დემურ გიორხელიძე:-ამ ხელისუფლებას ძალიან დიდი მტერი ჰყავს საქართველოში..."

დემურ გიორხელიძე:-ამ  ხელისუფლებას ძალიან დიდი მტერი ჰყავს საქართველოში..."

   ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე პროცესებზე, მოსალოდნელ "ცხელ შემოდგომასა" და ახალი ძალის გამოჩენაზე ივერიონი ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს გაესაუბრა.

  -გუშინდელი შეხვედრა სარფში, რა არის ეს, მონატრებული მეგობრების უბრალო ჩაის სმა თუ ახალი გეგმის დასაწყისი?

  -რა გეგმა დგას მათ უკან არ ვიცი და არც მაინტერესებს. მეგობრებთან, ახლობლებთან შეხვედრა ყველგან შესაძლებელია, ეს მათი პირადი უფლებაა, მაგრამ რაც შეეხება ჩანაწერს და შემდეგ მის ტელევიზიით გავრცელებას, ეს უკვე მიზანმიმართულია. მსოფლიოში არც ერთი  პრეზიდენტი არ იქცევა ასე, რადგან მსგავსი ქმედება დასჯას იმსახურებს. იყო პრეზიდენტი ეს დიდი პატივია. ვადის გასვლის შემდეგ მშვიდად უნდა წავიდეს, ამას პოლიტიკური საქციელი მოითხოვს. ეს ყოველივე იმისთვისაა გამიზნული, თითქოს სახელმწიფოში რაღაც ხდება. არაფერი ისეთი არ ხდება, რომ სახელმწიფოში განგაშის საფრთხე იყოს. ქვეყანაში საქმე ცუდად არ არის,  სასურველია უკეთ იყოს, მაგრამ რეალობა ასეთია.

  -სააკაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის ინსტიტუტების დაკნინებას, მართალია თქვა, რომ ეს მხოლო დ ინსტიტუტებს ეხება და არა პიროვნებებს, მაგრამ ხომ არ მოგეჩვენათ ეს ახალი ძალის  დაანონსებად?

  -როდესაც ასეთ განცხადებას, პოლიტიკაში გაცნობიერებული ადამიანი აკეთებს, ამას თავისი მიზანი  აქვს. რაც შეეხება განცხადებას, ის ბატონ ირაკლი ალასანიას ღირსებას არ მატებს, პოლიტიკური ქვეტექსტები და თავდაცვის მინისტრი შემთხვევით არ არის ნახსენები, რაც პოლიტიკაში გაცნობიერებული ადამიანისთვის ცალსახად გასაგებია. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს იმისთვისაა გამიზნული, რომ მთავრობაში შიგნიდან მოხდეს აფეთქება.

  განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ აუცილებელია რამდენიმე პოლიტიკური პარტია შეიქმნას, სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს კანონმდებლობით რამდენი პოლიტიკური პარტია მოქმედებს, მთავარია ისინი გარედან მართულნი არ იყვნენ ქვეყნის კეთილდღეობასა და გაძლიერებაზე ფიქროდნენ. დაე 50 პარტიული ძალა შეიქმნას, მთვარია მიზანმიმართულად მოქმედებდნენ და არა მარიონეტულად, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებენ და დაკვეთის შემთხვევაში შეუძლიათ გაანადგურონ ყველაფერი რაც ქართულ სახელმწიფოს, კულტურას და იდენტობას უკავშირდება.

  -საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა ეს შეხვედრა ხელისუფლების დაცინვად აღიქვა და გააბრაზა მისმა უნიათობამ.

  -არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრამ ხელისუფლება დაამცირა. პირიქით, თუ ხელისუფლება სწორ ანალიზს გააკეთებს, ნახვს, რომ ეს მის სასარგებლოდაა და  რა თქმა უნდა ამას სწორი მიდგომა სჭირდება. თუ ხელისუფლება ამ შეხვედრით დაფრთხება და მოსალოდნელ საფრთხეებს წარმოიდგენს, დაიწყებს ქაჯებზე ნადირობას, მათ შორის სააკაშვილის მიერ ნახსენები პირების მიმართაც, ეს ხელისუფლების დიდი შეცდომა იქნება. მიხეილ სააკაშვილის განცხადება სწორედ ამისთვის არის გათვლილი. პირადად მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ამ ყოველივეს  ღიმილით მოვისმენდი. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ყველა საქმე კარგად არის და ქვეყენაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებ.

  -შემოდგომა დაიწყო. რამდენად ცხელი იქნება ის პოლიტიკურად და რას უნდა ველოდეთ?

