საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში 30 აგვისტოს დასრულდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგასთან ჟან-ივ ლე დრიანთან საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში გამართავს შეხვედრას. მინისტრები სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიებს, ასევე უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტს.
საფრანგეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საკითხთა დირექტორთან ფილიპ ერერასთან. საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი იმყოფებიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში 30 აგვისტოს დასრულდება