ბატონო ბიძინა: გამაგებინეთ, ეს სახელმწიფოა თუ კოლმეურნეობის კანტორა?!
საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ, რომელიც „კვირის პალიტრას“ მისცა და რომელშიც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ უთანხმოებაზე და მარგველაშვილის „კონკურენციაზე “ საუბრობს.
ივანიშვილის კომენტარი საინტერესოა იმითაც, რომ იგი იძულებული ხდება გააკეთოს რეაგირება მის მიერ საზოგადოებისთვის შემოტენილი პრეზიდენტის „ცუდ საქციელზე“, რომელსაც უმადურობასთან ერთად ღალატის ბეჭედიც აზის!
ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ გაეროს სამიტზე პრემიერის წასვლაა აუცილებელი, რადგან, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ამას ითვალისწინებს! თანაც, მისი აზრით „ორი დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში ლამაზი არ იქნება!“
ღმერთო, დიდებული, რაღა ყველაფერი უცნაური საქართველოში უნდა ხდებოდეს?! რა შუაშია აქ „სილამაზე“?! მე ნაკლებად მაინტერესებს, რას იფიქრებენ ამაზე ამერიკელები და დანარჩენი მსოფლიო - ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რატომ ხდება ასეთი მარაზმი ჩემს ქვეყანაში და როდემდე უნდა ვუყუროთ ამ უნიჭოდ დადგმულ შოუს, რომელსაც ბოლო არადა არ უჩანს?!
ჯერ ერთი, თუ გაეროს სამიტზე სახელმწიფოს მეთაურები იკრიბებიან, მაშინ საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია, ხოლო, თუ მთავრობის მეთაურები, კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს! მეორეც, როდემდე უნდა გაგრძელდეც პინგ-პონგის თამაში ხელისუფლებაში, რომელსაც აშკარად ცუდი სუნი ასდის და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული?
თუ მარგველაშილმა „პატრონის“ იმედები არ გაამართლა, ასეთი მეთოდებით კი არ უნდა ვეცადოთ მის განეიტრალებას - ან კონსტიტუციაში უნდა შევიდეს სათანადო ცვლილებები და ბოლომდე დავასუსტოთ მისი ფუნქცია, რომ არსებითი მანევრირების საშუალება არ ჰქონდეს, ან ხელოვნურად მივიყვანოთ პროცესები პოლიტიკურ კრიზისამდე და დავნიშნოთ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ეს არა მარტო მარგველაშვილის პრობლემას მოხსნის, არამედ, თავის ადგილს მიუჩენს ხელოვნურად შეკოწიწებულ კოალიციასაც, რომლის გარკვეული სუბიექტები რაღაცის მოლოდინში არიან და რომლის იმედი „ნაციონალებთან“ ერთად აქვს გიორგი მარგველაშვილსაც!..
ახლა ისევ ივანიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტს მივუბრუნდეთ. იგი რიტორიკულად სვამს კითხვას: „სად არის მედია, სად არის ჟურნალისტიკა, სად არიან ექსპერტები, სადაა კითხვები?“
ბატონო ბიძინა, ქართული მედია ინტრიგების ხლართვითაა დაკავებული (თუმცა, არიან გამონაკლისებიც), ქართველი ჟურნალისტები გროშებზე იყიდებიან, რაც შეეხება ქართველ ექსპერტებს, არ ვიცი, ეს ტიტული მათ ვინ დააბრალა - ისინი პოლიტიკური კონიუნქტურშიკები უფრო არიან, ვიდრე, ექსპერტები და ქამელიონივით იცვლიან პოზიციებს იმისდა მიხედვით, თუ საიდან რა ხეირს ელოდებიან. მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, გამადიდებელი შუშის გარეშეც ჩანს ყველაფერი.
რა ჩვენი ბრალია, თუ თქვენი ფავორიტი თქვენს წინაშე დადებულ პირობას არ ასრულებს და ჯიუტად ცდილობს- იყოს „კონკურენციაში“?!
რაც შეეხება კითხვებს, მე, როგორც ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ასეთ კითხვას დაგისვამთ:
რატომ ხდება, რომ თქვენს მიერ ხელისუფლებაში მოყვანილმა და თქვენს მიერვე რამდენიმე წლის მანძილზე დაფინანსებულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ გაგიცრუათ იმედები და ახლა თქვენს მიერ ქებული და ძალით შემოტენილი მარგველაშვილიც რომ გაგიხტათ მოკუნტრუშე კვიცივით?!
გამაგებინეთ, ეს სახელმწიფოა, თუ კოლმეურნეობის კანტორა, სადაც ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა და მხოლოდ სოცდღეები უნდა გამოემუშავებინა?!
ზაურ ნაჭყებია