ბეჟან ბეჟუაშვილი: - „სამართალი ჯერჯერობით „ურმით დადის“ და სწრაფლმავალ ტრანსპორტზე უნდა გადმოვსვათ!“

ბეჟან ბეჟუაშვილი: - „სამართალი ჯერჯერობით „ურმით დადის“ და სწრაფლმავალ ტრანსპორტზე უნდა გადმოვსვათ!“

„სამართლის სახლი“ სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და უკვე საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. რა მიზნები და ამოცანები აქვთ დასახული კომპანიის ხელმძღვანელებს და როგორ აპირებენ ამის მიღწევას, „ივერიონი“ „სამართლის სახლის“ დირექტორს ბეჟან ბეჟუაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ბეჟან, თქვენი კომპანის სახელწოდება „სამართლის სახლი“საკმაოდ პრეტენზიულია იმ ქვეყნისთვის, სადაც სამართალი ჯერ კიდევ „ურმით დადის“. დავიწყოთ იმით, თუ რით არის განსხვავებული თქვენი ორგანიზაცია სხვა იურიდიული კომპანიებისგან და მომსახურების რა გამორჩეულ სერვისს სთავაზობთ საზოგადოებას?


- პირველ რიგში, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, შემიძლია პირდაპირ გითხრათ: ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ სრულიად ახალი სამართლებრივი კულტურა. სწორი შეფასებაა - სამართალი ჯერჯერობით მართლაც „ურმით დადის“, თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა და პირველ რიგში იურისტებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ურმიდან ცოტა სწრაფმავალ ტრანსპორტზე გადმოვსვათ სამართალი და ცოტა ეფექტური, უფრო სწორად, ბევრად ეფექტური გავხადოთ ის ადმაიანებისთვის.
ამ მიზანს ემსახურება ჩვენი „სამართლის სახლის“ შექმნაც. იდეის ავტორი და დამფუძნებელი გახლავთ ცნობილი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის სამართლის და სამართლიანობის ფასი.

- თქვენ თამაზ ელიზბარაშვილი ახსენეთ - მგონი ის ერთადერთი  ბიზნესმენია, ვინც  სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი იყო და რომელმაც  შეძლო ამ ხელისუფლების პირობებში დაებრუნებინა წართმეული ქონება. ამსთან, ყველა ბრალდებაში გამართლებულიყო, რასაც წინა ხელისუფლება ედავებოდა...


- ნამდვილად ასეა, აქვე მინდა დავამატო, რომ მას ბრწყინვალე ადვოკატთა გუნდი იცავდა, მეამაყება, რომ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი - მაღალპროფესიონალ კოლეგებთან ერთად მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე სამართლიანობის აღდგენაში. აქ საუბარია სამართლიანობის და სიმართლის თემის განცდაზე. თამაზ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომლის  ყოველი დღეც  იწყება ფიქრით: - რა გავცე, მოყვასს როგორ დავეხმარო, ვის ვჭირდები, ის არის ადამიანი, რომელიც იქეთ ეძებს სოციალური ქსელის, პრესის თუ ტელევიზიის საშუალებით გაჭირვებულს და მერე ჩუმად უმართავს ხელს... ასეთი ადამიანი რეპრესირებული იყო „ნაციონალური“ რეჟიმის მიერ, რომელსაც საქართველოს  იურისპუდენციის ისტორიაში ალბათ უპრეცედენტო  გირაოს თანხა - ექვსი მილიონი ჰქონდა შეფარდებული! დაშანტაჟებული იყო მისი ოჯახიც - ახლა ამ საქმის დეტალებს აღარ მოვყვები... 
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პროცესები კვლავ მიმდინარეობდა და მხოლოდ 2014 წლის 11 თებერვალს დადგა გამამართლებელი განაჩენი. შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა: სამართალმა გზა რომ იპოვა, იყო თამაზ ელიზბარაშვილის შეუპოვრობის, მისი პრინციპული პოზიციის შედეგი - რა თქმა უნდა, ამაში ადვოკატთა გუნდის პროფესიონალიზმიც იგულისხმება. ბატონმა თამაზმა დაინახა, რომ თუ ასეთ გავლენიან და პოპულარულ ადამიანს, ამასთან, წარმატებულ ბიზნესმენს შეიძლება სახელმწიფომ ამხელა პრობლემა შეუქმნას - სამართალი ვერ ნახოს, მაშინ რა დღეში იქნება ჩავარდნილი რიგითი მოქალაქე, ვისაც არც ამხელა ავტორიტეტი აქვს, არც ფინანსურ საშუალებებზე მიუწვდება ხელი და ამ დროს შეიძლება რომ ის იჩაგრებოდეს, აი, სწორედ ამან უკარნახა მას დაეფუძნებინა იურიდიული კომპანია „სამართლის სახლი“, რომლის ძირითადი მიზანი, როგორც ადრე გითხარით, სამართლიანობის დამკვიდრების ხელშეწყობაა.

-  რამდენადაც ვიცით, „სამართლის სახლს“ აქვს შეღავათები სოციალურად დაუცველთათვის. მოდით აქვე ავუხსნათ მკითხველს - ვის და რა საკითხზე შეუძლიათ მოგმართოთ, სად მოგმართონ და რა პროცედურებია ამისთვის საჭირო?


- ბატონმა თამაზმა ყველაზე კარგად იცის, თუ რა დღეშია საზოგადოება, ამიტომ მისი უშუალო გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველებს ვემსახურებით უფასოდ, პენსიონრებს და დევნილებს პრეისკურანტით გათვალისწინებულის ნახევარ ფასში, მეორე ნახევარს კი თავად ბატონი თამაზი აფინანსებს. 
მართალია, ჩვენ პრეტენზია გვაქვს გლობალური საკითხების კვლევა-ძიებაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღების მიღმა დარჩეს ამა თუ იმ ადამიანისა და ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები. ასე, რომ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერი პრობლემით. აქვე გეტყვით, რომ მოქალაქეებმა უნდა მოგვმართონ მისამართზე: სულხან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩა, #26, ან შეუძლიათ დარეკონ 2-19-09-90. ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები ყველას თავაზიანად დახვდებიან და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან. ეს არის ჩვენი მიზანი,  რაც შეეხება დევიზს - ჩვენ ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანიაა ვართ. ამას საკუთარ თავზე გამოცდის ჩვენთან მოსული ნებისმიერი მოქალაქე.

- რა არის თქვენი კომპანიის ძირითადი პრიორიტეტი და როგორ შეძლებთ თქვენ დღევანდელ სამართლებრივ სივრცეში ამის უზრუნველყოფას?


- მინდა დავესესხო ცნობილ გამოთქმას-„ორი ყური უფრო კარგად გაიგებს, თუ ოთხიო“, აქ შეიძლება ეს თემები გადმოვიტანოთ და ვთქვათ ტვინზეც, ადამიანებზეც. ჩვენიკომპანია აერთიანებს როგორც  პრაქტიკოსებს, ასევე თეორიტიკოსებს იურისპრუდენციის ყველა მიმართულებაში. ჩვენ დავნერგეთ საექსპერტო კულტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცნობილი პროფესორები, როგორებიც არიან ბატონი გია მეფარიშვილი (სისხლის სამართალი), ქალბატონი ლალი ლაზარაშვილი  (სამოქალაქო სამართალი), ასოცირებული პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი (რომელიც ახლა გერმანიაშია და მიუნხენის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს), კონსილიუმებში ერთვებიან. ისინი აკეთებენ დასკვნებს კონკრეტულ საქმეზე და სასამართლოზე წარდგენილი პროდუქცია ჩვენს მიერ იწოდება „სამართლის სახლის“ პროდუქციად და არა პირობითად ბეჟან ბეჟუაშვილის ნააზრევად, ანუ ეს არის არსებითი განსხვავება მოქმედ კომპანიებსა და ჩვენს შორის! 
პრეტენზია გვაქვს  გუნდური მუშაობის პრინციპზე.  რატომ არის სხვებთან შედარებით უკეთესი პირობები? დავუშვათ, თქვენ დაგჭირდათ ადვოკატი კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად, დალხენილი ადამიანი ადვოკატთან არ მიდის, ეძებთ სამართალს, მოხვედით ჩვენთან და იგივე ფასში, რასაც სხვა კომპანიები გთავაზობენ, ჩვენთან ყიდულობთ 25 ადამიანის ცოდნას და გამოცდილებას, რაც გარკვეულ გარანტიასაც გულისხმობს. ახლა თქვენ თვითონ თქვით, რომელი შეთავაზებაა უფრო უპრიანი...

- ისევ წინა კითხვას დავუბრუნდეთ: დღევანდელ სამართლებრივ სივრცეში შეძლებთ თუ არა იმ მინიმუმის მიღწევას,  რომელიც მიზნად დაისახა კომპანია „სამართლის სახლმა“?


-ამის იმედი რომ არ გვქონდეს, არც მატერიალურ და არც გონებრივ რესურსს არ დავხარჯავდით... ისეთი კაზუსური გადაწყვეტილებები, ისეთი თემები მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მე ამდენი წლის სტაჟი მაქვს, ვატყობ რომ ვიზრდები - ახალს ვგებულობ... ისე რომ, არც თუ ისე უიმედოდაა საქმე...

- „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებთ, რომ ივანიშვილის მიერ მიცემული პირობა - ხალხს დავუბრუნოთ სახელმწიფოს მიერ წართმეული ქონება - არ სრულდება, ანუ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. რა უნდა გაკეთდეს დღეს ქვეყანაში იმისათვის, რომ ეს ჯებირი გავარღვიოთ და არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მზად  დაპირება შეასრულოს? როგორ ვაიძულოთ  ხელისუფლება, რომ ხალხს დაუბრუნოს წართმეული ქონება?


- ჩვენ შორს ვართ პოლიტიკური განცხადებებისგან, შორს ვართ პოლიტიკისგან, მაგრამ ვხელმძღვანელობთ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით, ანუ ჩვენთვის, ჩვენი კომპანიისთვის არ არსებობს საშინაო და საგარეო სიმართლე, თანამოაზრეების გუნდი ვთვლით, რომ პრობლემა რაც არის და როგორც არის, ეს უნდა წარმოჩინდეს, რათა გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, ამისთვის ერი და ბერი ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი შევასრულოთ, ქვეყანა მოვაქციოთ არა ავტორიტეტების, არამედ კანონიერების მართვის ქვეშ. ჩვენ უნდა შევქმნათ სამართლებრივი სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული  უფლებები. აი ამისთვის,  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ - დიახ, ნორმების ზუსტი და კვალიფიციური იურიდიული განმარტებებით უნდა დავასაბუთოთ, რომ ესა თუ ის მოსაზრება არის მცდარი, ან პირიქით, სწორედ ეს არის ჭეშმარიტება.

- ინტერვიუში თქვენ კონკრეტულ პიროვნებებს ასახელებთ, გაქვთ პრეტენზია ეკონომიკის მინისტრის მიმართაც და ამბობთ, რომ მათ არ უნდათ ქონება დაუბრუნდეს მფლობელს,  გყავთ მოხსენიებული მინისტრიც, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, ქვეყანაში რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება, მაშინ მინისტრიც შეასრულებს დავალებას და თანამშრომლები მითუმეტეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ არის მათი ახირება...


- აბსტრაქტულმა და ზოგადმა მსჯელობებმა წლების განმავლობაში ქართული საზოგადოება გახადა ინერტული. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგცეთ ეკონომიკის მინისტრმა. მე არ ვარ მკითხავი და წინასწარმეტყველი, მე მოვიყვანე უტყუარი ფაქტები და შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო-ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ წართმეული ქონებები დაებრუნებინათ კანონიერი მფლობელებისთვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ზედმეტი სასამართლო განხილვები. ეს შეეხებოდა კერძო პირებს, ე.წ. ვითომ კეთილსინდისიერ მყიდველს და დაზარალებულს. ახლა საქმე გვაქვს არა კეთილსინდისიერ მყიდველთან, არამედ მის მიერ წარმოჩინებულ და მის გუნდში მოსულ მინისტრთან. აი სწორედ ამ მინისტრს ვეკითხები-ვერ გაიგო ივანიშვილის მოწოდება, თუ გაიგო და თანამშრომლები ეურჩებიან  და ისე არ აკეთებენ. როგორც კანონიერია? მინისტრობა მხოლოდ სავარძელში ჩაჯდომა არ არის, უფლებებთან ერთად აქვს ვალდებულებები, სამართლებრივი სახელმწიფო ზუსტად ამას გულისხმობს. თუ იცი და ამ პოლიტიკაზე ხარ - ვაი! თუ არ იცი და ვერ აკონტროლებ შენს თანამშრომლებს - ვუი! თუმცა ყველა შემთხვევაში რა ხდება სამინისტროში, უნდა თქვას მინისტრმა, თქვენ უნდა ჰკითხოთ, რა ხდება და რატომ ხდება? თუ სახელმწიფო არ იჩენს კეთილ ნებას და არ აბრუნებს ქონებას, რა მორალური უფლება აქვს მას მოუწოდოს მოქალაქეებს თქვენ დაუბრუნეთ ქონება სხვასო? მინდა გითხრათ, რომ ქონების დაბრუნების საშუალება აქვს მინისტრს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, მთავარია იყოს კეთილი ნება.

- ამ რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა“, რომელიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ მოძრაობას და აპირებთ თუ არა მასთან თანამშრომლობას?

- ჩვენ ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბატონი გია მეფარიშვილი სიტყვითაც გამოვიდა ამ ორგანიზაციის  პრეზენტაციაზე, თუ ისინი ჩათვლიან, რომ სჭირდებათ ჩვენი ინტელექტი, მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
სხვათაშორის, იქ თამაზ ელიზბარაშვილმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავისი ქონება დაიბრუნა, ბრძოლას ისევ აგრძელებს. არ შეიძლება რაღაცას ითხოვდე და თვლიდე, რომ შენ ეს გეკუთვნის და იმავდროულად რაღაცის შიში გქონდეს. თუ მოითხოვ, უნდა იმოქმედო და შეხვიდე ბრძოლაში ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოთხოვნა კი არ გამოდის, არამედ თხოვნა და თხოვნასა და მოთხოვნას შორის განსხვავება დიდია. თუ ვინმე თვლის, რომ მას მოსათხოვარი აქვს, მზად ვართ ჩვენი ორგანიზაცია მთელი საშუალებებით დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ სამართლის ძიებაში.
ჩვენ ისეთი პერიოდები გამოვიარეთ, რომ კარგად ვიცით სიტყვის, დახმარების და მხარში დგომის ფასი, ამიტომ ვეუბნებით აქ მოსულ ადამიანებს, თუ ბრძოლაა ერთად ვიბრძოლოთ მხოლოდ კანონის ფარგლებში.

- ბატონო ბეჟან, მოდით ოპტიმისტურ ნოტაზე დავამთავროთ საუბარი. თქვენ და ბატონი თამაზი ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ნახეთ, რომ ადრე თუ გვიან სამართალი მაინც ზეიმობს და ქვეყანაში გამეფებულ მუქ ფერებში სადღაც ნათელი წერტილიც არსებობს. რას ეტყვით მკითხველს?


- ღმერთმა ნუ ქნას, რომ მომავლის იმედი არ გვქონდეს, თუმცა, არა „მაქსიმალისტები“, არამედ „მინიმალისტები“ ვართ. მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ როგორც პრაქტიკოსი იურისტი და როგორც ადვოკატი, პოზიტივს ნამდვილად ვხედავ, თუმცა მაინც ბრძოლაა საჭირო!

 

- გმადლობთ.

 

ესაუბრნენ:
ქეთი მიქაძე, ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: