ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მიეცა
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი 508 310 ლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში დახმარებისათვის, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა აცინბა, ასევე, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს ,,თექ ევ ინშაათ დექორასიონ თაჰჰუთ იჩ ვე დიშ თიჯარათ ლიმითედ შირქეთის" დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 18 მაისს აღნიშნულ შპს - სა და ბათუმის მერიას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება 2 749 988 ლარზე, ბათუმში ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ სანიაღვრე არხის რკინა ბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად, რა დროსაც, საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი იქნა ყალბი შესრულებული სამუშაოების აქტები, თითქოსდა მათ მიერ შესრულებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პაატა აცინბამ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული აქტების სიყალბე, ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს მიმართა წერილობით ხსენებული კომპანიის დაფინანსების შესახებ, ამის სანაცვლოდ, კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მიერ პ. აცინბასთვის უსასყიდლოდ იქნა გადაცემული სხვადასხვა დასახელების საშენი მასალები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - აღნიშნული კომპანიის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 508 000 ლარით ნაკლებია შემსყიდველისათვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე.