ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის მიმართებაში პოლიტიკურ დევნას ვერ ხედავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დევიდ კრეიმერის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართებაში პოლიტიკურ დევნას ვერ ხედავს. აღნიშნულზე ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"დევიდ კრეიმერი ჩვენი ქვეყნის და პირადად ჩემი დიდი მეგობარია. დიდი პატივს ვცემ მასაც და მის აზრებსაც. მისი სურვილია, რომ საქართველოს იმიჯი იყოს ხელშეუხლებელი და ის დემოკრატიული, დიდი მონაპოვარი, რაც ქვეყანამ 2012 და 2013 წლის არჩევნებით მიიღო, მთელი რეგიონის ქვეყნებისთვის გახდეს სამაგალითო. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, ეს მისი შთაბეჭდილებაა, ფაქტები კი არის უტყუარი და არის ის, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ. აქედან გამომდინარე, მე აქ ვერანაირ პოლიტიკურ დევნას ვერ ვხედავ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.