"კაზანტიპი" არის ნარკომანია, მამათმავლობა, დედათმავლობა" ანუ რას აპროტესტებენ მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერო პირები რუსთაველზე?!
"კაზანტიპი გარყვნილებაა", "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "ვთხოვთ, ხელისუფლებას არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", - მსგავსი ტრანსფარანტებით სასულიერო პირების თაოსნობით თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ფესტივალის აკრძალვის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და შესაბამისი განცხადების შეტანას მთავრობის ადმინისრტაციაში გეგმავენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ, ფესტივალთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
"კაზანტიპის" მოწინააღმდეგეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვის წერილს გაუგზავნიან.
პარლამენტის შენობიდან აქცია მსვლელობით კანცელარიისკენ გადაინაცვლებს, სადაც გადაიხდიან პარაკლისს და ღარიბაშვილს გადაეცემა სასულიერო პირებისა და მრევლის მიმართვა.
"კაზანტიპი" რომ გარყვნილებაა, ეს ყველა დაინტერესებულმა პირმა იცის. ამისთვის საკმარისია მათსავე საიტზე შესვლა და მათი კონსტიტუციის, იმ ფოტომასალისა და ვიდეომასალის ხილვა, რასაც თვითონვე აქვეყნებენ და რეკლამირების მიზნით ინტერნეტში ავრცელებენ. კერძოდ, "კაზანტიპი" არის ნარკომანია, მამათმავლობა, დედათმავლობა, მოზარდი თაობის გახრწნისა და სხვა ენით აუწერელი გარყვნილების სივრცე და ეს ხდება ელექტრონული მუსიკის, თუ სხვა ღონისძიებების ფონზე", - აღნიშნულია მიმართვაში.