გიორგი კოდუა ქართულ ცას ქართულ ავიაკომპანიებს უბრუნებს?!

გიორგი კოდუა ქართულ ცას ქართულ ავიაკომპანიებს უბრუნებს?!

"ჩვენ ვაყალიბებთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაზე არ იქნება მიბმული, მათ შორის, არც ეკონომიკის სამინისტროზე", _ აცხადებს კომპანია sky georgia-ს პრეზიდენტი გიორგი კოდუა.


მისი განმარტებით, სამოქალაქო ავიაციაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების მიზნით, ასევე დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანება" შეიქმნა. ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კოდუა იქნება.


"მე ყოველთვის ვსაუბრობდი დარგში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ ვაყალიბებთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაზე არ იქნება მიბმული, მათ შორის, არც ეკონომიკის სამინისტროზე. ჩვენი დაფინანსების ძირითადი წყარო თავდაპირველად ორგანიზაციის წევრთა მიერ გაკეთებული შემოწირული ფინანსები იქნება, ხოლო შემდეგ დავიწყებთ გრანტების მოძიებას. ვიცი, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებით", _ აცხადებს გიორგი კოდუა.
გიორგი კოდუას თქმით, ორგნიზაციის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობაა, რისთვისაც ახლადდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში სამოქალაქო ავიაციის წინაშე მდგომი პრობლემების ანალიზის მომზადებას გეგმავს, ამასთან შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით და მჭიდროდ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს დასახვეწად.


"ჩვენი მიზანია, მოხდეს ავიაკომპანიების ინტერესთა ერთიანობა. ჩვენ გვინდა ქართულ ბაზარზე დაბრუნდნენ ქართული ავიაკომპანიები", - აცხადებს გიორგი კოდუა.


აღსანიშნავია, რომ აქამდე ასეთი ორგანიზაცია არ არსებობდა და კომპანიებს თავად უხდებოდათ სახელმწიფო უწყებებთან პრობლემების მოგვარება. გაერთიანება მხარს უჭერს "ღია ცის" პოლიტიკას, თუმცა მიაჩნია, რომ მთავრობამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა ქართული კომპანიების ხელშეწყობის მიზნით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: