საბოტაჟი თუ გულწრფელი პროტესტი?
ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მკვეთრად დაიწია თხილის ფასმა. თხილის ფასი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის, კერძოდ კი სამეგრელოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანი ცვლილებებია ქვეყნის მრეწველობის სფეროშიც. რამდენიმე კვირაა, რაც სოფელ წეროვანში მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და ჰიგიენის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა "ბერტა" დაიხურა (ან დროებით შეაჩერა მუშაობა!). ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა საწარმოთა მუშების გაფიცვები, რაც საბოტაჟის მცდელობადაც ფასდება და ა.შ.
უკვე წლებია საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ესა თუ ის მსხვილი საწარმო, ბიზნესები ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს-ჯგუფების ხელშია. ამიტომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებისთანავე ქვეყნის ეკონომიკის რეალური სახეც გამოჩნდა _ პრობლემები ერთბაშად გაცხადდა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ თხილზე ფასის მკვეთრი დაწევის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დარგში არსებული გარკვეული მონოპოლია იყოს. "მაგრამ, ვიდრე არ შეიქმნება სურსათის უვნებლობის სამსახური და არ განხორციელდება კონტროლი საბაჟოებზე, რაც აუცილებელია, პრობლემები არ მოგვარდება. ვიცი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამას აუცილებლად გააკეთებს. მანამდე კი ქართულ თხილსა თუ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციას ფასი ვერ დაედება", - ამბობს გიორხელიძე.
რაც შეეხება მუშათა გაფიცვებს, გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში რაიმე პოლიტიკურ დაკვეთასთან გვქონდეს საქმე. "ცნობილია, რომ ადამინებს ცუდ და მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა და ისინი სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვენ. ამიტომაც, კეთილი უნდა ინებოს დამქირავებელმა და დაქირავებულის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საწარმო "ბერტას" დახურვას. შესაძლოა, ცეზარ ჩოჩელს მართლაც შეექმნა რაღაც პრობლემა და ამიტომაც დაიხურა მისი საწარმო, ეს კი არფერს ნიშნავს, რადგან როგორც კი შეიქმნება პოლიტიკური ნება და გაუქმდება ყოველგვარი მონოპოლიები, ადამინებს ექნებათ ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა _ უფრო მეტი ბიზნესი გაჩნდება და უფრო მეტი ადამინიც დასაქმდება", - განმარტავს გიორხელიძე.
ვალერი ვახანია