საშემოდგომო გაწვევა დაიწყო!
2012 წლის სავალდებულო სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში იმყოფებოდა, სადაც თანამშომლებს შეხვდა და საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვთ გადავადების ან გათავისუფლების უფლება.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე სულ 9 600-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება, რითაც მთლიანად დაკომპლექტდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები. ამჟამად უკვე გაწვეულია 5200 წვევამდელი. საშემოდგომო გაწვევა 31 დეკემბერს დასრულდება.