დავით დარჩიაშვილი: ივანიშვილის მცდელობა, აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობა, განწირულია!

დავით დარჩიაშვილი: ივანიშვილის მცდელობა, აღადგინოს რუსეთთან ურთიერთობა, განწირულია!

საქართველოს წინა ხელისუფლებასაც ქონდა სურვილი, რომ რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები აღედგინა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან საქართველოს წინა ხელისუფლებას არასოდეს უთქვამს უარი ეროვნული ინტერესებზე.


ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა "ივერიონთან" განაცხადა. "კარგი იქნებოდა გუშინ რუსეთთან ურთიერთობებში წარმომადგენლის წარდგენის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს ის პრობლემები გაეხსენებინა, რაც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში აქვს. რუსეთის მიერ  საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირება, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და იქ საელჩოების გახსნა – ეს პრობლემები არ გამქრალა, ისევ არსებობს. ამ პრობლემებს მოსდევს ყველა სხვა დანარჩენი და სანამ ესენი არ მოგვარდება, მანამ ნებისმიერი ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია", - აცხადებს დარჩიაშვილი.


მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობა არის სისტემური და არა წინა ხელისუფლების პრობლემა. "რუსეთს ყოველთვის ჰქონდა მკაცრი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დამოუკიდებლად განსაზღვრავდა საგარეო პოლიტიკას, ასე იყო ზვიად გამსახურდიას დროს, ასე იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც და ასე იქნება ივანიშვილის შემთხვევაშიც, თუ რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება უარს არ იტყვის აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე", _ განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.


დეპუტატი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა სურვილი რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები აღედგინა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლებას არასოდეს უთქვამს უარი ეროვნული ინტერესებზე. "როგორც ქალბატონი ფანჯიკიძე აცხადებს, არც ივანიშვილის ხელისუფლება იტყვის ამ ინტერესებზე უარს, ასე რომ ეს მცდელობა, აღდგეს ურთერთობა რუსეთთან, შეიძლება ითქვას, განწირულია!" _ ამბობს დარჩიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: