ირაკლი ალასანია:-"2008 წლის აგვისტოში ჩვენ 169 სამხედრო დავკარგეთ"

ირაკლი ალასანია:-"2008 წლის აგვისტოში ჩვენ 169 სამხედრო დავკარგეთ"

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ სამხედრო ბაზა "ფენიქსზე" ქართველი სამხედროები მოინახულა. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მეცამეტე ბატალიონის გაძლიერებული ოცეულს მეთაურმა თავდაცვის მინისტრს ოცეულის მისიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ოცეულის სამხედროებს შეხვდა და სიტყვით მიმართა:

   -"ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავს აგრესორი დაგვესხა და ჩვენი ქვეყნის დაჩოქება სცადა. საქართველო ისტორიულად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ბევრჯერ ყოფილა დაპყრობილი და დანაწევრებული ჩვენი სამშობლო. მტერი გვიტევდა და გვართმევდა ტერიტორიებს. მაგრამ, ვერც ერთმა დამპყრობელმა, ვერც ერთმა აგრესორმა ვერ შეძლო წაერთმია ჩვენთვის მთავარი - მებრძოლი სული. 2008 წლის აგვისტოში ჩვენ 169 სამხედრო დავკარგეთ, დროებით დავკარგეთ ტერიტორიებიც. მაგრამ, ჩვენ არ დაგვიკარგავს ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს სისხლში აქვს - ღირსება და სამშობლოს ერთგულება. ქართული ხუთ ჯვრიანი დღოშა ამაყად ფრიალებს ყველგან, სადაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ბაზებია. თქვენმა სიმამაცემ იხსნა ქვეყანა 2008 წელს. თქვენი სიმამაცის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. თქვენ, სამშობლოსგან შორს, იცავთ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. გერქვას ჯარისკაცი საპატიო და მძიმე ტვირთია. გისურვებთ, კვლავაც ღირსეულად გეტარებინოთ ეს ტვირთი. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების და საქართველოს მფარველი!"      თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა. თავდაცვის მინისტრთან ერთად ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილიც იმყოფებიან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: