პოლიციის ქმედებების სათანადოდ შეფასება აუცილებელია

პოლიციის ქმედებების სათანადოდ შეფასება აუცილებელია

   მედიის განვითარების ფონდი (MDF) შეშფოთებას გამოთქვამს 7 სექტემბერს, 01:00 სთზე პოლიციის რეიდების დროს ვიდეო გადაღების შეზღუდვისა და ამ პროცესში ინტერნეტ პორტალ media.ge-ს ჟურნალისტის ნატა ძველიშვილის თანმხლები პირის დაკავების გამო.

   ჟურნალისტ ნატა ძველიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ მას და მის თანმხლებ პირს ვიდეოგადაღება აუკრძალა და მობილურ ტელეფონში გადაღებული კადრები წაუშალა. ახალგაზრდის  დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც მან პოლიციას მიუთითა, რომ მის მობილურში არსებული მედიაფაილები პირადი ინფორმაციის შემცველი იყო და მათი დათვალიერების უფლება სამართალდამცველებს არ ჰქონდათ.

   შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულ მოქალაქეს ბრალი წარედგინა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

   მისასალმებელია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაკავებული პირი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა, თუმცა ეს არ ხსნის დღის წესრიგიდან პოლიციის ქმედებების სათანადოდ შეფასების აუცილებლობას.

   სოციალურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ფუნდამენტურად შეცვალეს მედიის ტრადიციული გაგება, ხოლო ახალი მედიის ცნება ახალი აქტორების - მოქალაქე ჟურნალისტების მიერ საჯარო სივრცეში ინფორმაციის შეუზღუდავად შეგროვებასა და გავრცელებას გულისხმობს. შესაბამისად, პოლიციის ქმედება როგორც ჟურნალისტ ნატა ძველიშვილის, ასევე მისი თანმხლები პირის მიმართ უკანონოა და სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.

   მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

   · დროულად შეისწავლოს და სათანადო რეაგირება მოახდინოს მომხდარ კანონდარღვევაზე;

   ·  არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მონაწილეობით, შეიმუშაოს სპეციალური ოპერატიული ან სხვა სახის ღონისძიებების დროს ჟურნალისტებთან  და ზოგადად მოქალაქეებთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპები;

   ·პოლიციის აკადემიის სასწავლო კურსში სათანადო ყურადღება დაუთმოს პოლიციელთა მომზადებას  ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების პროცესში მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებს;

   მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს:

   · შეისწავლოს პოლიციის ქმედება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში  რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ინციდენტზე;

   · შეიმუშაოს  რეკომენდაციები პოლიციის მიმართ ანალოგიურ ვითარებებში პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად. 

წყარო: media.ge

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: