ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ამერიკისა და ევროპის ერთგული მეგობარი და მოკავშირეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ამერიკისა და ევროპის ერთგული მეგობარი და მოკავშირეა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია დგას ქვეყნის სათავეში. განცხადება ამის შესახებ პრემიერმა ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება აშშ-სა და ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებასთან დაკავშირებით თან ხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი. მზარდი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისაკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირებულებები. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ნატოსთან ჩვენი კავშირების გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობებს და გვთავაზობს მათი განმტკიცების გენერალურ გეგმას", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას აშშ-სა და ევროპასთან.
"ჩემთვის ნათელია პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. საქართველო არის ამერიკისა და ევროპის ერთგული მეგობარი და მოკავშირე მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია დგას ქვეყნის სათავეში. ჩვენი ინტერესები თან ხვდება და ჩვენი მეგობრობა მტკიცე ნიადაგზეა აღმოცენებული - დემოკრატიის ძლიერი მხარეც ხომ ეს არის: მიუხედავად იმისა, რომ გემის კაპიტანი შეიძლება შეიცვალოს, თავად გემი კვლავაც განაგრძობს სვლას სწორი მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.