ნინო კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება უადგილოა!
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებს შორის გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა. აღნიშნულზე კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აღნიშნული შეკითხვა სრულიად ლოგიკურად გაუჩნდა. ასევე, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამას აკვირდებიან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან და სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ხელისუფლების ყველა წევრი ვალდებულია პასუხი გასცეს ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას. პრეზიდენტის დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე კი, კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩა." - აღნიშნა ნინო კობახიძემ.
"პრეზიდენტი არ მიიჩნევდა მართებულად გრიფის მოხსნას. მით უმეტეს, რომ გაგზავნილი იყო წერილი და დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე, გრიფის მინიჭება მოხდა უკანონოდ. ვფიქრობთ, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა." - განაცხადა ნინო კობახიძემ.