მინისტრმა სუბარმა - ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
მინისტრმა ხურვალეთის, შავშვების, ბერბუკის, კარალეთის, გორის ნარკოლოგიური ცენტრის, სასტუმრო ქართლისა და ვერხვების დევნილთა ჩასახლებები მოინახულა, სადაც ჯამში 1400-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს.
სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის ჩასახლებებში დევნილების საჭიროებებსა და პრობლემებს.
შავშვების ჩასახლებაში მოსახლეობა შიდა გზებისა და ავტობანზე გადასასვლელი მონაკვეთის შეკეთებას ითხოვს. მინისტრის განცხადებით, მათი პრობლემის გადაწყვეტა უახლოეს მომავალში მოხდება.
ბერბუკის დევნილთა ჩასახლების მთავარ პრობლემას სველი წერტილების კეთილმოწყობა წარმოადგენს. ამ ეტაპზე, UშAID-ის დაფინანსებით, უკვე დაიწყო საკანალიზაციო სისტემისა და სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დევნილები ასევე მოითხოვენ მოსავალის შესანახი სათავსოების აშენებას.
კარალეთის ჩასახლებაში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობა კოტეჯების დაკანონებას ითხოვს, მინისტრის განცხადებით დაკანონების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.
ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში 53 დევნილი ოჯახი, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან ერთად, რთულ პირობებში ცხვორობს. დევნილები ბინების დაკანონებაზე უარს აცხადებენ და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ. შენობას არ აქვს ინდივიდუალური სველი წერტილები და საჭიროებს რეაბილიტაციას, რის შემდეგაც კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილი ოჯახების ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ნაწილს კი იმავე შენობაში გაფართოების შესაძლებლობა მიეცემა.
სასტუმრო ქართლის შენობაში დევნილი ოჯახები 23 წლის განმავლობაში ურთულეს პირობებში ცხოვრობენ. მცირე ფართებისა და საცხოვრებელი პირობების არ არსებობის გამო დევნილები ბინების დაკანონებაზე უარს აცხადებენ. სასტუმროს შენობაში მცხოვრებ ოჯახებს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, შესაძლებლობა აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების მიიღების თაობაზე განაცხადი შეავსონ.
ვერხვების ჩასახლებაში 300 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მცოცავი ნიადაგის გამო, შენობების ნაწილი არის დაბზარული. ამ ეტაპზე, კოტეჯების რეაბილიტაციის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, დევნილებს მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი და გორის არჩეული მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შეხვდნენ.