მიხეილ სააკაშვილი : "8 მილიონის გაფლანგვას მედავებიან და ცდილობენ ფაქტების ფაბრიკაციით დაამტკიცონ ჩემი ბრალეულობა"
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის წაყენებულ ახალ ბრალდებას "facebook" საკუთარ გვერდზე პასუხობს: "როგორც ჩანს "ქართული ოცნების" ლიდერებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვისგან ვერაფერი შეაჩერებთ. უზომოა, მათი შურისძიების წყურვილი და სურვილი ასიამოვნონ თავისი რუსი მეგობრები. თავდაპირველად, მილიარდების მოპარვა დამაბრალეს, მას შემდეგ კი, რაც ვერც-ერთი მითვისებული თეთრი ვერ იპოვეს, ახლა 8 მილიონის გაფლანგვას მედავებიან და ცდილობენ ფაქტების ფაბრიკაციით დაამტკიცონ ჩემი ბრალეულობა. ეს ჩვეულებრივი სიყალბეა, რომელსაც ზოგიერთი მოჩვენებითად ობიექტური ადამიანი განცხრომით იჯერებს, ისევე როგორც ბოლო წლებში დაიჯერა ბევრი ასეთი აშკარა სიცრუე. მათი ფანტაზია და ფიზიკური სწრაფვა სამართლებრივი დევნისკენ სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ ამჟამად ეს ხალხი წყვეტს ჩვენი საქართველოს ბედს. მაშინ როცა, მოძმე უკრაინის მხარდაჭერაზე დემონსტრაციულად ამბობენ უარს, მთელ ძალისხმევასა და რესურსს ქართველი პატრიოტების სამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებაზე ხარჯავენ. მათ საქციელს ისტორია განსჯის, მანამდე კი ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი მიუჩენს მათ თავის ადგილს."
მიხეილ სააკაშვილი, ამავე კომენტარს ინგლისურ და რუსულ ენაზეც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას პროკურატურა 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.