გადადგება თუ არა გიგი უგულავა?!

გადადგება თუ არა გიგი უგულავა?!

მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალები" საპარლამენტო უმცირესობაში აღმოჩდნენ, ძალაუფლებას ადგილობრივ დონეზე მაინც ინარჩუნებენ. ამის გარანტი ნაცპრეზიდენტი (სააკაშვილი ახლა უკვე ნამდვილად "ნაციონალების" პრეზიდენტია და არა სრულიად საქართველოსი) მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე კონსტიტუცია უმაგრებს ზურგს. სწორედ კონსტიტუცია აძლევს მას უფლებას გადააყენოს და დანიშნოს ახალი გუბერნატორები და მერ-გამგებლები. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა სიომ დაბერა ქვეყანაში და "ნაცმოძრაობა", როგორც მმართველი პარტია აღარ არსებობს, მისი ნარჩენები ადგილებზე ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოზიციებს. განსხვავებული სიტუაციაა თბილისთან მიმართებაში, სადაც დედაქალაქს არჩეული მერი ჰყავს. მართალია, ეს არჩევნებიც ისე ჩატარდა, როგორც "ნაციონალებს" სჩვეოდათ ხოლმე, მაგრამ ფაქტი ჯიუტია _ უგულავა არჩეული მერია და მას იოლად ვერ შეეხები. 

 

კანონი კანონად, მაგრამ თუ მორალზე მიდგება საქმე, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით უგულავა დღემდე უნდა გადამდგარიყო. თქვენც არ მომიკვდეთ _ უგულავა ასე სულაც არ ფიქრობს და ისე ყინჩად და გამომწვევად იქცევა, თითქოს "ნაციონალები" რევანშის აღებას და საიქიოდან მობრუნებას აპირებენ (თუმცა, ბევრი ამბობს, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში ჯერ არც წასულან!)!

 

რა კანონიერი გზები არსებობს იმისათვის, რომ უგულავა გადადგეს? პირველი ეს რეფერენდუმია, რომელიც თბილისის დონეზე უნდა ჩატარდეს და თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა უგულავა ქალაქის მერად. მისი გადაყენების მეორე, კანონიერი გზა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იქნება. მე თქვენ გეტყვით და ვერ მოუძებნიან თუ?

 

ის, რომ გიგი უგულავა დღეს ახალი ხელისუფლებისთვის საშიში მეტასტაზია, მტკიცება არ სჭირდება. მეტასტაზებისგან განკურნება რთული, ხან უშედეგო პროცესია. ყველაფერს სჯობს ეს მეტასტაზებიც დროზე მოვიკვეთოთ, რომ შემდგომ მთელ სხეულს არ მოედოს.

 

როგორც ჩანს, უგულავა წასვლაზე არ ფიქრობს. ახალ ხელისუფლებას სამართლებრივი ბერკეტი მის გადასაყენებლად ჯერჯერობით არ გააჩნია. თუმცა, ყველაზე კარგი ბერკეტი დედაქალაქის მოსახლეობის საყოველთაო პროტესტი იქნება, რომელიც მას ცინიზმამდე დასულ გადაწყვეტილებებს გაუხსენებს და რომელმაც მოსახლეობის პრობლემები უკიდურესად დაამძიმა.

 

ჯერი თქვენზეა თბილისელებო! 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: