თედო ჯაფარიძე: საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ირანში საინტერესო და ძალიან რთული ვიზიტი ჰქონდა!
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ირანში საინტერესო და ძალიან რთული ვიზიტი ჰქონდა. განცხადება ჯაფარიძემ გუშინ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ირანში თედო ჯაფარიძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გუბაზ სანიკიძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ბიუროს მიაწოდეს.
"მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ვერ შევძელით, მოგვეპოვებინა სათანადო ინფორმაცია იმ უწყებებიდან, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხებით არიან დაკავებული. კარგი იქნება, თუკი შემდეგი ვიზიტების დროს პარლამენტის წევრები ამ ქვეყანაში სათანადოდ აღჭურვილნი წავლენ, რადგან მათ არა მხოლოდ საპარლამენტო ურთიერთობებზე ექნებათ საუბარი, არამედ თემებზე, რომლებიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, კონკრეტულ პროექტებს, ენერგოუსაფრთხოებას და ასე შემდეგ.
იყო რთული და ხისტი შეხვედრა ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილესთან. შეხვედრა დიდ პოლემიკაში არ გადაზრდილა, მაგრამ ყველაფერი შეგვახსენეს და არც ჩვენ დავრჩით ვალში. შეგვახსენეს ისიც, რომ ჩვენ თავის დროზე - რაც არ ვიცოდი, - ირანელი მეცნიერი დავაკავეთ, რომელიც ამერიკელებს გადავეცით და შემდეგ ამერიკელებმა დააბრუნეს", - განაცხადა ჯაფარიძემ ბიუროს სხდომაზე.