ავთანდილ დემეტრაშვილი:-“მარგველაშვილი თავისი ნებით თუ არ გადადგა, ამ მხრივ მას ვერავინ შეეხება”

ავთანდილ დემეტრაშვილი:-“მარგველაშვილი თავისი ნებით თუ არ გადადგა, ამ მხრივ მას ვერავინ შეეხება”

   ,,ივერიონს“ ესაუბრება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

   

   -ბატონო ავთანდილ, ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ საქართველოს  უუფლებო პრეზიდენტის შესახებ, რომელსაც კიდევ უფრო შეუკვეცენ თავის კონსტიტუციურ  უფლებებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. ეწინააღმდგება თუ არა ეს კონსტიტუციურ მოთხოვნებს?

 

   -კონსტუტიცია ამ მხრივ არ შეცვლილა. პრეზიდენტის უფლებები არ შელახულა. შეიძლება ვთქვათ, რომ კონსტიტუციის გადახედვა იგეგმება, თუმცა პრეზიდენტი მაინც დარჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და საქართველოს წარმდგენად საგარეო ურთიერთობებისას. 

 

   -ბევრი საპრეზიდენტო უფლების პრემიერ-მინისტრის ხელში გადასვლა ხომ არ დააკნინებს პრეზიდენტს?

 

   -ჯერ ერთი, მარგველაშვილის ფუნქციებს კონსტიტუციური ცვლილებები ვერ შელახავს - იგი 5 წლის ვადით ხალხის მანდატით სარგებლობს. აი, მომავალი პრეზიდენტის შეზღუდულ თუ შეუზღუდავ უფლებებზე  კი შეიძლება ლაპარაკი. ანუ ვმსჯელობთ მომავალი პრეზიდენტის არჩევაზე არაპირდაპირი წესით (ანუ მას აირჩევს პარლამენტი ან სხვა სპეციალური ორგანო). დღეს მარგველაშვილი თავისი ნებით თუ არ გადადგა, ამ მხრივ მას ვერავინ შეეხება.

 

   -შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მარგველაშვილს ,,სტაცებენ“  ფუნქციებს, რაც კონსტიტუციის უგულებელყოფაა?

 

   -არა მგონია სტაცებდნენ! მარგველაშვილს სწორად ესმის პრეზიდენტის ინსტიტუტის დანიშნულება და მიუყვება კიდეც ამ გზას. ბოლო დროს განიხილება განათლების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს აქვს სტიპენდიების დანიშვნის უფლება. აი, ეს უფლება, მაგალითად,  შეიძლება ჩამოერთვას მას, რადგან ეს მისი სტატუსისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია არ არის. 

 

   -ბევრს საუბრობენ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირების შესახებ. შეიძლება თუ არა ამ კონფლიქტმა და შეცვლილმა კონსტიტუციამ ბუტაფორიად აქციოს პრეზიდენტი?

 

   -მარგველაშვილი ბუტაფორიად ვერ გადაიქცევა, ვიდრე მისი ადმინისტრაცია მის გვერდითაა, რომელმაც კარგად იცის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები.

 რაც შეეხება დაპირისპირებას, მე უარვყოფ ამას, რადგან ისინი ერთი გუნდის წევრები არიან.

 ხარვეზები თავად დღევანდელ კონსტიტუციაშია, რადგან ის შერეულ მმართველობას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

 

                           ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: