რატომ აწინაურებს სოზარ სუბარი მერაბიშვილის კადრებს?!
რუსთავის მე-16 სასჯეღარულებით დაწესებულებაში ხმაური იმის გამო ატყდა, რომ ახალ დირექტორს, ლევან აბურჯანიას ციხეში მის მიერვე დაჭერილი უდანაშაულო პატიმრები დახვდნენ. ამის შესახებ "ივერიონს" სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ამირეჯიბმა განუხცადა.
ამირეჯიბის თქმით, აბურჯანია 7 წელი მუშაობდა გარდაბნის პოლიციის უფროსად. "ლევან აბურჯანიას უამრავი უდანაშაულო ადამიანი ჰყავს დაჭერილი. ის იყო ვანო მერაბიშვილისა და ვასილ სანოძის მეგობარი. შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილის ერთ-ერთი ფავორიტი პოლიციის უფროსი იყო, "ვარდების რევოლუციის" მერე დანიშნა მერაბიშვილმა და ბოლო მომენტამდე მას არავინ შეხებია. ბაჩო ახალაიამ კი მოხსნა პოსტიდან, მაგრამ მაინც დატოვა უწყებაში", - აცხადებს ლაშა ამირეჯიბი.
მისი თქმით, ლევან აბურჯანიამ მე-16 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოადგილეებად ის ხალხი წაიყვანა, ვინც მასთან ასევე მოადგილეებად მუშაობდნენ, როცა გარდაბნის პოლიციის უფროსი იყი, კერძოდ, დავით სულუხია და ზურაბ ბერიანიძე. ამ სამეულს კი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი ჰყავს დაჭერილი და ბევრი მათგანი რუსთავის მე-16 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. "უფრო კონკრეტულად გეტყვით. იმ ციხეში აფხაზეთიდან დევნილი ვაჟკაცი დიეგო ელიავა ზის. ახლა მკვლელობის მცდელობისთვის რვაწლიან სასჯელს იხდის. არადა, სრულიად უდანაშაულოა და სწორედ აბურჯანანიამ აიძულა საკუთარ თავზე აეღო დანაშაული. დაემუქრა: ან "დანაშაულს" აღიარებ, ან არადა შენი ოჯახის ყველა წევრს იარაღს ან ნარკოტიკს ჩავუდებთ და დავიჭერო", - ამბობს ამირეჯიბი.
ლაშა ამირეჯიბი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს სოზარ სუბარს მოუწოდებს, კადრების შერჩევისას კარგად დაფიქრდეს - აბურჯანიას მსგავსი ხალხი სისტემას არ გააკაროს და ისეთ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და ვანო მერაბიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს.