გაიშლება თუ არა კარვები კანცელარიასთან და დაიწყება თუ არა უვადო შიმშილობა?

გაიშლება თუ არა კარვები კანცელარიასთან და დაიწყება თუ არა უვადო შიმშილობა?

   დღეს მთავრობის კანცელარიასთან, საპენსიო რეფორმის მოთხოვნით (მათ შორის პენსიის გაზრდა საარსებო მინიმუმამდე 2015 წლის ბიუჯეტით) პენსიონერთა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა აქცია გაიმარა.
   ვალერი ოზმანოვი ("უსინათლოთა უფლებათა დაცვის ასოციაციის წევრი")-როგორც ნოდარ ხადური და გია კაკაჩია აცხადებენ, არც 2015 წელს და არც 2016-ში პენსიების ზრდა მოსალოდნელი არ არის, ეს ინფორმაცია გია კაკაჩიამ ჩემთან პირად საუბარშიც დაადასტურა. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართოთ თხოვნით, შეიტანოს ცვლილება 2015 წლის ბიუჯეტში და ყველა პენსიონერისთვის იყოს პენსიის გაზრდა გათვალისწინებული, რა დაპირებაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლამდე".
   -"უსინათლოთა კავშირი ყურადღებას არ გვაქცევს, კავშირის ხელმძღვანელობა ყველანაირ ფუფუნებაშია, ამიტომ თავად უსინათლოებმა გამოვიჩინეთ ინიციატივა და დღეს კანცელარიასთან შევიკრიბეთ მოთხოვნით-მომავალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს პენსიების მომატება პენსიონერთათვის"-განაცხადა ივერიონთან საუბარში "უსინათლოთა კავშირის უხუცესმა წევრმა" ზოია კოტაევამ. 
   აქციის მონაწილეების თქმით ეს არ არის ერთჯერადი აქცია და მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც კანცელარიასთან გაშლის კარავს და უვადო შიმშილობას გამოაცხადებს. უსინათლოებს და პენსიონრებს მათივე მოთხოვნით "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია შეხვდა, რომელმაც მოისმინა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები და განაცხადა,რომ ეს ადამიანები სამართლიანად გამოხატავენ უკმაყოფილებას.
    -"მომავალ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიების გაზრდა არც ერთი კატეგორიის პენსიონერებისთვის. დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმართონ პრემიერ-მინისტრს, შეიტანეს მის სახელზე კორექტული და გონიერი წერილი და მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანების მოთხოვნები სავსებით სამართლიანია. დაელოდებიან პასუხს, რეაგირებას და თუ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება და 2015 წლიდან ყველა პენსიონერს საარსებო მინიმუმამდე არ გაეზრდება პენსია, "ქართული დასი" იქნება ორგანიზატორი ყველა კატეგორიის პენსიონერთა აქციის. აქ, კანცელარიასთან გაიშლება კარვები და იქნება პერმანენტული ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ უარი თქვას საკუთარ კომფორტებზე, ჯიპებზე, გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე, რითაც გამოირჩევიან "ქართული ოცნების" ლიდერები და დაიწყოს დაფინანსება სოციალური პროექტების. პირველ რიგში კი გატარდეს საპენსიო რეფორმა, რომელიც გულისხმობს პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას და შემდგომში პენსიის დიფერენციაციას"-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: