რატომ გაიაფდა თხილი?

რატომ გაიაფდა თხილი?

საქართველოში თხილი გაიაფდა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 3,50 ლარი იყო. სამეგრელოს, აფხაზეთის და გურიის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო თხილის რეალიზაციიდან მიღებული თანხაა. 

 

დაახლოებით ერთი თვის წინ თხილის მწარმოებლები და დარგის სპეციალისტები თხილის ფასის 5 ლარამდე გაზრდას პროგნოზირებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა _ ფასმა 2.50 ლარამდე დაიწია. არსებული რეალობის გათვალისწინებით, თხილის ფასი შეიძლება 2 ლარი გახდეს.

 

ბესო ეხვაია, მეთხილეთა ასოციაციის წევრი: "წელს თხილის უხარისხო და შარშანდელთან შედარებით, მცირე მოსავალი მივიღეთ. თხილის ფასმა ევროპის ბაზარზეც დაიკლო, რაც შესაბამისად, ქართული თხილის ფასზეც აისახა".

 

მოსახლეობა წელს თხილის მცირე მოსავალის მიზეზად თხილის სეზონურ თვისებას მიიჩნევს. შარშანდელი უხვმოსავლიანობის შემდეგ წლევანდელი წელი თხილის მოსავლისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. 

 

ანალოგიური მდგომარეობაა გალშიც _ თხილი იქაც გაიაფდა. გალში საბაზრო ფასთან შედარებით, 10-15 თეთრით ისედაც ყოველთვის იაფი იყო. ამ რაიონიდან თხილი ძირითადად, ფსოუს გავლით რუსეთის ბაზარზე გადიოდა. მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის რუსეთის ბაზარზე თხილის გატანა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული _ მოსახლეობას ფსოუს მიღმა თხილის გატანა ეკრძალებათ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: