სასულიერო პირები "კაზანტიპის რესპუბლიკაში" არ შეუშვეს
როგორც 3 აგვისტოს, არქიმანდიტმა ანთიმოზმა განაცხადა, დღეს, 14 აგვისტოს სასულიერო პირების ორგანიზებით ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.
დილიდან ანაკლიაში, წმინდა ნიკოლზის სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დაიწყო, მათ შორის იყვნენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც სამშვიდობო პარაკლისის აღსავლენად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ელოდნენ. ტაძარში შეკრებილებს შორის იმყოფებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მშვიდობიანი აქცია სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით "კაზანტიპის რესპუბლიკის" შესასვლელთან გრძელდება. მათ თხოვეს სამართალდამცველებს, მიეცათ ნება ე.წ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, რაზეც უარი მიიღეს. ამის გამო ავჭალის წმინდა ქეთევანის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა გიორგიმ განაცხადა, რომ არ დაიშლებიან მანამ, ვიდრე ე.წ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის ნებას არ მისცემენ.
"სირცხვილია, რომ ქართულ მიწა-წყალზე ხალხს არ უშვებე", - აღნიშნა მან.
დიღმის წმინდა მარინეს სახელობის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ აღნიშნა, რომ ისინი არ არიან კონცერტის, ფესტივალის და მუსიკის წინააღმდეგნი, მაგრამ აქვთ ინფორმაცია, რომ "კაზანტიპი" "გარყვნილების ფესტივალია", სადაც იგეგმება ნარკოტიკების და სექსის პროპაგანდა.
"ყველანი ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან ტურისტები და დამსვენებლები. ჩვენ რა თქმა უნდა დამსვენებლების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ვართ და გვაქვს უფლება, დავათვალიეროთ ის სამშენებლო სამუშაოები, რაც იქ მიმდინარეობს და ის ტერიტორია, სადაც ე.წ. ფესტივალი უნდა გაიმართოს. არ ვაპირებთ დაშლას. ჯერერობით ეს არის გადაწყვეტილი. შემდეგ მოვითათბირებთ და გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ. ერთადერთი არის უცვლელი. ჩვენი იარაღია ლოცვა და ჩვენი აქცია არის მშვიდობიანი", - აღნიშნა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
"ივერიონი" ჯონდი ბარათურიას დაუკავშირდა.
-"ჩვენ უკვე წამოვედით, დღევანდელი დღის არსი იყო ის, რომ ეკლესიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. მე ვიზიარებ ეკლესიის პოზიციას, დავესწარი პარაკლისს და მსშვიდობიან მსვლელობაშიც მივიღე მონაწილეობა. სასულიერო პირები არ შეუშვეს ე.წ. კაზანტიპის რესპუბლიკაში, მათ პოლიციის კორდონი გადაეღობა.
-სასულიერო პირებიც წამოვიდნენ?
-მე რომ წამოვედი, ისინი იქ იყვნენ, ასე რომ ვერ გეტყვით.