ჯანელიძე), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (ნანა ჯორჯაძე), "ძვირფასო M" (ოთარ შამათავა), "შვიდი დღე ტიბეტში" (გიო მგელაძე), "სულელი ბროწეულის ხე" (პიტერ მესაროში), "პუტინის დედა" (ინეკე სმიტი), სერიალი "ცხელი ძაღლი" (ზაზა ურუშაძე, ერეკლე ბადურაშვილი) და სხვა. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპი "ფრთებს" და მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ეტიუდი №6".

 

_ ბატონო გიორგი, თქვენ თეატრალურ ინსტიტუტში ლევან პაატაშვილის ჯგუფში სწავლობდით, ეს კი იმ დროისათვის პირველი საოპერატორო ჯგუფი გახლდათ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ გვქონდა ძლიერი საოპერატორო სკოლა. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ, იმოქმედა თუ არა ქართულ კინოში არსებულმა კრიზისმა თქვენს საქმეზე, პროფესიაზე?

 

_ ჩვენი ჯგუფი იყო პირველი საოპერატორო ჯგუფი, რომელიც აქ ჩამოყალიბდა. მანამდე განათლებას რუსეთში, ВГИК-ში ღებულობდნენ. რა თქმა უნდა, ეს ორი საკითხი _ თუ რა ხდება საოპერატორო ხელოვნებაში და რა ხდება საერთოდ ქართულ კინოში, დაკავშირებულია ერთმანეთთან. ქართული საოპერატორო სკოლა არსებობს ისევე, როგორც საერთოდ ქართული კინემატოგრაფი და ქართული კინოსკოლა. იმაზე ლაპარაკი, რომ ქართული კინო მოკვდა, მე ძალიან მაღიზიანებს.

 

_ ასე არ ფიქრობთ?

 

_ არა, რადგან ბევრი მიზეზი მაქვს საიმისოდ, რომ ასე არ ვიფიქრო. ჯერ ერთი, სულ ვმუშაობ. თუ კინო არ არსებობს, აბა მე რას ვაკეთებ? ან ისინი რას აკეთებენ, ვის ფილმებსაც ამა თუ იმ ფესტივალზე ვნახულობთ? თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ქართული კინო არ მომკვდარა. იმას არ ვამბობ, რომ ყველაფერი მომწონს, მაგრამ ვხედავ პროცესს, რომელიც თავისთავად მიმდინარეობს. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ უფსკრული გაჩნდა იმ ქართულ კინოს, რომელსაც ტრადიციულს ვუწოდებთ და იმ ქართულ კინოს შორის, რომელიც მოდის. მე იმ ქართული კინოს მხარეზე ვარ, რომელიც მოდის. კინო თავისი არსით იცვლება. ეს ფაქტია. ამერიკის კინოთეატრები სულ ციფრულ პროექციაზე გადადის. კინო ტექნოლოგიურად და ტექნიკურად იცვლება, ეს ცვლილებები კი მხატვრულ ცვლილებებსაც იწვევს. დავუშვათ, დღეს სახელმწიფო ვერ აფინანსებს ქართულ კინოს, მაგრამ ხომ მაინც გააქვთ ფესტივალებზე ფილმები? გადაღებული კი სულ სამასზე მეტია. ამას ათი წლის წინ ფილმს არ დავარქმევდი (თუკი ვიდეოზე იქნებოდა გადაღებული), მაგრამ დღეს ასე არ ვფიქრობ. 50-ზე მეტი ფილმი მაქვს_ აქედან ნახევარი ვიდეოზეა, მაგრამ ეს ცხოვრებამ მოიტანა. მაშინ დავრჩეთ XIX ან XX საუკუნეში...

 

_ მაგრამ თუ წინ მივდივართ და პროგრესია, ყველაფერი პროგრესული უნდა იყოს. ფირის შემდეგ ვიდეო უფრო რეგრესის მაჩვენებელი ხომ არ არის?

 

_ ადრე მეგონა, ვიდეოკამერას ხელში არ ავიღებდი, მაგრამ ამაზე სიამოვნებითაც კი ვთანხმდები. რა თქმა უნდა, რაღაცამ წააგო, მაგრამ ამავე დროს რაღაცამ მოიგო კიდეც. ვიდეოსა და კომპიუტერის წყალობით, ისეთი შესაძლებლობები გაჩნდა, რაც ადრე არ არსებობდა და ახლა, ვიღაცისათვის ეს ცალკე "ტრიუკად" რჩება იმიტომ, რომ უნიჭოა და ვიღაცისათვის ეს ხელოვნების ნაწილად ტრანსფორმირდება, იმიტომ, რომ ნიჭიერია და სხვაგვარად უყურებს ყველაფერს. ასე რომ, მე ძალიან შორს ვარ პესიმიზმისაგან. 

 

_ ამან ხომ არ განაპირობა ის, რომ ოპერატორობას რეჟისორობაც შეუთავსეთ და საკუთარი ფილმი გადაიღეთ?

 

_ საერთოდ, საოპერატოროზე იმიტომ ჩავაბარე, რომ მერე რეჟისორი გავმხდარიყავი _ ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. როდესაც კინოცენტრმა გამოაცხადა კონკურსი იმ ადამიანებისათვის, რომელთაც მიღებული აქვთ სარეჟისორო განათლება, მაგრამ ფილმი არ გადაუღიათ, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. ანუ "ეტიუდი №6" ჩემი სადებიუტო ნამუშევარია. გარდა ამისა, მაქვს რეკლამები, რომლებსაც არ ვთვლი და ერთი კლიპი "ფრთებს", რომელიც მიყვარს. ახლა კიდევ შემაქვს ახალი პროექტი კინოცენტრში, ვნახოთ, რა იქნება. 

 

_ თქვენ მოსკოვშიც იმყოფებოდით. რა გაკეთდა ამის შედეგად?

 

_ "НТВ-ს" დაკვეთით სერიალი "მხოლოდ შენ" გადავიღეთ. ნანა ჯორჯაძეა რეჟისორი, მე კი _ ოპერატორი.

 

_ ნანა ჯორჯაძე ახალ ფილმს იღებს, მისი ოპერატორიც თქვენ იქნებით?

 

_ არ ვიცი, ყველა უცხოური პროექტი ცოტა სხვაგვარად ხორციელდება, ყველაფერს გარკვეული ნიუანსები განაპირობებს.

 

_ რეზო ჩხეიძესთან ერთად იღებდით ფილმს "მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი"...

 

_ მე, როგორც ოპერატორმა, ამ ფილმის გარკვეული ნაწილი გადავიღე და ჯგუფიდან წამოვედი. მიზეზებზე ლაპარაკი არ მსურს. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, უბრალოდ, არ შემიძლია, სამი წელი ერთი და იგივე კინო ვიღო.

 

_ ახლახან დიტო ცინცაძესთან იმუშავეთ...

 

_ დიახ, იანვარში გადავიღეთ ფილმი "თჰე გამე" ("თამაში"). მერე რეჟისორმა სათაური შეუცვალა და "დეჟა-ვიუ" დაარქვა. ბოლო ვარიანტი ჯერაც არ ვიცით. ფილმი დასამონტაჟებელია. მასში დიდი რაოდენობით არის კომპიუტერული გრაფიკა და ყველაფერს მეტი დრო სჭირდება. 

 

_ ამჟამად რითი ხართ დაკავებული?

 

_ სულ ცოტა ხნის წინ დავამთავრე მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მოგზაურობა აფრიკაში" (მგონი, ეს სათაურიც პირობითია) სანდრო ჯანდიერთან, რომელიც ლონდონის კინოსკოლას ამთავრებს და ეს მისი სადიპლომო ნამუშევარია. გარდა ამისა, უკვე დამონტაჟებულია კიდევ ერთი ახალი ფილმი "თედო", რომელზეც აკაკი შანშიაშვილთან ერთად ვმუშაობდი.

 

_ თქვენ, გამოცდილი ოპერატორი, მომავალში რას აპირებთ _ მუშაობას განაგრძობთ, როგორც ოპერატორი თუ რეჟისურისაკენ გადაიხრებით?

 

_ მუშაობას განვაგრძობ, როგორც ოპერატორი, რადგან რეჟისორის წინაშე ბევრი ისეთი პრობლემა დგას, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ გავუმკლავდები. თუკი შენაცვლებული იქნება ერთმანეთთან ბევრი ოპერატორობა და ცოტა რეჟისურა, რატომაც არა. ბედნიერებაა, როდესაც ფილმს იღებ და ყველაფერი _ რიტმი, ტემპი, მსახიობი, მუსიკა _ შენ ხელთაა. "ეტიუდი №6" რომ გადავიღე, ოპერატორიც მე ვიყავი და რეჟისორიც. ახლანდელი თაობის, მომავალი რეჟისორების ნამუშევრებში რეჟისორიც, სცენარისტიც, ოპერატორიც და ა.შ. ერთი ადამიანია. ეს არა მარტო უფულობის ბრალია, უბრალოდ, დრომ და ახალმა ტექნიკამ მოიტანა იმისი შესაძლებლობა, რომ კინო კიდევ უფრო საავტორო გახდეს. ამაში ცუდი არაფერია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძიების პროცესშია, მაგრამ მე ამ ტენდენციას ვგრძნობ.

 

_ ყველაფერს დადებითად უყურებთ, ნუთუ არაფერია ისეთი დღევანდელ ქართულ "კინოსივრცეში", რაც შეიძლება თქვენს უკმაყოფილებას იწვევდეს?

 

_ ერთადერთი, ვიტყოდი იმას, რომ ძალიან მჭირდება კარგი ტექნიკა. ვგრძნობ _ იმას ვერ ვაკეთებ, რისი გაკეთებაც შემიძლია. ეს მოსკოვში ყოფნისას კიდევ უფრო ვიგრძენი, რადგან იქ ყველაფერი მქონდა, რაც მჭირდებოდა.

 

_ და როგორია თქვენი არა მარტო ხვალინდელი, არამედ ცოტა უფრო "გრძელვადიანი პროგნოზი" ქართული კინოს შესახებ?

 

_ ვფიქრობ, ყველაფერს დრო სჭირდება, თორემ ის, რაც არის, რომ გავითარდება და ახალ სახეს მიიღებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ბავშვებიც რაღაცას ახერხებენ და მიხარია.

 

_ ე. ი. გაქვთ მომავალი თაობის იმედი?

 

_ რა თქმა უნდა. კინოცენტრში, სადაც სახელმწიფოს ფულია, უფროსები მიდიან _ შეჩვეულნი არიან, რომ ფული მათ სახელმწიფომ უნდა უხადოს. ეს ახალგაზრდები კი ყველაფერს თავისით აგვარებენ, რაღაცას შოულობენ, რაღაცას ცდილობენ. დიდი ენერგიით მოვიდნენ, ახალ ენას, ახალ გზებს ეძებენ. როცა იციან, რომ უჭირთ, გამოსავალსაც უფრო პოულობენ, ეს კი უკვე მომავალი პროგრესის მაჩვენებელია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: