იწილო-ბიწილოს თამაში ხელისუფლებაში და კიდევ ერთხელ "გაუპატიურებული" საქართველოს კონსტიტუცია!!!

იწილო-ბიწილოს თამაში  ხელისუფლებაში და კიდევ ერთხელ "გაუპატიურებული" საქართველოს კონსტიტუცია!!!

  ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს- რამდენი  ხანია ვერ გაგვირკვევია, ვინ არის სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი თუ პრემიერ- მინისტრი?!
  საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფოს მეთაური არის საქართველოს პრეზიდენტი . იგი არის უმაღლესი მთავარსარდალი  და წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში, ხოლო მთავრობას პრემიერ-მინისტრი.
  გახსოვთ ალბათ,  მიხეილ სააკაშვილს  ზედიზედ მესამედ კენჭისყრის უფლება რომ  არ ჰქონდა, მან  საკუთარ ინტერესებს მოარგო საქართველოს კონსტიტუცია  და  მაქსიმალურად   გააფართოვა პრემიერ-მინისტრის უფლებები.
   აშკარა იყო, რომ სააკაშვილი პრემიერის სკამს თავისთვის იმზადებდა. თუმცა, მაშინ პატარა "იაღლიში" მაინც   გაიპარა - მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად შეკვეცეს პრეზიდენტის უფლებამოსილება, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგაც იგი სახელმწიფოს მეთაურის სტატუსით დარჩა. წესით და კანონით კი, სახელმწიფოს  მეთაური პირველი პირია!
  პრემიერსა და პრეზიდენტს  შორის დაძაბული  ურთიერთობის ფონზე, რომელიც ძირითადად  პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების  კიდევ უფრო  შეკვეცას ისახავს მიზნად, არ არის გასაკვირი, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი...
   ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ინაუგურაციაზე პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილმა  მიიწვია. მაგრამ, როცა ქართულმა მედიამ მოწვევის ტექსტის  გასაჯაროება  კატეგორიულად  მოითხოვა,  საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა  "ჩვენება" შეეცვალა და ასეთი   ფორმულირება        გაეკეთებინა: მართალია, ინაუგურაციაზე სახელმწიფო მიიწვიეს, მაგრამ რადგან, მარგველაშვილი უკვე იმყოფებოდა თურქეთში პრეზიდენტის რანგში , გადავწყვიტეთ,  ინაუგურაციაზე პრემიერ-მინისტრი  გაემგზავროს.
   საკმაოდ თავხედური და უსუსური განმარტებაა, არა?!
  თუ მაინცდამაინც ინაუგურაციაზე ღარიბაშვილი უნდა წავიდეს, არსებობს სხვა დიპლომატიური ხერხი, რითაც საგარეო უწყება ყოველგვარ უხერხულობას თავიდან აიცილებდა . მოლაპარაკება პრეზიდენტთან, რომ ის თანახმაა ინაუგურაციაზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავროს  და ამაში მიუღებელს და განსაკუთრებულს არაფერს ხედავს!(უხერხულობა ისედაც იხსნებოდა, თუ ღარიბაშვილს ერდოღანისგან პერსონალ;ური მოწვევა ექნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა)!
   იწილო-ბიწილოს თამაში კი, არა მარტო ვნებს პრეზიდენტისა და პრემიერის  პიროვნულ ღირსებას და სახელმწიფო  ინსტიტუტებისადმი საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას,  არამედ, არასერიოზულად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზეც.
  თუ სააკაშვილს ჯიბეში ჰქონდა ჩადებული საქართველოს კონსტიტუცია და როგორც მოეპრიანებოდა, ისე "ხმარობდა" მას,   დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს  არა მარტო დააკნინოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, არამედ...  საგანგაშოა ისიც, რომ კონსტიტუციისადმი ნდობის ვოტუმიც  თანდათან იწურება.
  შეიძლება მარგველაშვილმა  თავის "პატრონს" არ გაუმართლა იმედები, მაგრამ, მოგვწონს, არ მოგვწონს,  ის მაინც საყოველთაო წესით არჩეული პრეზიდენტია. აქედან გამომდინარე,  იგი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის,  ან  უნდა  "გამოვიჭიროთ" სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებში , რასაც  ავტომატურად მოჰყვება პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს .
  ყოველ შემთხვევაში,  იწილო- ბიწილოს თამაში ქვეყანაში უნდა დასრულდეს!


 საბა საბახტარიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: