ირაკლი ღარიბაშვილი - წლის ბოლომდე მოხდება ცენტრის შენობის პროექტირება, მომავალი წლიდან კი ახლის მშენებლობა დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა. მთავრობის თავმჯდომარემ ცენტრში დაცული საგანძური დაათვალიერა და ხელნაწერებს გაეცნო.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა იწყებს ქართული უნიკალური ხელნაწერების პოპულარიზაციაზე მუშაობას.
"დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს . მე პირადად პირველად ვიმყოფებოდი. აქაა დაცული ჩვენი ქვეყნის უნიკალური საგანძური. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უნდა გახდეს ძალიან აქტიური და ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან გვერდით დგომა. დღეს ვნახე უნიკალური დოკუმენტები, ხელნაწერები, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და რომლის პოპულარიზაციაც აუცილებელია მთელს მსოფლიოში. ამ მიზნით დღეს აქ მოვიყვანე განათლებისა და კულტურის მინისტრები და ჩვენ ერთობლივად ვიწყებთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებას, გაფართოებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, წლის ბოლომდე მოხდება ცენტრის შენობის პროექტირება, უკვე მომავალი წლიდან კი ახლის მშენებლობა დაიწყება.