დღეს თბილისში ამბასადორიალი იწყება

დღეს თბილისში ამბასადორიალი იწყება

   2014 წლის 4-7 აგვისტოს ქ.თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში," ტარდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი. ყოველწლიურ შეკრებაზე სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეული საქმიანობას შეფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახვენ.ამბასადორიალის გახსნაზე, რომელიც ფართო ფორმატით ტარდება, მოწვეული არიან საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის ხელმძღვანელი პირები. ამბასადორიალის გახსნაზე მოწვეულია ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი და სუამ-ის გენერალური მდივანი.

   ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამბასადორიალი ოთხ დღეს გასტანს. სამუშაო სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების    წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ისინი თემატურ სესიებზე დიპლომატებს მიაწვდიან ინფორმაციას უწყებებში მიმდინარე რეფორმებზე, პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, უპასუხებენ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეკითხვებს და განიხილავენ საგარეო უწყებასთან შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს. დაგეგმილია ასევე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

   ამბასადორიალის დასრულების შემდეგ (8-9 აგვისტოს) საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე პირადად შეხვდება საზვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყველა ხელმძღვანელს. (შეგახსენებთ დღეისათვის საზღვარგარეთ ფუნქციონირებს საქართველოს 63 საელჩო და მისია, 6 გენერალური და 3 საკონსულო სამსახური).

   აღსანიშნავია, რომ ამბასადორიალი საქართველოში ყოველწლიურად სექტემბრის პირველ კვირაში ტარდებოდა. წელს ამბასადორიალის ჩატარება დაიგეგმა აგვისტოს თვეში, რათა სექტემბრში, სამუშაო წლის დასაწყისისთვის საზღვარგარეთ საქართველოს თითოეულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკვე შემუშავებული ჰქონდეს წლის სამუშაო გეგმა და მიზნები.

   ამბასადორიალის პროგრამის პარალელურად განხორციელდება ასევე სპეციალური პროგრამა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: