ქართული კინო დღეს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას
რუბრიკა რეტრო
შორენა როსტომაშვილი
დღევანდელი თვალით დანახული წარსული და აწმყო
ქართული კინო დღეს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. იშვიათად, მაგრამ მაინც გამოდის ეკრანებზე ახალი ქართული ფილმები, რომლებსაც დიდი წვალების ფასად იღებენ ქართველი რეჟისორები. ამის მთავარი მიზეზი, ძირითადად, უსახსრობაა, მაგრამ თუ ეს საკითხი გვარდება, მაშინ სხვა პრობლემები იჩენს თავს. ზოგჯერ ხარისხია დაბალი, ზოგჯერ _ გემოვნება... ერთი სიტყვით, ქართული კინო კრიზისს განიცდის, თუმცა ისინი, ვინც პროფესიად რეჟისორობა აირჩია, ფარ-ხმალს ადვილად არ ყრიან და ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქართული კინოს ისტორიაში.
კინორეჟისორთა ახალი თაობა თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იღებს მცირემეტრაჟიან, მაგრამ იდეურად დატვირთულ ფილმებს, რომლებიც ზემოაღნიშნული მდგომარეობის მიუხედავად, ძალიან ხშირად აღიარებასაც პოულობს და ამა თუ იმ ფესტივალიდან დაჯილდოებული ბრუნდება.
სწორედ რეჟისორთა ამ ახალ თაობას მიეკუთვნებიან ისინი, ვის ფილმებზეც ქვემოთ იქნება ლაპარაკი _ ზაზა მერაბიშვილი, ირაკლი კასრელიშვილი და ჯაბა რუაძე დღევანდელი თვალით დანახულ საქართველოს უახლოეს წარსულს გვთავაზობენ _ მოკლედ, მაგრამ მტკივნეულად ასახავენ გასულ ათწლეულებს, დღევანდელ რეალობას და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კვლავაც პრობლემებად რჩება.
ზაზა მერაბიშვილის "ქურდი"
ზაზა მერაბიშვილის თორმეტწუთიანი სურათი "ქურდი" აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდში მცხოვრებ უუფლებო ახალგაზრდაზე გვიამბობს, თუმცა ფილმის ძირითადი ნაწილი ამ ადამიანის წარსულს უჭირავს _ ქურდი, რომელსაც ჩვენ ეკრანზე ვხედავთ, აფხაზეთის ომის მონაწილეა _ სწორედ იმ ომისა, რომელმაც 90-იანი წლების ახალგაზრდობის ნაწილი ფიზიკურად გაანადგურა, ნაწილი კი _ სულიერად.
კუბოკრულ პალტოში "გამოწყობილი" ახალგაზრდა მამაკაცი, ძირითადად, მეტროში, მატარებელში ცდილობს ლუკმა-პურის შოვნას. სურათის დასაწყისში შავ გვირაბს ვხედავთ. ის ისეთივე ბნელია, როგორც ამ ფილმის მთავარი გმირის წარსული და აწმყო. შავ-თეთრი კადრები ცვლის ერთმანეთს და ხაზს უსვამს იმ უსახურ ერთფეროვნებას, რომელშიც ჩვენი ქურდი ცხოვრობს. დიახ, ის ჩვენი, იმ საზოგადოების ნაწილია, რომელმაც ერთ დროს ღირსეული პიროვნება თავმოყვარეობადაკარგულ ადამიანად აქცია. რელსებზე მქროლავი მატარებლის ხმა სულს ყინავს _ ის ქურდის შინაგან მდგომარეობას ეხმიანება. მეტროში მომუშავე საათი დროს ჩვენებს _ წუთი წუთს მისდევს და ეს წუთები მამუკას უაზრო ცხოვრებას ითვლის. ფილმში სწორედ ისეთი მუსიკა ჟღერს (მუს. ზაზა მარჯანიშვილი), როგორიც ამ სურათს სჭირდება. ჩვენ მამუკასთან ერთად ვხდებით მისი წარსულისა და აწმყოს თანამონაწილენი, რის შემდეგაც მისი საქციელის შეფასების (და არა გაკიცხვის!) სურვილის ჩნდება. თუმცა, ამაზე შემდეგ...
მამუკა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ხულიგანია, მაგრამ სამხედრო ფორმიდან შემორჩენილი ქუდით ვხვდებით, რომ ოდესღაც ის თავისი სამშობლოს სადარაჯოზე იდგა, ახლა კი მოპოვებული "ნადავლით" ხელში ოპერის ბაღში ჯდება და ამოწმებს, როგორი დღე ჰქონდა _ ბევრი "იშოვა" თუ ცოტა... ერთ-ერთ მოპარულ საფულეში ქურდი ნაცნობ წერილსა და ასევე ნაცნობ სურათშ პოულობს. სურათიდან სხვებთან ერთად თვითონაც შემოგვყურებს, წერილი კი სწორედ მისი დახასიათებით მთავრდება: "განსაკუთრებით მამუკა მეხმარება _ ნამდვილი ვაჟკაცია">>> _ სწერს წერილის ავტორი _ მირო თავის ახლობლებს. მამუკა დიდხანს დაჰყურებს სურათს და წარსულს იხსენებს...
ეკრანზე 1993 წლის საქართველო _ კერძოდ, აფხაზეთი ცოცხლდება. ფორმიანი ახალგაზრდები ბრიგადირის მითითებებს ღებულობენ. ამ მებრძოლებიდან ზოგიერთს უფრო ახლოს ვეცნობით და სწორედ ამ დროს ვხედავთ, როგორ ატანს მამაუკას მეგობარი მირო ნაცნობ ქალს წერილს და ფოტოსურათს.
უხეში ფრაზები, ყურისწამღები სროლა, ყოველ ნაბიჯზე ვიღაცის სიკვდილი _ ეს ყველაფერი შეულამაზებლად არის მოტანილი მაყურებლამდე. ჩვენ, სულ მცირე ხნის მანძილზე, თითქოს ერთ დიდ ომში ვერთვებით და ვხედავთ, ბიჭები ერთიმეორის მიყოლებით როგორ იხოცებიან.
ახალგაზრდა მსახიობთა მიერ წამოსროლილი სიტყვები და მოქმედებები საკმაოდ გულწრფელია _ მსახიობები მირიან საღარეიშვილი (მირო) და ზაზა მეჭიაური ხანმოკლე სცენების ფონზე შეძლებისდაგვარად გამოხატავენ თავიანთ ემოციურ მდგომარეობას. დამაჯერებელია ბრიგადირის როლის შემსრულებელი ირაკლი კასრელიშვილიც. რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელს (ნიკა ჩხიკვაძე), ის ორბუნებოვან პიროვნებას კარგად თამაშობს, მაგრამ როდესაც საქმე მის განცდებს ეხება, უსიტყვო კადრებში ამ მსახიობის სახე არც ისე მრავლისმეტყველია. მაგალითად, ფილმის დასასრულს, როცა ის წარსულიდან კვლავ აწმყოში ბრუნდება და ფიქრობს, როგორ მოიქცეს, აქ ჩვენ მისი სახის გამოეტყველებიდან უფრო მეტს ველით.
ომში მამუკას გარდა ყველა იღუპება, მათ შორის _ მიროც. მეგობრების საერთო საფლავთან, გაძარცულ ხეებს შორის მარტო დგას მამუკა. მიწაზე დახოცილი ჯარისკაცებივით ყრია ხეებს მოწყვეტილი ფოთოლი. ჟღერს სევდიანი მუსიკა, შიშველი ხეები ხეები კი მთავარი გმირის სულიერი სიშიშვლის ასოციაციას ქმნის.
ოპერატორის კამერა ფირზე ცეცხლმოკიდებულ ქალაქს ასახავს. იწვის სოხუმი _ ეს ჩვენი წარსულია. თუმცა, არც აწმყოა უფრო ლმობიერი _ მამუკა კიდევ ერთხელ შეავლებს თვალს ფოტოსურათს _ მერე უეცრად ხევს მას და სურათის ნაგლეჯებს ქარს ატანს.
ფილმის დასასრული კიდევ უფრო პესიმისტურია, ვიდრე დასაწყისი. სულიერად დეგრადირებულ ახალგაზრდა მამაკაცს უკეთესი მომავლის პერსპექტივაც აღარ რჩება. რეჟისორი ასე წყვეტს. აქ ორი ალტერნატივა არსებობს _ მამუკა ან წარსულს შლის და ამით ახალ ცხოვრებას იწყებს (რაც არც ისე სარწმუნოა) და მეორე (უფრო დამაჯერებელი) _ მას ეძლევა შესაძლებლობა, ეს სურათი პატრონს დაუბრუნოს და ამით დაამთავროს თავისი ახლანდელი ყოფა, წერტილი დაუსვას უაზრო ცხოვრებას, რომელსაც ერთი ჯიბგირის ცხოვრება ჰქვია, მაგრამ ის ამ შანსს არ იყენებს და ძველ გზას ირჩევს. ალბათ, მისი აზრით, ხელმოცარული ადამიანი აღარავის სჭირდება და ამიტომ მას სხვა გამოსავალი აღარ დარჩენია. სამწუხაროდ, ქურდი ქურდად რჩება _ ოდესღაც მას სული მოპარეს და მერე ასეთად აქციეს იგი.
რეჟისორი უიმედოდ უყურებს ამ თაობის გადარჩენის საკითხს _ ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე არ მოჩანს, რაც ამის კიდევ ერთი დასტურია.
P.S. ზაზა მერაბიშვილის ფილმი "ქურდი" მონაწილეობდა საერთაშორისო კინოფესტივალზე Новое кино _ XXI век (საკონკურსო პროგრამაში) _ სმოლენსკი _ 2008; აგრეთვე საერთაშორისო კინოფესტივალზე Золотой витязь (საკონკურსო პროგრამაში) _ მოსკოვი _ 2008.
"გამნაღმველი"
ომი ირაკლი კასრელიშვილის ფილმშიც ძირითადი თემაა, თუმცა "გამნაღმველში" აქცენტი მთავარ გმირზე უფროა გადატანილი, რაც სურათის სათაურშივე შეიმჩნევა. გამნაღმველი ის ფიგურაა, ვის გარშემოც ბრუნავს ეს ოცდაექვსწუთიანი სურათი. XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში მცხოვრები თაობები მთელი ორი ათეული წელია, განიცდიან ტკივილს, რომელიც ამ პერიოდში გადატანილმა ომებმა მოიტანა და რომლის ჭრილობები დღესაც შეუხორცებელია. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მთვარი თემა ჩვენს ახალ ფილმებში ომია. თუმცა, გარდა ამისა, "გამნაღმველში" საყურადღებოა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ, ამ სურათში წინა პლანზეა წამოწეული სიკვდილ-სიცოცხლის, ადამიანობის, ვაჟკაცობის, თავგანწირვის ცნებები და ყურადღება ადამიანის ფსიქიკურ, სულიერ მდგომარეობაზეა გამახვილებული.
სიზუსტისათვის ფილმზე ლაპარაკს პირველი კადრებიდანვე დავიწყებ. ეს კადრები ჭარმაგ მამაკაცს (მსახ. გივი ჩუგუაშვილი) გვიჩვენებს, ის ორი ბავშვის თანხლებით მიდის დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან, შუბლით ეყრდნობა მას და... ასე იწყება მოგონება: ერთ დღეს, უთვალისჩინოდ დარჩენილი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ის ომში დაჭრილ მებრძოლთა შორის აღმოჩნდა. სწორედ აქ იგრძნო მან უფრო ძლიერ საკუთარი უძალობა _ ჯან-ღონით სავსე ადამიანი სიბრმავის გამო სრულიად უვარგის "საგნად" იქცა.
სურათის ხანგრძლივობა მოქმედების სწრაფ გავითარებას მოითხოვს, ამიტომ ძალიან მალე ვეცნობით ფილმის დანარჩენ გმირებს _ გაბედულ, ახალგაზრდა ბრიგადირ ზაალ ჩოლოყაშვილსა და მის თანამებრძოლებს, რომლებიც ერთმანეთთან საუბარში, საწოლს მიჯაჭვულნიც კი, მხოლოდ ომში დაბრუნებაზე, ქართულ ფესვებსა და სამშობლოზე ლაპარაკობენ. "არწივებო, დაბლა არ დაეშვათ, ჩვენი ადგილი ცაშია!" _ ამხნევებს მათ ბრიგადირი და ამ სიტყვებით ერთგვარად უფრო მეტად უბიძგებს ბრძოლისაკენ ისედაც შთამომავლობით მეომარ ახალგაზრდებს. სწორედ ასე სწამთ მათ, რადგან ეს მათი საქართველოა.
სურათში ჯარისკაცთა მაღალი სულისკვეთება იგრძნობა. რეჟისორი აშკარად მეომართა დადებით მხარეებს უსვამს ხაზს და ასეთივე დადებითი კუთხით გვიჩვენებს საკმაოდ ამაზრზენ რეალობას. ეს ძლიერი მუხტი მაყურებელზეც გადმოდის, რასაც ხელს უწყობს მსახიობთა კარგი თამაში _ აღსანიშნავის ბრიგადირის როლის შემსრულებელი მამუკა ბოგვერაძე და მისი ერთ-ერთი თანამებრძოლის როლის შემსრულებელი გელა თავბერიძე. ისინი განსაკუთრებით დამაჯერებელნი არიან ბრძოლის ეპიზოდებში, სადაც ასევე დამაჯერებლად იღუპებიან. აქ მათ თამაშთან თანხვედრაშია ოპერატორის (ლევან მახარაძე) კამერა. ამ ფერადი ფილმის სწორად დამონტაჟებული (მონტ. დავით ჭყოიძე) კადრები შესაბამის ეფექტს იძლევა. მანამდე კი ბრიგადირ ჩოლოყაშვილს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა მოუწევს _ უსინათლო მამაკაცი მთელი გულით სთხოვს, ომში წაიყვანოს იგი და ამით გმირულად სიკვდილის ან ამაყად ცხოვრების საშუალება მისცეს. გივი ჩუგუაშვილი საკმაოდ კარგად გამოხატავს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის განცდებს, მისი ახლო ხედით მოტანილი სახე ყალბი ნამდვილად არ არის, თუმცა ოდნავ იგრძნობა თეატრის მსახიობის თამაში, რომელიც წესით კინოოპერატორის კამერას ვერ უნდა ამჩნევდეს. ამავე დროს, მისი ემოციური ხმა სასურველ გავლენას ახდენს მაყურებელზე. ჩუგუაშვილის გმირის არგუმენტი ის არის, რომ ეს ქვეყანა მისიცაა და რომ ცოცხალ ლეშად ყოფნა, ისიც წყვდიადში, აღარ შეუძლია. ზაალ ჩოლოყაშვილს უსინათლო ადამიანის ომში წაყვანა თუნდაც მარტო იმიტომ არ სურს, რომ ამის მორალური უფლება არ აქვს, მაგრამ უსინათლოს დედა (მსახ. თამარ სხირტლაძე) თანახმაა, შვილი სასაკლაოზე გაუშვას, რადგან ეს მისი სულიერი გადარჩენის ერთადერთი გზაა.
ბრმა ადამიანი გამნაღმველი ხდება. მას დანაღმულ ველზე გაატარებენ. მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სიკვდილის თვალებში ჩახედვის ტოლფასია, მან ხომ არ იცის, რომ ველი სინამდვილეში სულაც არ არის დანაღმული. რეჟისორის აზრით, ასეთი ტყუილი სიკეთის მაჩვენებელია _ კეთილი ტყუილით სულით დასახიჩრებული ადამიანი კვლავაც თავმოყვარე, სრულუფლებიან პიროვნებად იქცა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას.
ომში ყველა იღუპება. სურათში აჟღერებული "შავლეგო" თავის სათქმელს ამბობს და კომენტარს აღარ ითხოვს. გამნაღმველის შეკრული მუშტი დამარცხებული ქართველების სულიერი გამარჯვების სიმბოლოდ გვეჩვენება. ქართველი მებრძოლების გმირული სიკვდილიც სწორედ ამის დასტურია. "სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება" _ გენერალი მაზნიაშვილი" _ ვკითხულობთ ეკრანზე.
გამნაღმველი აწმყოში ბრუნდება. "სადა ხართ, არწივებო, "სლიპოი" აღარა ვარ, გამნაღმველი ვარ!" _ ამბობს სიამაყის გრძნობით, კიდევ ერთხელ ეფერება დაფას და შვილიშვილებთან ერთად მიდის. დასანანია, რომ ამას "არწივები" ვეღარ ხედავენ.
"უსინათლოს დღემდე სჯერა, რომ დანაღმულ ველზე გაიარა და გადარჩა. ირწმუნა _ უფალმა არ ინება მისი სიკვდილი. ყოფილი "ფსკერის კაცი" სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი დააბიჯებს ამ ქვეყანაზე"... _ ეს თავად რეჟისორის სიტყვებია _ მას, ალბათ, აქვს უფლება, ასე იფიქროს...
გაგრძელება იქნება