ვაცადოთ ფრთხილად და ვიჩქაროთ ნელა! ანუ ყავის მსმელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!

ვაცადოთ ფრთხილად და ვიჩქაროთ ნელა! ანუ ყავის მსმელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!

რატომ? იმიტომ, რომ ბენდუს  უთქვამს, Чтобы заниматься оппозиционной деятельностью, ты должен быть нищим – у тебя не должно быть ничего, что можно было бы отнять–ო!  როგორ იქნება აწი მაგათი (ანუ ოპოზიციის) საქმე, არ ვიცი... ჩვენს "გაღლეტილ" ოპოზიციონერებს  ასეთი ფორმულირება წისქვილზე წყალს ვერ დაუსხამს... თუმცა, სადღაა სამაგათო წისქვილი?! ბორანივით მოგვჭამა ჭირი. 


–    გვიყვარს კარგი ცხოვრება და რა ვქნათო?


აწი და მეტი რაღა უნდა ქნათ? იავნანამ რა ჰქმნა(თავის დროზე, რა საკვირველია...), ვერ ნახეთ? დასხედით და იპოვეთ 5 განსხვავება, მეტი რა საქმე გაქვთ? ცოტას წაგეხმარებით – ქეთო ლეკებმა გაიტაცეს, პეტო –  ქისტებმა... იქ გოგო იყო, აქ ბიჭი და ა.შ.


რა დრო იყო, ახლანდელი პრეზიდენტი, რომ ჯერ კიდევ იუსტიციას მინისტრობდა?! მარჯვენა ბეჭი და მარცხენა მენჯი  მაშინ ამოიგდო ნერვიულობისგან – სანამ პეტრეს იავნანის ჰანგზე რამე  დაუმღერებია, პავლეს ტყავი არ გააძრონო და ... ეჰ, გასახსენებლადაც არ ღირს, მაგრამ, ამ თინას რომ არაფერი ავიწყდება?!!...


ამიტომ ვამბობ,  ამიერიდან მადლია, იმ ეთიოპიელი მწყემსის ხსოვნა–არდავიწყების მერე, დილის დღის წესრიგში ამათი ჯანზე ყოფნისაც  ვთქვათ, თორემ, რა დღეში აქვთ ნერვები?! ... როგორ დაიცავენ თავს "სოციუმის დამღუპველი ზეგავლენისგან", არ ვიცი... პარლამენტარის იმუნიტეტი მაგაზე ვერ ჭრისო...


როცა თავს "პატრიოტული ელიტის" წარმომადგენლად მიიჩნევ, რაღაც–რაღაცებზე თვალი უნდა დახუჭო! წესია ასეთი. თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ, ამ მიმდინარეობის ფუძემდებელ პატივცემულ  ნუგზარს,  რატომ ვეღარ უყურებენ ერთმანეთს გოკა გაბაშვილი და აკო მინაშვილი თვალებში? აკოს ადგილას კი წაინერვიულებდა კაცი, მისი სიდედრის პოპულარობა ისეთ მაჩვენებლებს აღწევს ლექსად თუ პროზად,  მაგრამ სადაა კაცი და კაცური გადაწყვეტილებები?..


ძირძველ "დემოკრატ-ნაციონალს" გიორგი ბარამიძეს, ისეთი საყვედურიანი ტონი და მიმიკა დასჩემდა, ლამისაა დაგვაჯეროს თავის გულწრფელობაში. აშკარად გამოღმა ნაპირი ურჩევნია, მაგრამ, ვინ უშვებს?  არა არის ოპოზიციონერობა თქვენი საქმე ბიძიკოებო! თქვენი საქმეა  სხვის ხარჯზე თბილად ჯდომა.  და ხალხის სახელით ნუ გველაპარაკებით. უხერხულია უბრალოდ...


ისე, რა უცნაურია   ცხოვრება? ყველაფერს წარმოვიდგენდი და ჭიპმოჭრილი და ტვინდაჩიპული "ნაციონალები" თუ ყველაზე აქტიურები იქნებოდნენ "ქართული ოცნების" დაპირებების შესრულების მოთხოვნაში, რას წარმოვიდგენდი? არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეგენიც "ოცნების" დაპირებებს დახარბდნენ და 41-იც აქვს შემოხაზული ზოგ-ზოგიერთს. ჰოდა, როგორც კუბდარის მოყვარულმა ბარამიძემ ბრძანა,  "ახალმა  ხელისუფლებამ  "ნაციონალების" გინებას თავი დაანებოს, რადგან გინებით საქმე არ გაკეთდება და ხალხის ოცნებების ასრულება დაიწყოს."


რაზეა საუბარი პატივცემულო გიორგი? ვიცით გული რაზეც გწყდებათ, თქვენი კინო მორჩა და "ამ კინოს" გადასაღებ მოედანზე ახლა "მატორ"–ს სხვა დაიძახებს...
ეს  გაერო რაღას გვერჩის, არ ვიცი?! რაც ამ ქალაქის "გაბრწინებაში" სააკაშვილმა ოფლი, ცრემლი და დუჟი ჩაანთხია! რა სინდისით შეგვიყვანეს მომაკვდავი ქალაქების სიაში?  იცოდა ეს  ამბავი მიშამ, ამიტომაც გაააქტიურა ქუთაისი...


ასეა რააა.... თავის დროზე ერთმა გენუელმა ინდოეთს ვერ მიაგნო და, ახლა მაგის დაბნეულობის გამო, ხალხს ქარიშხალი სტანჯავს... ცხონებული ქრისტეფორეს სული ისე შეწუხდა ამ დღეებში ქართველი ემიგრანტების მოკითხვებით,  ნორმან ლეივ ერიქსონთან გადაამისამართა ყველა და "პირველაღმომჩენის" სტატუსიც ღირსეულად დათმოო.  
აქ ვინ რას დაგითმობს?! მაინც ბევრი გვაკლია ჭეშმარიტ ამერიკულ დემოკრატიამდე!


ამერიკელებს რა უჭირთ? ჯინსებით მაინც გაიმართლებენ თავს და გამოისყიდიან დანაშაულს მრისხანე სამსჯავროზე "კოკა-კოლა"-ს, ჰამბურგერის და უმცროსი ბუშის გამო...
ზოგადად ხელისუფლებისთვის  ცნება "ხალხი" რთულად აღსაქმელია.  ჩვენ ყველა  მათთვის გადასახადის გადამხდელები ვართ... "წინა ცხოვრებაში"  ასე იყო და ახლა ვნახოთ...


გადაიხადე გადასახადები? აბა, მშვიდად დაელოდე ქვეყნიერების დასასრულსო! - ასე მახვილგონივრულად ოხუნჯობდა ერთ დროს დღევანდელი ოპოზიცია... ოხუნჯობაზე გამახსენდა, საპარლამენტო  იუმორის კომიტეტის თავმჯდომარედ ხაჩიძეს არ ნიშნავენ? პრეტენზიები ჰქონია  უმცირესობას, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე "ჩვენიანი" უნდა იყოსო და მსგავსი  სულელური და უნიჭო ხუმრობები სწორედაც გოგას მიმართულებაა. არც ექს-ნაციონალი მძლეოსანი უჩივის იუმორს –  ასანიძეს  ახალ  ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სურს და ივანიშვილისგან  დაფინანსების მიღებაზეც კი თანახმაა.


პირველი ოქტომბრის მერე ჯონდი მოვისაკლისე ერთობ! ისე აგიხდეთ ყველა ოცნება, როგორც  გუშინ  "ვერსიის" ფურცლებზე მისი გამოჩენა ამიხდა. გამოჩნდა, რა თქმა უნდა, დროებითი გაუჩინარების მისეული ვერსიით. არადა, როგორ მეგონა, წინასაარჩევნოდ შეძენილ ახალ პოლიტიკურ პარტნიორთან ერთად, მოსახლეობისთვის დაპირებულ განახევრებულტარიფიან  კომუნალურ ქვითრებს აგროვებდა. ამან კიდევ, ტაიმ-აუტი ავიღეო. ისე, რამ გათქმევინათ ასეთი ტყუილი ამომრჩევლისთვის, თქვე კაი კანდიდატებო?! აღარ მოვა ოქტომბერი თუ პოლიტიკაში მოსვლა-დარჩენის ამბიციები გაგიხუნდათ?


კომუნისტებს არსებობის ისტორიაში  ერთი ჭკვიანური ფრაზა ჰქონდათ, ახლა რომ სლოგანს ვეძახით: კადრები წყვეტენ ყველაფერსო! მთავარია, იმ ყველაფრის გადამწყვეტმა კადრებმა ჩვენც არ გაგვწყვიტონ და ემანდ ნეპოტიზმის ვარდობის ხანა არ დაგვიდგეს...


ყოველ  შემთხვევაში, ყოფილმა სახალხო დამცველმა და აწ უკვე საპატიმროების მინისტრმა თავისი კადრის წყალობით, გუშინ სერიოზული მინუსი "აირტყა" კომუნიკაციის მიმართულებით.


ეგ კი არა და,  რა ამბავია სოფლის მეურნეობაში ერთი მინისტრი და 5 მოადგილე, თან ყველა მამაკაცი? ერთი მინისტრი თუ გვყავდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გენდერული ინტერესების დამცველი, ქვეყანაში ქაცვის მოსავლის გეგმა ვერ სრულდებოდა თუ რა?


ვაცადოთ, ჯერ მიიხედონ – მოიხედონო! მეც მაგას არ ვამბობ? მაგრამ, ხომ შეიძლება თავიდანვე სწორი მიმართულებით გაიხედონ? ეტყობა თანამდებობრივი სავარძელი მსოფლმხედველობას, გარკვეულწილად, მაინც აქვეითებს...


მოუთმენლობის სინდრომი გვჭირს სერიოზულ ფორმატში. სულ გვეჩქარება,  გამუდმებით ვშიშხინებთ, ვთუხთუხებთ, ეპითეტი "შვიდთვიანიც" ჩვენი ან ჩვენთვის მოგონილია, დღეს ყველაფერი გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ   "დღევანდელ კვერცხებს" გუშინ გემრიელად შევექცევით ხოლმე... "ხვალ" კი  ცის გახსნას და ქათმების ცვენას ისეთი დაბეჯითებით ველით, თითქოს დედალს  საბუდარში  ბოლომდე ვაცადეთ მოკრუხება...


გულის ნაცვლად წამზომები გვიწიკწიკებს, წუთებს ვუთვლით ერთმანეთს,  ჯიბით დაგვაქვს გამადიდებელი, რათა დავინახოთ სხვის თვალში წამწამი და არ შევიმჩნიოთ საკუთარში  დირე... მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ჩვენი ქვეცნობიერი "ვაცადოთ" იმდენად ძლიერი და ფესვმაგარია, შეგვიძლია 4, 8, 12, 20 წელიც  ვაცადოთ...  მერე უცებ დაგვამუჯლუგუნებს ან გვიჯიკებს ვინმე და თვალების ფშვნეტით ავყაყანდებით, – " რა დრო გასულა"  და – "უი, ეს რა დაგვემართაო!"


ჰოდა, აღარ გვინდა, რა!.. ვაცადოთ ფრთხილად  და  ვიჩქაროთ ნელა!


სახადი მოსახდელია. ჯერ კიდევ ინკუბაციის პერიოდი გვაქვს.


"თეთრების" თემური, თავის რაზმთან ერთად  ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საზოგადოებისთვის საშიშია, რადგან გადატრიალებას ამზადებს. დაგვიზუსტოს ბატონმა შაშიაშვილმა, რომელ მხარეს სურს ჯერ მაინც კიდევ პრეზიდენტს გადატრიალება და წავეშველებით, არაა პრობლემა.


ძალიან ბევრი ვიცინე – კანონით არ ეკუთვნისო, მაგრამ მორალურად კარგახნის გადამდგარი უნდა იყოს გიგიო! კარგი რა, საზოგადოებავ! რა მორალი?!


გავიხუმრე და ყველას გაგეცინათ. საინტერესოა, რაზე იცინით, ჩემზე თუ ხუმრობაზე?  ქვორუმი თუ  შედგა, მიშამ თავის საკბილო უკბილო პენსიონრებს მოკითხოს..


თუ დეკემბერში ქვეყნიერების დასასრული არ დადგა, "ნაციონალების" ცხოვრება ყოველგვარ აზრს დაკარგავს...


მაგათ მესამედ მოსვლამდე არაფერი გვეტკინოს!


ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: