ივლიანე ხაინდრავა:-"მთელი დასავლური სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

ივლიანე ხაინდრავა:-"მთელი დასავლური სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

   -"საქართველოს ნატო–სთან სიახლოვის ხარისხმა უელსის სამიტის შედეგად იმატა"-განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ. მისივე ხედვით კონფროტაციის შერბილება ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე არ მოხდება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველო რუსეთის პოზიციას იმდენად გაითვალისწინებს, რამდენადაც ის არ შეეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ, გრძელვადიან ინტერესებს. 

   -"არის სამოქმედო დიაპაზონი, მაგრამ არის საკითხები, რომელთა დათმობაც ჩვენთვის დაუშვებელია. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებას, მდგომარეობა განსხვავებულია. უკრაინის კანონმდებლობით ის ბლოკგარეშე ქვეყანაა. ჩვენ კი ქვეყანაში პლებისციტი გვაქვს ჩატარებული ნატო–ს თემაზე, სადაც ჩვენი მოქალაქეების დამაჯერებელმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ ნაბიჯს. ამდენად, ეს საკითხი ეროვნულ ინტერესებში შედის.

   არ გამოირიცხება საქართველოს წევრობა ნატო–ში ისე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები არ მოგვარდება, მაგრამ ნატო და მთელი დასავლური სამყარო და ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

ამდენად, ნატო–სთან დაახლოება, ან ინტეგრაცია, არა მხოლოდ არ ხსნის ამ საკითხს, არამედ პირიქით, აძლიერებს საქართველოს პერსპექტივებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

   კეთილი ნებით ასეთ ნაბიჯს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან არ უნდა ველოდოთ, მით უფრო ბოლო პერიოდში მის მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, მაგრამ არსებობს საქართველოს ეროვნული ინტერესები, არსებობს უსაფრთხოების საკითხები გლობალური ევროპული მასშტაბით და ეს ინტერესები დგას წინა პლანზე და მათი დათმობა ვიღაცის ახირებების გამო, საქართველოს მხრიდან და როგორც ჩანს, არც დასავლეთის მხრიდან არ მოხდება"–განაცხადა ხაინდრავამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: