სოზარ სუბარი: ციხეებში არეულობას არ დავუშვებთ!

სოზარ სუბარი: ციხეებში არეულობას არ დავუშვებთ!

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლავ დაძაბულობაა.  პატიმრები ადვოკატებსა და მშობლებს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ციხეში მძიმე ვითარებაა.


მშობლების განცხადებით, პატიმრებს სასტიკად გაუსწორდნენ და კარცერში გადაიყვანეს. ჟურნალისტებს ციხეში შესვლის უფლება არ ეძლევათ. დაძაბულია მდგომარეობა ციხის გარეთაც.  პატიმართა მშობლებმა  სავალი გზა გადაკეტეს და აცხადებენ, რომ  2 დღეა მათ შვილებზე ზეწოლა მიმდინარეობს.


მათი შვილები ტელეფონზე საუბრისას ეუბნებოდნენ, რომ ციხეში მძიმე პირობებია, შესულია სპეცრაზმი. ციხეში შევიდნენ დიმიტრი ლორთქიფანიძე და დაჩი ცაგურია, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფში შედიან.


 "სანამ არ გაირკვევა, თუ რა მიზეზით დაიწყო დაძაბულობა კომენტარს ვერ გავაკეთებ", -აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.


"არეულობა რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღესაც გრძელდება. სიტუაცია მარტივია - ამ დაწესებულებაში არიან ე.წ. "კანონიერი ქურდები", რომლებსაც ვითომ ყოფილი ხელისუფლება ებრძოდა,  მაგრამ ჩვენ აღარ დავუშვებთ მათ ძალაუფლებას ციხეებზე, ციხეს მართავს ადმინისტრაცია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონით არსებულ საშუალებას პატიმართა უფლებების დასაცავად. არ დავუშვებთ არეულობას. არც იმას, რაც გუშინ მოხდა ციხის ტერიტორიაზე. მოამზადეს ალკოჰოლური სასმელი ე.წ "ბრაგა",  რასაც მოჰყვა არეულობა. ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს",- განაცხადა პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: