"საერთო გაზეთის" რედაქცია ბოდიშს იხდის!

"საერთო გაზეთის" რედაქცია ბოდიშს იხდის!

"საერთო გაზეთის" მიმართვა

ქალბატონ ირმა ინაშვილს

ბატონ დავით თარხან-მოურავს

ჟურნალისტებს _

ნინო ჯღარკავას

ირაკლი მანაგაძეს

ილია ჩაჩიბაიას

   მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ქალბატონ ირმა ინაშვილს, ბატონ დავით თარხან-მოურავს, ჟურნალისტებს _ ნინო ჯღარკავას, ირაკლი მანაგაძეს, ილია ჩაჩიბაიას და საერთოდ, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თვლიან, რომ `საერთო გაზეთის~ წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილში (`ჯოჯოხეთის ფილიალი დედამიწაზე, ანუ ქართული აბუ გრეიბის კოშმარები~) მათი ღირსების და პატივის შემლახველი ფრაზები დაიბეჭდა, რამაც მათი სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

   მე ვიზიარებ და ვუერთდები ამ აღშფოთებას და აქვე მინდა ერთი განმარტება გავაკეთო: სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გაზეთის გამოშვების დღეს გარკვეული მიზეზების გამო რედაქციაში დროულად მისვლა დამაგვიანდა, რის გამოც აღნიშნული პუბლიკაციის წაკითხვა ვერ მოვახერხე, თორემ აუცილებლად ვურჩევდი ავტორს, ამოეღო ის უხერხული და არაკორექტული ფრაზები, რასაც ამდენი ვნებათაღელვა მოჰყვა.

   აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ, როგორც გაირკვა, მასალა გვიან შემოვიდა რედაქციაში და მისი ყურადღებით და საფუძვლიანად წაკითხვა, დროის სიმცირის გამო, ნომერზე პასუხისმგებელმა პირმაც ვერ შეძლო.

   ეს იყო და ეს...

   პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ადამიანების ლანძღვა, მათთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათზე ჭორაობის და უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება.

აქედან გამომდინარე, იმ გაზეთში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, გაზეთის არსებობის მანძილზე, მკითხველი ვერ ნახავს ვერც ერთ პუბლიკაციას, სადაც ვინმესთვის პიროვნული შეურაცხყოფა მიგვეყენებინოს.

   ყოველივე ამის შემდეგ მით უმეტეს დასანანია, რომ უყურადღებობის და დაუდევრობის გამო ამ გაზეთის ფურცლებზე ასეთი სამწუხარო გამონაკლისი მაინც მოხდა.

გაუთვალიწინებელი შემთხვევებისგან არავინ არ არის დაზღვეული, მათ შორის არც `საერთო გაზეთი~, მაგრამ რა ვუყოთ უზნეობის იმ ჭაობს, რომელშიც ქართული მედიის ერთი ნაწილი უკვე ყელამდეა ჩაფლული. (სწორედ ამ ჭაობის ანაშხეფი და ანასხლეტი მოხვდა `საერთო გაზეთის~ ფურცლებზე).

კი, ბატონო, დავმალოთ, მივაფუჩეჩოთ, არ გავამხილოთ ეს უბედურება, მაგრამ როგორ და რანაირად?

შეიხედეთ სოციალურ ქსელებში, გადაფურცლეთ გაზეთები, დაათვალიერეთ ინტერნეტსაიტები და ფორუმები და ნახავთ, ცილისწამებების, ურთიერთბრალდებების რა კორიანტელი დგას იქ.

   რა ჰქვია ყოველივე ამას და მორალის და ზნეობის რომელ ჩარჩოებში ეტევა ყოველივე ეს?

   ვიმეორებ: ვინმეს დისკრედიტაციის და ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენების წინასწარ გამიზნული ზრახვა ნამდვილად არ მქონია, მით უმეტეს, არ მქონია ამის სურვილი ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის მისამართით, რომლებსაც წლებია ვიცნობ და თუ დამიჯერებენ ეს ადამიანები, ძალიან მიყვარს და დიდ პატივსაც ვცემ მათ, როგორც პიროვნებებს, რომლებმაც ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის.

   არ ზის ჩემს ხასიათში და ბუნებაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც მეგობრებად ვთვლი და პატივს ვცემ, ვუმუხთლო, თუმცა ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ შეიძლება ადამიანს ეჭვი გაუჩნდეს და არ დაგიჯეროს, რომ სიმართლეს ამბობ.

   სწორედ ეს მთრგუნავს და მაწუხებს ყველაზე მეტად და სწორედ ამის გამო ვიხდი ბოდიშს და არა იმის გამო, რომ მუქარების მეშინია ან პასუხისმგებლობას გავურბივარ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ნამდვილად არ წამიკითხავს და ნამდვილად არაფერი ვიცოდი იმ აღმაშფოთებელი ფრაზების შესახებ, რაც ამ პუბლიკაციაში იყო გაბნეული!

თუმცა თქვენ, ვინც ახლა `საერთო გაზეთსა~ და ჩემზე ხართ გაბრაზებული, ხომ ძალიან კარგად იცით, რომ არც მე და არც `საერთო გაზეთის~ რომელიმე თანამშრომელს ეს ფრაზები არ შეუთხზავს და თვითმიზნურად არ ჩაუსვამს ტექსტში?!

   "საერთო გაზეთმა", უბრალოდ, სარკის როლი შეასრულა და მისდაუნებურად, ის რეალობა აირეკლა, რომელშიც დიდი ხანია ვცხოვრობთ.

   ამის გამო სარკის დამტვრევას კი ნუ შეეცდებით, იქნებ სჯობდეს იმ მიზეზებზე დავფიქრდეთ, რატომ აქვს ამ რეალობას ასეთი სახე...

ვახტანგ ხარჩილავა

"საერთო გაზეთის"

მთავარი რედაქტორი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: