წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა

წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა

   დღეს, 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება. იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა. ამას თვით იესო ქრისტე აღნიშნავდა. წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მეფე ჰეროდემ მოჰკვეთა.

   უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა იროდ ანტიპამ (ჰეროდემ) იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან იოანე მას ამხელდა უსჯულოებაში: ჰეროდემ მიატოვა მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი - ჰეროდიადა შეირთო.

   ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, ჰეროდემ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა ჰეროდეს. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰეროდე დიდად დამწუხრდა, ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც ძალიან უყვარდა იოანე, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.

   უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე: არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.

   იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება.

   წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხულობენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: