კობა ნარჩემაშვილი:-""ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზეც წავა"
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ "კრიმინალის თემა ხელოვნურად აქტუალიზებული და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია". ნარჩემაშვილი პრობლემის გადაჭრის მისეულ ხედვაზეც ამახვილებს ყურადღებას.
-"კრიმინალის თემა ხელოვნურად აქტუალიზებული და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. მე, პირადად, აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს და ამ ყველაფერში 99% კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იქნება ნაგულისხმევი, რათა მათ საზოგადოებრივი აზრი მიმართონ იქით, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის ცუდად, ყველაფერი არის მძიმედ. მათ უჭირთ იმის გააზრება, რომ დათმეს ხელისუფლება. ისინი ყველაფერზე წავლენ, რომ მაქსიმალურად მალე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ვისურვებდი, რომ მინისტრის განცხადებაზე მტკიცებულებები ვიხილო და ეს მტკიცებულებები გარდაიქმნას სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც შესაბამისად გაგრძელდება.
2009 წლიდან 2012 წლამდე სამართალდამცავი სისტემა ტოტალიტარული, ერთი ადამიანის ახირებებზე იყო აწყობილი. ამ სისტემამ ასეთი ცენტრალიზებული სახით, როგორიც დღეს გვაქვს, აბსოლუტურად დაკარგა მოქნილობა და არის სრულიად გამოუსადეგარი. საჭიროა, ამ სისტემის სრულიად ტრანსფორმირება. დღეს გაერთიანებულია უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოები. შს სამინისტროს საქმიანობაში ორი ძირითადი კომპონენტია – დანაშაულის პროფილაქტიკა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მეორე – ეს არის გამოძიება. გამოძიება კრიმინალთან ბრძოლის ძირითადი ასპექტია, მაშინ, როდესაც სპეცსამსახურების საქმიანობაში, რომელიც დაზვერვის ან კონტრდაზვერვის საქმიანობას ახორციელებს, გამოძიება ხარვეზიც კია. ამიტომ, არსებული ნიშნით ეს სრულიად ხელოვნური გაერთიანება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე შეიძლება 5 ახალი უწყებაც კი აღმოცენდეს",- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა "კვირას" პრეს-კლუბში.