დავით სერგეენკო - მედიკამენტების წინასწარ მომარაგების არანაირი საჭიროება არ არის
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ "რუსთავი 2"-ის ეთერში რეცეპტურის სისტემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
" მედიკამენტების წინასწარ მომარაგების არანაირი საჭიროება არ არის. რეცეპტებზე გადასვლის გარდამავალი გეგმა გათვლილი იქნა ერთი წლის განმავლობაში და ეს ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი და მივმართო მოსახლეობას, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ურეცეპტო გაყიდვაში რჩება 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ხოლო ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი, რომელიც უეცრად გაუარესებული ჯანმრთელობის შემთხვევაში, როცა ადამიანი იქვე აფთიაქთან ახლოს იმყოფება, სანამ ექიმთან მივა, შეეძლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძინოს. იგივე შეეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს. შემოდის ხანგრძლივი, ერთწლიანი მოქმედების რეცეპტი, ერთი გამოწერით მთელი წლის განმავლობაში შეეძლება შეიძინოს წამალი, ხოლო წელიწადში ერთხელ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სამედიცინო საზოგადოების აზრს და არ შემიძლია, გაკვირვება, განცვიფრება არ გამოვხატო ადამიანების ჯგუფისგან ერთგვარი მსუბუქი ცინიკური დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი. გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.