  -პოლიტიკურად ის ისედაც ცხელია. უკრაინაში საშინელი მდგომარეობაა. ქვეყნის შიგნით მდგომარეობას კი გარე მდგომარეობა განსაზღვრავს. ცხადია, უკრაინაში სიტუაციის ძალოვანი ესკალაცია უელსის სამიტს უკავშირდება. საქართველოში არანაირი დესტაბილიზაცია მოსალოდნელი არ იქნება. ხელისუფლებას დესტაბილიზაციის აღმოსაფხვრელად ყველანაირი საშუალება გააჩნია.

  ამ ხელისუფლებას ძალიან დიდი მტერი ჰყავს საქართველოში. ეს არის : სიღარიბე,  უმუშევრობა და მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა. ამ მიმართულებით ჯერ ძალიან ცოტა კეთდება. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების არასწორი მოქმედება- სიხარბე, პრემიერ-მინისტრთან არსებული გაუგებრობა, არანორმალური ღია, აშკარა ნეპოტიზმი ადამიანებში უარყოფით განწყობას ქმნის, განსაკუთრებით მათში, რომელთაც  "ქართული ოცნების" იმედი ჰქონდათ , რომ ცვლილებები განხორციელდებოდა. ხელისუფლებას  "ნაც -მოძრაობის" და სააკაშვილის არ უნდა ეშინოდეს, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, მას  ამ მდგომარეობის უნდა ეშინოდეს.

  -უკრაინაში სიტუაცია იძაბება, პოროშენკო იარაღს ითხოვს, რუსეთზე კი არც სანქციები მოქმედებს და არც ევროპის შეშფოთება. უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას ემატება მუსულმანთა გააქტიურება და მესიჯები ევროპას. ხომ არ ხედავთ მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებას?

  -უცხოეთის პრესას თუ გადავხედავთ, ამ ომს ყველა უფრთხის, არა მგონია დღეს  რომელიმე სახელმწიფო გლობალური დაპირისპირების მომხრე იყოს. უკრაინაში ინტერესების ძალიან მძიმე ფორმის შეჯახებაა, საერთაშორისო თამაშის წესი მოშლილია, უკრაინის კრიზისი მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს ურთიერთობის დალაგებისკენ  და გარკვეული ბალანსის დამყარებისკენ  უბიძგებს.  მე მარტივი პრინციპიდან ამოვდივარ, ის, რაც მე-2 მსოფლიო ომმა დაალაგა, იგი ახალი მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით  შეიძლება იქნეს გადალაგებული. შედეგების პროგნოზირება არავის შეუძლია, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ყველა მთავარი მოთამაშის მიერ ინტერესების მოთოკვაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მათ შორის ჩვენც შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მარტონი ვრჩებით, იმისთვის, რომ საუთარი თავი და სახელმწიფო გადავარჩინოთ, დიდი გონიერება გვჭირდება. ემოციების და იდეაფიქსების დეკლარირება არ გვარგებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ცოტა გონიერ ადამიანს ვხედავ, ისინი ემოციურები არიან, ვფიქრობ, მე-3 მსოფლიო ომიც რომ დაიწყოს, რიტორიკას არ შეიცვლიან და ისევ ზღაპრების დონეზე იქნებიან.

  -ნეპოტიზმი და კანონდარღვევები ეს ოცნების ხელისუფლების პრიორიტეტებია!-ასეთი აზრია საზოგადოების და ოპოზიციის დიდ ნაწილში. რამდენად სწორია ეს აზრი?

  -ეს საქართველოს უბედურებაა, ჩვენ  ვერ გამოვედით ტოტალიტარული შტამპებიდან. აქ სხვა ურთიერთობებია საჭირო. ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. თუ შენ მოდიხარ ხელისუფლებაში და შენს ნათესავებს "მიათრევ", რომელსაც არანაირი ნიჭი და უნარი არ გააჩნია ასე წარმატებას ვერ მიაღწევ იმ ჭაობში დარჩები, რასაც ქართული წარმოდგენა ჰქვია, ბიძაშვილ-მამიდაშვილს, მეგობარს რა სჯობია, მაგრამ ეს სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

  -და ბოლოს, საით მიდის საქართველო?

  -არსად არ მიდის, ჩვენი წასვლა-წამოსვლა მსოფლიო კრიზისზე  და უკრაინაზე  იქნება დამოკიდებული. საპანიკო არაფერია, მშვიდად და ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ, მთავარია საერთაშორისოდაპირისპირებაში არ გადაიზარდოს .

ესაუბრა ნათია ხარბედია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: