ვა-ვა ანაკლია, ანუ რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის!!!
წინასწარ ვაცხადებ: ცხოვრებაში პირველად მიჩნდება ასე გამძაფრებულად პროტესტის გრძნობა ჩემი ულამაზესი კუთხის- სამეგრელოს მიმართ. პირველად მრცხვენია, რომ მე იმ ცოტნე დადიანის შთამომავალი ვარ, რომელიც ლეგენდად შემორჩა ქართულ ისტორიას და რომელმაც თავისი მსხვერპლშეწირვით მტერიც კი გააოცა.
დიახ, პროტესტის გრძნობა მიჩნდება იმის გამო, რომ, იმ ლეგენდარული კოლხეთის წარმომადგენელი ვარ, სადაც რამდენიმე დღეში ცოდვის ბორბალმა უნდა იტრიალოს! მიხვდით ალბათ, კაზანტიპის ე.წ ფესტივალზე მოგახსენებთ, რომელიც ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.
ბუნებრივია, ყველას და ყველაფერს ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მაგრამ, კაზანტიპის მომხრეთა "არგუმენტები" იმდენად ამაზრზენი და უსუსურია, სჯობს მიწა გამისკდდეს და შიგ ჩამიტანოს, ვიდრე მათი არგუმენტების გაბათილება დავიწყო. ნამდვილად არ მეგონა ამაყი და შრომისმოყვარე კოლხები ასე დახურდავდებოდნენ, 30 ვერცხლზე გაიყიდებოდნენ და ღირსებაზე ხელს ასე ადვილად აიღებდნენ!
მზარავს იმის გააზრებაც, რომ გაღატაკებულ მოსახლეობას ამ "ფესტივალის" მომსახურებიდან მიღებული კაპიკები (თუნდაც ათასები) სულზე მალამოდ მოეფინება და ყველა ეკონომიკურ პრობლემას გადაუწყვეტს.
არ ვიცი, რამ დაუბნელათ ჩემთვის საამაყო მეგრელებს ასე გონება, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ თავიანთი ამჩატება უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ. სასჯელი ალბათ დანარჩენ საქართველოსაც არ ასცდება, ერთსულ და ერთხორც რომ არ დავირაზმეთ ამ ამაზრზენი ვაკხანალიის ჩასაშლელად.
უკვე დაანონსდა, რომ 14 აგვისტოს ანაკლიაში სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი მშვიდობიან აქციას ატარებენ კაზანტიპის ფეტსივალის ჩაშლის მოთხოვნით. არ ვიცი, ეს უკან მიდევნებული ლამპრის ფუნქციას შეასრულებს, თუ თავისი წინასწარდაგეგმილი შედეგებით ერს გამოაღვიძებს. მაგრამ, ერთი ამ ფაქტია- საქართველო ცალკეული ადამიანების საპატრონო და სატკივარი არ არის და არ გამოვრიცხავ, რომ ამ აქციამაც მხოლოდ ორთქლის გამოშვების ფუნქცია შეასრულოს!
თუმცა, ისიც საეჭვოა, მისცემენ თუ არა ჩასულებს ადგილობრივები აქციის ჩატარების საშუალებას, მითუმეტეს, უკვე იმუქრებიან, რომ "მღვდლებს თავს გაუტეხავენ."
მრავალგზის ითქვა, თუ რა ინტერესები დგას ამ ე.წ ფესტივალის მიღმა, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია იმ ძეშეცდომილი და გროშებს გამოკიდებული ანაკლიელ-განმუხურელებისათვის, რომელნიც საკუთარი და საკუთარი ოჯახების ხსნას ამ ფესტივალის ჩატარებაში ხედავენ!. ეტყობა დევიზი- ფული სულის სანაცვლოდ, XXI საუკუნეში ეფექტურად მუშაობს.
ვინ ოხერი და მამაძაღლი იქნება წინააღმდეგი შენი თანამემამულე გამართულად ცხოვრობდეს, მაგრამ ცხოვრებაც არის და ცხოვრებაც-როგორ უნდა შეერგოს მათ შვილებს და შვილიშვილებს ამ ბინძური საქმიდან აღებული გროშები, ან, საერთოდ, შეერგებათ კი?!
ხელისუფლებამ ჯერჯერობით ის გააკეთა, რომ სოდომ-გომორის მამამთავარი გიორგი სიგუა თანამდებობიდან გაანთავისუფლლა-თურმე უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო, თუმცა, არავინ საუბრობს, რომ ამით არაფერი არ იცვლება!
სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ იცის მთავრობის პოზიცია აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით, არც ღარიბაშვილის სახელზე გაგზავნილ პეტიციას გამოხმაურებია ჯერ-ჯერობით ბატონი პრემიერი, თუმცა, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს ე.წ კაზანტიპის მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება, ახალგაზრდები იგრიალებენ. ადგილობრივები ფულს იშოვიან, სამეგრელოს ტურისტთა უზარმაზარი არმია მოაწყდება და ბიუჯეტიც შეივსება.
სამწუხაროა, ისიც, რომ დღეს ყურადღების ცენტრი გადატანილია კოდუას მონაჩმახზე და სააკაშვილის ხელბორკილებით ჩამოყვანა-არჩამოყვანაზე და არა იმ საშინელი ცოდვის თანაზიარობაზე, რომლის მასპინძელიც ხდება საქართველო!
წინასწარ ძნელია იმის პროგნოზირება, რა შედეგებით დამთავრდება 14 აგვისტო ანაკლიაში, მაგრამ, ერთი რამ ცხადია-ხალხი (საზოგადოება ) ამ თავს მოხვეულ სატანიზმს სათანადოდ ვერ აცნობიერებს.
უკვე ხშირად გვესმის, რა გახდა ასეთი კაზანტიპი, როცა ყოველი დღე საქართველოში კაზანტიპით იწყება და კაზანტიპით მთავრდება. ნაწილობრივ უნდა დავეთანხმოთ - ჩვენ კარგა ხანია თვალი დავხუჭეთ იმ უზნეობის დაკანონებაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მეტიც, ლამისცხოვრებას ნორმად ვაქციეთ. თუ ხელს არ ვაფათურებთ, ყოველ შემთხვევაში, არაფერს ვაკეთებთ, რომ უზნეობის მასშტაბები არ გაიზარდოს და მთელი ქვეყანა ამ წუმპეში ჩაფლული არ აღმოჩნდეს!
მთელი უბედურება იმაშია, რომ დიდსა და მცირე ბოროტებას შორის განსხვავებასაც ვერ ვხედავთ. სამწუხაროა, რომ ისტორიული ანაკლია დღეს ქართველი ერის სულიერი განადგურების ფუნქციას ასრულებს- თუ ადრე იქიდან ქართველი ტყვეები გაჰყავდათ შეითან ბაზარზე გასაყიდად, დღეს აქ ქართული სული იყიდება!
ვა-ვა ანაკლია, ვი-ვა განმუხურლებო და ანაკლიელებო!..
P.S. დღეს "სასიხარულო" ინფორმაცია გავრცელდა ქართულ მედიაში. სტუდენტთა ლიგის პრეზიდენტი სიხარულით გვაუწყებს, რომ კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკიტა მარშენიკოვის გადაწყვეტილებით, 4-დან 8 აგვისტომდე კაზანტიპის ვიზის ონლაინ შეძენისას ქართველი სტუდენტები 50% -იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
რამდენადაც ვიცით, ქართველი და უკრაინელი ლამაზმანებისთვის ფესტივალზე დასწრება უფასოა. როგორც ამბობენ, უფასო კუბოც კარგია და კაზანტიპზე გრიალი მითუმეტეს. ქართველები ამ სიამოვნებას ნამდვილად არ დაიკლებენ!
ზაურ ნაჭყებია