გელა დუმბაძე:-ნეპოტიზმი ჩემთვის მიუღებელია

გელა დუმბაძე:-ნეპოტიზმი ჩემთვის მიუღებელია

   გვესაუბრება სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი გელა დუმბაძე

   -ბატონო გელა, უპირველესად გილოცავთ წარმატებას – დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნას.

სხვათაშორის, პრემიერ-მინისტრის სამთავრობო ცვლილებების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება კრიტიკულია – ბევრი თვლის, რომ რადგან მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, ღარიბაშვილს მინისტრების შერჩევისას აქცენტი ცნობად სახეებზე უნდა გაეკეთებინა...

და მაინც, ვინ არის გელა დუმბაძე და როგორ მივიდა იგი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე?

   -უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ მოლოცვისათვის! 

   რაც შეეხება ცნობადობას, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩემს მოკლე  ბიოგრაფიას გაეცნონ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: diaspora.gov.ge

   ჩემი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში შორეული 1987 წლიდან დაიწყო, -როდესაც  თანაკურსელებთან ერთად ვმონაწილეობდი  სტუდენტურ გამოსვლებში, კერძოდ, დავით გარეჯის აქციაში, რაც მიმართული იყო ამ უნიკალური კომპლექსიდან საბჭოთა სამხედრო სასროლეთის გატანისკენ. იმ წლებში ჩამოვაყალიბე ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანება. 1989 წლიდან გავხსენი ესთეტიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებელი, სადაც მოზარდებს ლექციებს ვუკითხავდით იმ დისციპლინებში, რომელიც იმდროინდელ საგანმანათლებლო სივრცეში არ იკითხებოდა.

   ბოლო 16 წელი ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მუშაობა სტაჟიორად დავიწყე. სხვადასხვა პერიოდში ვიყავი სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.  ვმუშაობდი საქართველოს საელჩოებში დიპლომატიურ თანამდებობებზე. მათ შორის, უცხოეთის 4 სხვადასხვა ქვეყანაში: აზერბაიჯანის რესპუბლიკაში(2001-2005წწ.), რუსეთის ფედერაციაში (2007-2009წწ), უკრაინაში (2009-2013წწ.), უზბეკეთში(2013-2014წწ.). ყველა საელჩოში, სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, მიმყავდა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები. გამოგიტყდებით, უაღრესად ძნელია, სამშობლოდან დიდ დისტანციზე წლობით ყოფნა. შემდეგ... ჩემთვის სავსებით მოულოდნელად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან დამიკავშირდნენ...

  პერსონის ცნობადობის ხარისხის განსაზღვრისთვის, საზოგადოებას ვთავაზობ მარტივ მეთოდს: Googli-ის საძიებო სისტემაში, ინგლისურად ჩაბეჭდონ პიროვნების გვარი და სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს პიროვნების მოხსენების (რაც თავისთავად მისი ცნობადობის და საზოგადოებრივი აქტიურობის შესახებ მეტყველებს) რაოდენობას. თუ არ ვცდები, ჩემი პიროვნების გასწვრივ, დღევანდელი მდგომარეობით  ციფრი 162.000-ია დაფიქსირებული... 

   -გულახდილად გითხრათ, ბევრი ოპონენტი ჰყავს თქვენდამი რწმუნებულ სამინისტროს. მავანი თვლის, რომ ასეთი სტრუქტურა საქართველოს მთავრობაში არ უნდა არსებობდეს. მაინც რა სტატუსი აქვს დიასპორის სამინისტროს და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ქართული დიასპორისთვის, თანამშრომლობის რა პრაქტიკა გამოიმუშავა აღნიშნულმა უწყებამ არსებობიდან დღემდე?

   -ვეცდები მაქსიმალური გულახდილობით გიპასუხოთ: 1998 წელს, იმდროინდელ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს, პირადი ინიციატივით წარვუდგინე მოცულობითი მოხსენება, დიასპორასთან ურთიერთობის  ქვედანაყოფის შექმნის აუცილებლობის შესახებ. იმ პერიოდში, სომხეთის საგარეო დაწესებულებაში უკვე არსებობდა ამ მიმართულების სოლიდური დეპარტამენტი! დღესდღეობით სომხეთში დიასპორის სრულფასოვანი სამინისტრო არსებობს.

   ცნობილ მიზეზთა გამო, საქართველო ბოლო წლებში მილიონ ადამიანზე მეტმა დატოვა. არსებობს მრავალრიცხოვანი ისტორიული ქართული დიასპორაც. ვფიქრობ,  უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ჩართულობის უზრუნველსყოფად,  სამი ათეული თანამშრომლით დაკომპლექტებული დისპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის არსებობა სავსებით გამართლებულია. 

   რაც შეეხება საქმიანობას - პერმანენტულად ვუზრუნველვყოფთ დიასპორების აღჭურვას სასწავლო სახელმძღვნელოებითა და მეთოდიკით (რაც სპეციალისტების მიერ მზადდება ქვეყანათა სპეციფიკის გათვლისწინებით), ფოლკლორულ ანსამბლებს ვუგზავნით საჭირო ინსტრუმენტებს და საცეკვაო ტანსცმელს. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ონლაინ-სკოლის დასაარსებლად, რომლის მეშვეობითაც, მასწავლებელი პირდაპირ ეთერში განახორციელებს ქართული ენის, ისტორიის, გეოგრაფიის და სხვა სწავლებას, პარალელურ რეჟიმში   9 სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ მოზარდებთან. წარმოიდგინეთ, ასეთი 3-4 პარალელური კლასის მუშაობის ეფექტი!  ვმუშაობთ დიასპორული ციფრული ქსელის დაარსებაზე, სადაც თავმოყრილი იქნება დისპორისთვის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, - ეს იქნება აგრეთვე, მათთან ინტენსიური დიალოგის ნაყოფიერი სივრცე. ვმუშაობთ ისეთ სერიოზულ სკითხებზე, როგორიცაა გლობალურ დისპორულ ორგანიზაციებში გაწევრიანების, აგრეთვე სპეციალური დიასპორული საბანკო დაგროვებითი ანბრების სისტემის ჩამოყალიბების საკითხები. მიმდინარეობს დიასპორული სტაჟირების პროგრამა სხვადასხვა პროფილის სამინისტროში, ვემზადებით საზაფხულო ბანაკებში 100 მოზარდი თანამემამულის ჩამოსასვლელად.

    დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუდამ მზადაა საქმიანობასთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი გასცეს დაინტერესებულ ჯგუფებს.

    ჩვენი საქმიანობის დევიზი შესაძლოა მოკლედ ასე ჩამოყალიბდეს: უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა პერმანენტულად უნდა იგრძნონ ჩვენი საქმიანობის სარგებელი.

    -როგორც წესი, მინისტრი ყოველთვის ახალი გუნდით მოდის. რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით თქვენს სამინისტროში და შეიძლება თუ არა ვიფიქროთ.

რომ კადრების შერჩევისას ყურადღება მიექცევა პროფესიონალიზმს და არა ნეპოტიზმს და პარტიულობას. როგორი კადრები დაგვხდათ და გიწევთ თუ არა წასვლა არაპოპულარულ ნაბიჯებზე საქმის საკეთილდღეოდ?

   -როგორც წესი, ხშირად ასე ხდება...    ვფიქრობ,  წესებს პიროვნებები აყალიბებენ. 

    ჩვენს შემთხვევაში, სამსხური არ დაუტოვებია არცერთ ადამიანს. რადგანაც, მივიჩნევ რომ, ყოველი თანამშრომლის უკან მისი პიროვნული ბედი და პრობლემატიკაა, ასევე - ნამსახურები წლები. ღირსეულად ვაფასებ იმ პროფესიულ უნარს და გამოცდილებას, რაც ჩემს თანამშრომლებს გააჩნიათ. განვახორციელეთ მცირე პროფესიული კორექცია და შიდა გადანაცვლებები. რიგი თანამშრომელი თავიდან დაინიშნა  3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. 

     გამართულია მენეჯმენტისა და სამართლიანობის პირობებში, ყველა ადამიანს უნდა მიეცეს მისი სპეციფიური უნარების მაქსიმალურად გამოვლენის საშულება. კარგია, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტის დაკავებამდე, მინისტრის მოდგილედ ვმუშობდი დაახლოებით 2 თვის განმვლობაში. რაც შეეხება ნეპოტიზმს, მივიჩნევ რომ ის საქმისთვის დამანგრეველი ეფექტის მომტანია. (ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ევროინტეგრაციის შეუქცევადი კურსი, ვფიქრობ დროთა განმავლობაში ბევრ ნეგატიურ ტენდენციას მოსპობს).  

    საკადრო და სხვა საკითხებს განვიხილავ არა ერთპიროვნულად, - მაქსიმალური ღიაობის პრინციპით, ჩემს მოადგილეებსა (ზაალ სარაჯიშვილი, მუხრან გულაღაშვილი) და ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად. აგრეთვე, უშუალოდ თანამშრომელს მუდამ მიეცემა საშუალება, ხსენებულ კონტექსტში დაიცვას პირადი პოზიცია.

   უაღრეს ყურადღებას ვაქცევ  პიროვნების კონპეტენციასა და გამოცდილებას, მის მორალურ სახეს, პრინციპებს, მოქალაქეობრივ პოზიციას, მივესალმები საქმიან ინიციატივას და კონსტრუქციულ კრიტიკას.

   -რის გაკეთებას აპირებთ, რომ დიასპორის სამინისტრო უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდეს?

   -სამინისტროს მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად მრავალი გეგმა გვაქვს: მრავალჯერ გაიზრდება ჩვენს დიასპორასთან ყოველდღიური, საქმიანი ურთიერთობის  ხარისხი, რაც განხორციელდება გეოგრფიული პრინციპით განპიროვნებული თანამშრომლების როდენობით. ანუ, ამა თუ იმ საკითხზე მომუშავე სპეციალისტებს დამატებით დაეკისრებათ კონკრეტული ქვეყნებში ქართულ დიასპორებთან ინტენსიური ურთიერთობის წარმოება. ვგეგმავთ მხატვრული ვიდეო-კლიპების გადაღებას (სცენარები უკვე შექმნილია), რომელთა მეშვეობითაც ჩვენს თანამემამულეებს მიუვათ სპეციალური სულიერი და საქმიანი გზავნილები.

    გათვითცნობიერებული მაქვს, რომ საქმიანობის ეფექტურობის ზრდა უშუალო კავშირშია ჩემს პიროვნულ მაგალითთან და მუშაობის ხარისხთან. 

ჩვენი დიდი წინაპრების მემკვიდრეობა, ვფიქრობ, ორი სიტყვით გამოიხატება: შრომა და ბრძოლა!

 

ესაუბრა ნათია ხარბედია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: