გიორგი ტიგინაშვილი:-"შემთხვევითი არ არის, რომ ამქვეყნიურ ეკლესიას – ,,მებრძოლი ეკლესია" ეწოდება"

გიორგი ტიგინაშვილი:-"შემთხვევითი არ არის, რომ ამქვეყნიურ ეკლესიას – ,,მებრძოლი ეკლესია" ეწოდება"

   ეკლესიის მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებზე "ივერიონს" ახალგაზრდა მწერალი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) ესაუბრა:

 

   -რა გამოწვევების წინაშე იმყოფება დღევანდელი ეკლესია და რამდენად სახიფათოა თანამედროვე წინააღმდეგობები ადამიანისათვის?

   -ყოველი ეპოქა თუ ისტორიული ჟამთა-სვლა, მუდმივად სხვადასხვა წინააღმდეგობებსა და ჭიდილში მოდის ეკლესიასთან, რაც სრულიად ბუნებრივ და კანონზომიერ რეალობად ჯერ კიდევ მას შემდეგ ჩაისახა, როცა კი პირველქმნილი ცოდვის აქტმა მანამდე არსებული უჭირველი ჰარმონია დაარღვია და წუთისოფლის სული  ღვთაებრივ მოწოდებასთან დააპირისპირა. როგორც გამოჩენილი რუსი კლასიკოსი თ. დოსტოევსკი იტყოდა: "სატანა ღმერთს ებრძვის, ხოლო ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებიაო", სწორედ ეს იდუმალი პროცესი მოქმედებს ჩვენს სამყაროში. ამ ომში კი, უფლისათვის თითოეული ჩვენგანი უმნიშვნელოვანესია, რამეთუ ყოველი ადამიანი არის ნაწილი ქრისტეს სხეულისა: "მე ვარ ვენახი, და თქუენ რტონი".  პირობითად და მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, დედამიწა მდებარეობს სამოთხესა და ჯოჯხოეთს შორის, სწორედ ამიტომ აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ხდება საუკუნო ხვედრის განსაზღვრა. ყველაფერს კი განაპირობებს ის, თუ საით წარიმართება ადამიანის თავისუფალი ნება და პიროვნული არჩევანი – სიკეთისაკენ თუ ბოროტებისაკენ. აქედან გამომდინარე, ცხონებისაკენ და წარწყმედისაკენ მიმავალი ბილიკი ჩვენს შინაგანში იწყება. ღრმა გააზრებით, რომ ვთქვათ, ჯოჯოხეთი – ეს არის სულის აშლილობა, სიბორგილე და აღძრულობა, ხოლო სამოთხე – გულისხმობს დაცხრომას, დამშვიდებას, რაც პირადი "მეს" უარყოფით მიიღწევა. ეს არის პროცესი და არა ერთჯერადი აქტი, თუნდაც ნათლიღებით აღსრულებული.

      ამჟამად, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მორწმუნე ადამიანმა იფიქროს უმთავრეს პრობლემებსა თუ ამოცანებზე და დაუსვას საკუთარ თავს მეტად საჭირო და ფილოსოფიური კითხვები. მაგ.: რას ნიშნავს ვიყოთ მართლმადიდებლები მოცემულ სინამდვილეში, რომლის დამახასიათებელი თვისებებიცაა: უმაღლეს დონეზე განვითარებული ტექნოლოგია, ეკონომიკის პრიორიტეტები, ეგოცენტრიზმი, მატერიალიზმი, სხეულებრივი განცხრომა და ყველაფრისადმი მომხმარებლური ისტერია. 

     სადღეისოდ, ჩვენი ყოველდღიურობა ფსევდო–ლიბერალთა ამპარტავნული კულტურის ჩარჩოებში შემუშავებული შეგონებების ფონზე მიმდინარეობს. ამავე დროს ვცდილობთ, რომ ეკლესიურად, ზნეობრივად და გარეგნული სახით ქრისტიანულად ვიცხოვროთ, რასაც თუ დავუკვირდებით, ხშირ შემთხვევაში შიზოფრენიული და უტოპიური ხასიათის მატარებელია, რადგან გვსურს, რომ მართლმადიდებლურად ვემსახუროთ ღმერთს, მაშინ როდესაც პროტესტანტულად და უკადრისად ვცხოვრობთ. ამას დავუმატოთ სამრევლო ცხოვრებაში გამჯდარი – ესქატოლოგიური შტამპებისა და იდეოლოგიზირებული კლიშეების დამკვიდრება, რასაც სულიერ დეგრადაციამდე მივყავართ. გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ თეოლოგიურ საკითხებში ცდომილი ადამიანი, რომელიც აფექტურად არის დამოკიდებული საკუთარ წიკებზე, ძნელად აღიარებს თავის შეცდომას, თუნდაც უამრავი არგუმენტი და მტკიცებულება მოუყვანონ მისი აზრების გასაბათილებლად. განსაკუთრებით შეუვალნი – გაუნათლებელნი არიან, რომელნიც არ არიან მიჩვეულნი აზროვნებასა და განსჯას და შესაბამისად არც სხვათა შეხედულების პატივისცემას. ამ დუალისტური ფორიაქისაგან მაშინ გავთავისუფლდებით, თუკი გავიაზრებთ, რომ ეკლესია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი – დინამიურია, რომელიც განუწყვეტლივ ანახლებს არსებობისა და ადამიანური ურთიერთობების გზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელთ დაგვრჩება არა ცოცხალი რწმენა, არამედ მარტოოდენ მორალური იდეოლოგია და რომანტიულ-ზნეობრივი ნორმა, რომელიც მოკლებულია მარადისობას. 

     შემთხვევითი არ არის, რომ ამქვეყნიურ ეკლესიას – ,,მებრძოლი ეკლესია" ეწოდება. ამიტომაც, იგი არასდროს უშინდებოდა აგრესიულ გამოწვევებს და არც ახლა დაფრთხება არანაირი დაბრკოლების სარბიელზე, მეტიც, დევნა-შევიწროვება მისთვის ჩვეულებრივი და ამავე დროს წარმატებისათვის საჭირო იმპულსი გახლავთ. საბოლოო ჯამში არათუ კაცობრივი დემონიზმი და ადამიანთა სასტიკი ფანტაზიები, არამედ ბნელ ძალთა მთელი ბჭეც კი უძლურია მასთან ჭიდილში, რამეთუ მაცხოვარმა დაამოწმა იგი თავისი სიტყვით, სისხლით გამოისყიდა და უძლეველობა აღუთქვა.

     ზოგადად კი საზოგადოებაში არსებულ ნებისმიერ პრობლემათა დაძლევის გზაზე ეკლესია ისეთივე უძლური უნდა იყოს, როგორც ღმერთი, როგორც სინდისი, რომელიც ურჩევს, სთხოვს, მაგრამ არ ძალადობს ადამიანზე, იცავს მის პიროვნულ თავისუფლებას. პირადი მაგალითის, სიტყვიერი ქადაგებისა და ზნეობრივი ავტორიტეტის გარდა, მას სხვა გავლენის ბერკეტები არა აქვს ღვთისაგან ბოძებული.

     ჩემი აზრით, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, კარგი იქნება პრობლემათა დანახვასა და მის აღმოფხვრას უპირველესად შიგნით თუ შევეცდებით, რის შემდეგაც უფრო თამამად დავიწყებდით უკეთურების გარეთ ძებნასა და დაძლევას. უმთავრესად კი უსიყვარულობის სინდრომი უნდა აღმოიფხვრას, იმისათვის რათა არ დაგვრჩეს გულში ღვარძლის ადგილი და არ დავჩიავდეთ პირუტყვობამდე. მახსენდება სერბეთის აწ განსვენებული პატრიარქი პავლე, რომელიც ამბობდა: 

"შეუძლებელია დედამიწა ვაქციოთ სამოთხედ, მაგრამ ხელი უნდა შევუშალოდ მას იქცეს ჯოჯოხეთად".

     -რა განსხვავებაა ეკლესიის ეკუმენურობასა (მსოფლიოობას, საყოველთაოობას) და გლობალიზაციას შორის?

     -მინდა გითხრათ, რომ სხვაობა არსებითია. ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიური სხეული, განთესილია და მსხემობს მთელს სამყაროში. მას წევრებად ჰყავს განსხვავებული ეროვნების, რასის,  წოდებისა და სხვადასხვა ენის მქონე ხალხი. მაგრამ, მიუხედავად არსებული გარეგნული განსხვავებისა, მაინც ერთ მთლიანობას წარმოადგენენ მადლისმიერ და ისინი ეკლესიის სრულუფლებიანი  წევრები არიან. ღმერთს ვუყვარვართ არა კოლექტიურად, არამედ პერსონალურად. ყოველი ჩვენგანი განუმეორებელი და შეუცვლელია, როგორც უნიკალური ეგზემპლარი კრებულში. სწორედ ამაში მდგომარეობს ეკლესიის ეკუმენურობის ნამდვილი არსი, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება გლობალისტური იდეისაგან. რამეთუ გლობალიზაცია, როდესაც ის კულტურულ სფეროს ეხება, ხალხთა ტრადიციების გათანაბრებას და თვითმყოფადი იდენტობის გაქრობას ითვალისწინებს და სურს, რომ დაამკვიდროს ერთად-ერთი ტრადიცია, ანუ უნივერსალური დომინანტი, რომელიც ახალი წესრიგის მეშვეობით შთანთქავს და დაატყვევებს ყველა სუბიექტს. ეკლესიის საყოველთაოობა კი მზრუნველობით იცავს ნებისმიერი ადამიანის ინდივიდუალობას, ჭეშმარიტი რწმენის, სიყვარულისა და სულიერი (ევქარისტიული, ლოცვითი) ერთიანობის მეშვეობით. იგი ღებულობს და იწყნარებს ყოველ ადამიანს, რომელიც მისკენ სინანულით გამოეშურება, მიუხედავად იმისა თუ რა მდგომარეობისა და როგორი წარსულისაა ის.  

     რაც შეეხება განსხვავებულთა შეკავშირებას, ნიშანდობლივია, რომ გენიალური ქართველი პოეტი – შოთა რუსთაველი სწორედაც, რომ (ჯანსაღი გაგებით) მულტიკულტურალიზმსა და მრავალფეროვნებაში ხედავდა სამყაროს მშვენიერებას:

 

"რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა."

 

     თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს საზოგადოების გარკვეულ წრეებში მოპარპაშე მავანის ვერაგული შეფასება, როცა ის, ზოგჯერ, იქამდეც კი ეცემა, რომ ეს აფორიზმი აბსოლუტურად დაამახინჯოს და ლიბერტარიანული ინტერპრეტაციით, გარყვნილებისა და სხვადასხვა სექსუალური პერვერსიების ლეგიტიმაციისათვის გამოიყენოს, რაც თავისთავად, იმთავითვე დემაგოგიურ და მკრეხელურ განმარტებას წარმოადგენს.

    -რას ნიშნავს სახელმწიფო, როგორი უნდა იყოს ეკლესიისა და მისი ურთიერთ–მიმართება და რა როლი აკისრიათ მათ საზოგადოების წინაშე?

    -სახელმწიფო – ეს არის ღვთივდაწესებული ინსტიტუტი – ,,არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან". მოგეხსენებათ, რომ ადამიანთა საზოგადოების თავდაპირველ უჯრედს წარმოადგენს ოჯახი, რომელსაც ისტორიული განვითარების შედეგად, ღვთის განგებულება მართავს. სწორედ, საზოგადოებრივი კავშირების გართულებამ და კონფლიქტებმა განაპირობა სახელმწიფოს ფენომენის წარმოშობაც. მაცხოვარი მოგვიწოდებს, რომ ქრისტიანებმა აუცილებელი პატივი უნდა მივაგოთ ხელისუფალთ და არ ვიყოთ ასოციალურნი – "მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა" (მთ. 22,21). თუმცა ხელწმფისადმი მორჩილება მთავრდება იქ, როცა ის არ კმაყოფილდება ,,კეისრისადმი" მოქალაქეობრივი დამოკიდებულებით და ითხოვს ,,ღმრთისასაც". როდესაც სახელმწიფო დაუპირისპირდება ეკლესიის კანონებს, როდესაც ეკლესია და მისი წევრები ღვთის ნების საწინააღმდეგო სახელმწიფო კანონს წააწყდებიან, სადაც ირღვევა ზნეობრივი კანონები, სადაც სულს საფრთხე ემუქრება, ამ შემთხვევაში ყველას მართებს უპირატესად მორჩილება უფლისა: "მორჩილება ჯერ-არს ღმრთისა უფროს, ვიდრე კაცთა".

    აღსანიშნავია, რომ ოდითგანვე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ძალთა სიმფონიის მიღწევა ორ მმართველობით სუბიექტს შორის. თუმცა ბიზანტიის იმპერიაში, სხვადასხვა დროს გვხვდება ჰარმონიის ჩამოყალიბების გარკვეული შემთხვევები (ე.წ."ეპანაგოგა"), მაგრამ მაინც არასრულფასოვანი.

    საგულისხმოა, რომ სახელმწიფოს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი კომპეტენცია, არ უნდა აცხადებდეს იმაზე პრეტენზიას, გამოთქვას ავტორიტეტული აზრი სარწმუნოების საკითხებსა და ღვთის თაყვანისცემის ფორმებზე. ამასთან, არც ეკლესიის ფუნქცია არ არის იმსჯელოს სახელმწიფოს მოწყობის პოლიტიკურ ფორმებზე. თუმცა ეკლესიის გადაუდებელი ვალია, რომ აღასრულოს ადამიანთა გადარჩენის საქმე ნებისმიერ პირობებში, თუნდაც დევნისას და ექსტრემალურ ვითარებაში. თავის მხრივ სრულიად განსხვავებული და ამავე დროს საკმაოდ ერთნაირი გარემოებები აკავშირებს ეკლესიასა და სახელმწიფოს. განსხვავება ის გახლავთ რომ, ეკლესია ადამიანის სულიერ სამყაროს აწესრიგებს, ხოლო სახელმწიფო მის გარეგნულ კეთილმოწყობაზე ზრუნავს. ისე, უნებლიედ მახსენდება აბრაამ ლინკოლნის შესანიშნავი გამონათქვამი: ,,ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული." 

     მოკლედ, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო არის ერთობა თავისუფალი მოქალაქეებისა, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით იცავენ მორალურ კანონებს. სახელმწიფო მოვალეა შექმნას ცხოვრებისათვის კარგი პირობები, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები: საკუთრება, სიტყვა, სიცოცხლე და აღკვეთოს ძალადობა და აგრესია საზოგადოებაში. ამ ამოცანის განსახორციელებლად ესაჭიროება მას ჯარი, პოლიცია, სხვადასხვა იურიდიული თუ სოციალური სტრუქტურები და ა.შ. სწორედ ამ ინტერესების ერთობაა სახელმწიფო.

     ჩვენს ქართულ სინამდვილეზე თუ ვიტყვით, წმ. ილია მართალმა ზუსტად განსაზღვრა სამი ღვთაებრივი საუნჯე, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს: მამული, ენა, სარწმუნოება. ყოველგვარი პოლიტიკა ღრმა ეროვნულ ფესვებს უნდა ეყრდნობოდეს. ეროვნული იდეოლოგია ზოგს ანტიკონსტიტუციური ჰგონია. მაშინ რა არის კონსტიტუცია და ვისთვის არის დაწერილი? იგი არ შეიძლება იყოს ინეტრნაციონალური. ის დაფუძნებულია ამა თუ იმ ხალხის თვითშეგნებაზე, მის კულტურაზე, აწმყოსა და მომავალზე. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის როგორც მოქალაქეობრივი, ისე ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული პრინციპები. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ მთელს მსოფლიოში ერთი სტანდარტული ე.წ. "ინტერნაციონალური" კონსიტიტუცია იქნებოდა.

