ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას სათანადოდ მოეთხოვება პასუხი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს ტიპიური დიქტატორის მიერ გაკეთებული განცხადებები უწოდა.
ღარიბაშვილის თქმით, თუ რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს მიაჩნია, რომ მასაჟისტის მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ნორმალურია და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, მაშინ მას დემოკრატიაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
"ძალიან აღელვებული ჩანდა და გამახსენდა ომის კადრები, მაშინ ყველაზე მეტად შეშინებული იყო და ეს გამეორება იყო. რაც შეეხება მის განცხადებებს, თუ რომელიმე ქვეყნის მეთაურს მიაჩნია, რომ ეს ნორმალურია და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, მაშინ მას დემოკრატიაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. ეს იყო ტიპიური დიქტატორის განცხადებები. როგორ შეიძლება მასაჟისტზე და პირად ფუფუნებაზე გაწეული ხარჯები ნორმად იყოს აღქმული და იყოს ნორმა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში განუკითხაობის და დაუსჯელობის ეტაპი დასრულდა. ყველას მოეთხოვება პასუხი სათანადოდ და ყველა ადამიანი აგებს პასუხს, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი თუ სხვა საჯარო მოხელე. ჩემთვის ეს სამარცხვინოა. მე როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს მრცხვენია, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავდა, რომელიც ფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ხარჯავდა ფულს. როგორ შეიძლება ამაზე ადამიანს განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს. როგორ კადრულობენ მისი გუნდის წევრები, გამოდიან დღეს და ცდილობენ, ნაცარი შეაყარონ ხალხს თვალში და ამბობენ, რომ ეს იყო ნორმა და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება სააკაშვილზე გამოცხადებულ შიდა ძებნას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა კანონის მიხედვით გაწერილ პროცედურებს მიყვება.
"მე დეტალები არ ვიცი. პროკურატურამ გუშინ თქვა, რომ ისინი მიყვებიან პროცედურებს. პროკურატურა ამას მიყვება პროფესიონალურად და ყველაფერს აკეთებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.