33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეისყიდიან
დევნილთა და განსახლების სამინისტრო 33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის, 20 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის.
ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
დევნილთა და გასახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის სულ 1786-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიმართა. განაცხადები, საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი მაღალმთიანი აჭარიდან და ზემო სვანეთიდან შემოვიდა.
"სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის" გადაწყვეტილებით, უმაღლესი ქულის მქონე 76 ოჯახის საცხოვრებელი პირობების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოხდა სამინისტროში სამუშაო ჯგუფების შექმნა.
მონიტორინგის ჯგუფებმა სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილზე შეისწავლეს. აღნიშნული ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, კომისიამ ის 33 ოჯახი შეარჩია, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ განსახლებას. ეკომიგრანტ ოჯახებს მიეცათ 20-დღიანი ვადა, რათა წარმოადგინონ მათ მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლების დოკუმენტაცია შემდგომი შესყდივის მიზნით.
"სამინისტროში არსებულმა კომისიამ ინტენსიურად იმუშავა ეკომიგრანტების განაცხადებზე, ასევე განხორციელდა მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მონიტორინგის ჯგუფებმა უშუალოდ შეამოწმეს განაცხადში მითითებული ინფორმაცია.
მონიტორინგის ჯგუფში ჩართულები იყვნენ გეოლოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რის შედეგადაც მონაცემებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა და მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 33 ოჯახზე, რომლებიც წლევალდენილი ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან 20 000-ლარამდე. მათ შეეძლებათ მოიძიონ სახლები, რომლებიც შესყიდვის შემდგომ დაუკანონდებათ. რაც შეეხება პროცესს, პროცესი იყო გამჭვირვალე, ვინაიდან კომისიის შემადგენლობაში, გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა შედიან სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ვფიქრობ, დადებითად უნდა შევაფასოთ ეს პროცესი, ვინაიდან სამკაოდ ყურადღებით მოვეკიდეთ თითოეულ განაცხადს და ამ ეტაპზე რესურსების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ყველა იმ ოჯახზე, რომელიც პირველ რიგში საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.