      ჩემი აზრით ეროვნულ საზოგადოებასა და ხელისუფლებაში უნდა მოვიაზროთ არა ეთნო-ნაციონალისტური ზრახვებით შეპყრობილი იდეები, არამედ ჭეშმარიტად პატრიოტული, ანუ ეროვნულ-სახემწიფოებრივი ინტერესების განმახორციელებელი და არა რომელიმე კოლონიზატორის დაკვეთის აღმასრულებელი ძალები. სიტყვა "ეროვნულში" უნდა იგულისხმებოდეს საკუთარი სამშობლოს ერთგული და უღალატო, რომელიც ადგილობრივ მკვიდრ ფასეულობებსა და ტრადიციებს ითვალისწინებს. ასე იქცევა ყველა ცივილური სახელმწიფო, რომელსაც ეროვნება გააჩნია და ჩვენ რატომ უნდა გვესირცხვებოდეს ამის ხმამაღლა წარმოთქმა? ეს სულაც არ ნიშნავს ულტრაკონსერვატიზმს, ეს უბრალოდ ზნეობრივი ადამიანის მოვალეობაა, რომ საკუთარ მოხუც დედას უფრო მეტი პატივი სცეს ვიდრე მეზობლისას (კონტექსტს მიმიხვდით ალბათ).

   -რას ურჩევდით და რას უსურვებდით თანამედროვე ადამიანებს?

   -პირველ რიგში ვურჩევდი და ვუსურვებდი, რომ არ დაკარგონ შიში ღმრთისა, იქონიონ გაუტეხელი იმედი, მეტი დრო დაუთმონ სიცოცხლის საზრისზე ფიქრს, არ დასნებოვდნენ ვერცხლისმოყვარეობით, იცხოვრონ სადად და მოკრძალებულად, არასოდეს დაივიწყონ ბავშვები და მოხუცები, ახედონ ზეცას და გახედონ ჰორიზონს და ამგვარად იტვირთონ ჯვარი, მიეკედლონ მადლიერების სურვილით გაჟღენთილ ლოცვას, ხილული და უხილავი სამყაროს შემეცნებას და ელტვოდენ სიყვარულს, რომელსაც საოცრებების მოხდენა შეუძლია. მხოლოდ ამ გრძნობით ხორციელდება საერთო–საზოგადო სიკეთე და მისი მეშვეობითვე განიცდება სიხარული. ბედნიერება სიმდაბლის მოხვეჭასა და უფალთან თანაზიარებაშია. სხვა ყველაფერი ამაო და წარმავალია. ადამიანი უნდა სვამდეს მუდმივ კითხვებს საკუთარ თავთან და აუცილებელია იყოს მაძიებელი. უნდა ჩაუღრმავდეს ცხოვრების დანიშნულებას და გაიაზროს პირდი მისია. აგრეთვე მინდა ყველას მოვუწოდო ძმური სითბოთი, რომ სხვისი ცხოვრების განქიქების ნაცვლად, საკუთარი ცოდვების გლოვა დაიწყონ და თავისი წილი ჯვარი ღირსეულად ზიდონ არა მოყვასის დამცირების ხარჯზე გადაფარული თვითსიბრმავით, არამედ სიბრძნითა და სხვაში დადებითის ძიებით. თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ და ვცხონდეთ, ორი სიტყვა უნდა შევითვისოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ესენია: მიყვარხარ და მაპატიე! ვფირობ, რომ ამ ორი იალქნით მომართულნი, სულიწმინდისეული წყალობის ნიავით წარვემატებით და მივალთ ჩვენს სანუკვარ ქრისტემდე, რომელთან შეხვედრასაც აგერ უკვე რა ხანია უძები შვილებივით განძარცვულნი ველით. ამინ!

 

ქეთი მიქაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: