სოზარ სუბარი: "დემოკრატიულობაზე ვერასდროს გვექნება პრეტენზია"
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, დემოკრატიულობაზე ვერასდროს გვექნება პრეტენზია, თუ ასეთ რამეებს ყურადღების გარეშე დავტოვებთ.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გუშინ ჩამოთვლილ ბრალდებათაგან, თუნდაც ორი რომ ავიღოთ, სახელმწიფო ხარჯებით საკუთარი მასაჟისტის გადმოყვანა, რაც საზღვარზე არ დააფიქსირეს, ან ქალაქის მერისთვის გახდომის პროცედურებისთვის ფულის გადახდა, საკმარისი იქნებოდა მისი იმპიჩმენტისთვის, გადაყენებისთვის და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების წაყენებისთვის. თანაც, გუშინ რაც მოვისმინეთ, ეს არის მხოლოდ საიდუმლო ხარჯები. ამის გარდა, იმავე პერიოდში სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურიდან პრეზიდენტის უზრუნველყოფისთვის 20 მილიონი არის დახარჯული. 20 მილიონი დაიხარჯა და კიდევ 9 მილიონი მოახმარა თავის პირად გართობას. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის დასჯადი და უბრალოდ, დემოკრატიულობაზე ვერასდროს გვექნება პრეტენზია, თუ ასეთ რამეებს ყურადღების გარეშე დავტოვებთ. კარგად გვახსოვს რა თემებით იწყებოდა ევროპის თუ ამერიკის ქვეყნებში გამოძიებები, მაგ. სექსუალურ სკანდალებზე იმპიჩმენტის პროცედურები იწყებოდა", - განაცხადა სუბარმა.